"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საქართველო საკუთრების დაცვის განახლებულ რეიტინგში
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 67-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
საკუთრების დაცვის რეიტინგი საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის (International Property Rights Index) მიხედვით დგება, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) აქვეყნებს. ინდექსი 2007 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. ბოლო, 2021 წლის, რეიტინგი 129 ქვეყანას მოიცავს.
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
აღნიშნული სამი ძირითადი კომპონენტი ქვეკომპონენტებად იყოფა. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და კორუფციის კონტროლს მოიცავს. ფიზიკური საკუთრების დაცვა უშუალოდ საკუთრების დაცულობის დონეს, ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობებს და სესხის ხელმისაწვდომობას მოიცავს. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საავტორო უფლებებსა და პატენტების დაცვას მოიცავს.
ქვეყნების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის წყარო სხვადასხვა ინდექსი (მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ბიზნესის კეთების ინდექსი) და მსოფლიო ბანკის მონაცემები და ანგარიშებია.
საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება.
საქართველო საკუთრების დაცვის ინდექსში
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის მიხედვით, რომელიც 2021 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველო 129 ქვეყნიდან 67-ე ადგილზეა 5.327 ქულით. 2021 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო 73-ე ადგილზე იყო 5.24 ქულით. საქართველოს ქულა 0.9-ით გაიზარდა და რეიტინგში 6 ადგილით ზემოთ გადაინაცვლა. საქართველოს ქულის გაუმჯობესება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომპონენტის ქულის ზრდამ განაპირობა, რომელიც 3.27-დან 3.88-მდე გაიზარდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სავაჭრო ნიშნის დაცვა გაუმჯობესდა.
გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველოს ყველაზე ცუდი მდგომარეობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით აქვს – 3.89 ქულა და ამ კომპონენტით 129 ქვეყანას შორის 112-ე ადგილზეა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქვეკომპონენტში, საავტორო უფლებების დაცვაში საქართველოს 10-დან 1.9 ქულა აქვს.
ფიზიკური საკუთრების დაცვის მხრივ საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, 6.95 ქულა აქვს და 129 ქვეყნას შორის 47-ე ადგილზეა. ასეთი მაღალი ქულა განპირობებულია იმით, რომ ქონების რეგისტრაციის სიმარტივეში საქართველოს მაქსიმალური – 10 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. სესხის ხელმისაწვდომობაში 4.6 ქულა აქვს და 79-ე ადგილზეა. სესხის ხელმისაწვდომობა საკუთრების დაცვის პირობად ითვლება, რადგან თუ მესაკუთრეს ფინანსური პრობლემები აქვს და სესხის აღება უჭირს, ქონების გაყიდვა მოუწევს.
ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს 5.16 ქულა აქვს და 56-ე ადგილს იკავებს. სასამართლოს დამოუკიდებლობაში საქართველოს 4.25 ქულა აქვს და 72-ე ადგილს იკავებს. სასამართლოს დამოუკიდებლობაში იგულისხმება, თუ რამდენად თავისუფალია სასამართლო მთავრობის და ბიზნესჯგუფების გავლენისგან. კანონის უზენაესობა კანონისადმი თანასწორობას, კრიმინალის დონეს, პოლიციის მუშაობის ხარისხს და სხვა მსგავს საკითხებს მოიცავს, სადაც საქართველოს 5.6 ქულა აქვს და 50-ე ადგილზეა. პოლიტიკურ სტაბილურობაში საქართველოს 4.4 ქულა აქვს და 86-ე ადგილზეა. კორუფციის კონტროლში 6.3 ქულით საქართველო 36-ე ადგილზეა.
ბოლო წლებში საქართველოს დადებითი ტენდენცია აქვს. აღნიშნულ ინდექსში საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 3.7 ქულით 119 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლამდე საქართველოს ქულა 4.2-მდე დაიზარდა, მაგრამ მაინც 108-ე ადგილზე დარჩა. 2014 წლის კვლევაში საქართველო არ იყო. 2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა 2020 წელს საქართველოს ქულა 0.01-ით შემცირდა და 3 ადგილით ჩამოქვეითდა, 2021 წელს კი ისევ გაუმჯობესდა.
საქართველოს პოზიცია საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში
ქვეყნები, სადაც საკუთრება ყველაზე კარგადაა დაცული
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს 8.15 ქულით. შემდეგ მოდის სინგაპური, ახალი ზელანდია და ფინეთი. შვეიცარიას ყველაზე მაღალი ქულა – 8.6 – სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში აქვს.
გეოგრაფიული მეზობლებიდან საქართველოს მხოლოდ რუსეთი ჩამორჩება, რომელიც 81-ე ადგილზეა 5.1 ქულით. აზერბაიჯანი 59-ე ადგილზეა 5.5 ქულით, სომხეთი 63-ე ადგილზეა 5.4 ქულით და თურქეთი 66-ე ადგილზეა 5.35 ქულით.
რეიტინგში შემავალ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდად კერძო საკუთრება ჰაიტიშია დაცული. ჰაიტი 129-ე ადგილზეა 2.6 ქულით. შემდეგ მოდიან ვენესუელა, იემენი და ანგოლა.
საკუთრების დაცვის მხრივ ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | შვეიცარია | 8.15 |
2 | სინგაპური | 8.09 |
3 | ახალი ზელანდია | 8.08 |
4 | ფინეთი | 8.08 |
5 | ლუქსემბურგი | 8.01 |
6 | აშშ | 8.00 |
7 | ნიდერლანდები | 7.96 |
8 | ნორვეგია | 7.96 |
9 | დანია | 7.93 |
10 | ავსტრია | 7.95 |
წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის 2021 წლის რეიტინგი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024