ამერიკული კოსმეტიკური კომპანია Coty Inc.-ი აცხადებს, რომ იგი შეიძენს 51%-ან წილს, კაილი ჯენერის კუთვნილ კომპანიაში – Kylie Cosmetics & Kylie Skin. Coty Inc.-ი კაილი ჯენერს 600 მილიონ დოლარს გადაუხდის.
აღნიშნული გარიგება სავარაუდოდ 2020 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. გარიგების შემდეგ, ჯენერი 49%-ან წილს შეინარჩუნებს Kylie Cosmetics-ში და დარჩება კრეატიული მიმართულების მმართველად, კერძოდ მარკეტინგული ინიციატივების კუთხით, რადგან იგი სოციალურ მედიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას 270 მილიონი მიმდევარი ჰყავს სხვადასხვა პლატფორმების მასშტაბით.
Coty Inc.-ი Covergirl and Sally Hansen-ის დედა კომპანიაა, რომელიც აპირებს უფრო ახალგაზრდულ ხაზზე გასვლას აღნიშნული გარიგებით. კომპანია Kylie Cosmetics-ი მისი მფლობელივით საოცრად პოპულარულია სოციალურ მედიაში, კერძოდ ინსტაგრამზე. Coty Inc.-ი ფიქრობს, რომ სოციალურ მედიაშიც გაიმყარებს პოზიციებს, კაილისთან თანამშომლობით.
აღსანიშნავია, რომ კაილი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. მან 18 წლის ასაკში დაარსა კომესტიკური კომპანია და მსოფლიოს შესთავაზა 29 დოლარად ღირებული ტუჩსაცხი და ლაინერი, რამაც ძალიან მალე საოცარი პოპულარობა მოიპოვა. ეს დიდ წილად კაილის სწორად დაგეგმილი სარეკალამო კამპანიის შედეგია.