74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმებისთვის

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმებისთვის

საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) ასევე, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულება ენერგეტიკულ სექტორში ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. 

ფინანსური რესურსის ჯამური თანხა 74 მილიონი ევროა (KfW-49 მლნ ევრო და AFD-25 მლნ ევრო) და გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების, მათ შორის, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით. 

ფინანსური რესურსის გამოყოფა ხდება საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში. 

აღნიშნული დეკლარაცია გულისხმობს, რომ რეკონსტრუქციის განვითარების საკრედიტო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს და ითანამშრომლონ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში ოთხწლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში. 

ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად, ასევე, დაგეგმილია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან (NIP) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზეა 52 ელექტროსადგურის პროექტი, რომლის სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 1,562 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 2,7 მლრდ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, კვლევის ეტაპზეა 109 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 3860 მგვტ-ია, ხოლო ჯამური სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება თითქმის 6 მლრდ დოლარს აჭარბებს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე იმყოფება: 19 ქარის მემორანდუმი (დადგმული სიმძლავრე − 1219 მგვტ, ინვესტიცია − 1,9 მლრდ აშშ დოლარი) და მზის 15 ობიექტი (დადგმული სიმძლავრე − 543 მგვტ, ინვესტიცია − 539 მლნ აშშ დოლარი).