Forbes Georgia

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო იმპორტზე დამოკიდებულების განახლებულ  რეიტინგში

საქართველო იმპორტზე დამოკიდებულების განახლებულ  რეიტინგში

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ტრადიციულად, როცა სიტყვა „იმპორტი“ ან „ექსპორტი“ გვესმის, საქონლის იმპორტი ან ექსპორტი იგულისხმება, მაგრამ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში მომსახურების ექსპორტ-იმპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

საქონლის იმპორტი მოიცავს ქვეყნის გარეთ წარმოებული პროდუქციის შემოტანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას ხდება. შედარებით რთული აღსარიცხავია მომსახურების იმპორტი, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, მომსახურებამ საზღვარი გადმოკვეთოს. შეიძლება, საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფებოდეს და იქ მიიღოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების იმპორტად ითვლება.

იმპორტის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო  ორგანიზაცია აქვეყნებს. იმპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული იმპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების მოხმარებას ეკონომიკაში.

თუ ქვეყანა იმპორტზე ძალიან არის დამოკიდებული, მაგრამ ექსპორტიც მაღალი აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია, პირიქით, დღეს ბევრი მდიდარი, განვითარებული ქვეყანა გამოირჩევა იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით. იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება მაშინ არის საფრთხის შემცველი, როდესაც ქვეყანა საგარეო ვალების, განსაკუთრებით, მთავრობის ვალის აღებით აფინანსებს იმპორტის შეძენას.

საქართველო იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულებით  საქართველო 164 ქვეყანას შორის 36-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად იმპორტზე 35 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს 2020 წლის მშპ-ის 57%-ს შეადგენს. 2021 წლის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის. არც 2020 წელი მოიცავს მსოფლიოს ყველა ქვეყანას. 2019 წელს საქართველო 35-ე ადგილს იკავებდა, იმპორტი მშპ-ის მიმართ 64% იყო.

2020 წელს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება კოვიდპანდემიამ  განაპირობა. იმპორტი მეტად შემცირდა, ვიდრე საქართველოს მშპ.

2020 წელს საქართველოს იმპორტში საქონელმა 7.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ – 1.4 მილიარდი დოლარი. 2021 წელს საქონლის იმპორტი 9.3 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო მომსახურება – 1.8 მილიარდამდე. მომსახურების იმპორტში საქართველო ყველაზე მეტს სატრანსპორტო მომსახურებაში იხდის, დაახლოებით მილიარდ დოლარს. საქონლის იმპორტში კი ყველაზე დიდი წილი – 8.9% – მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს (2021 წლის მიხედვით), 8.2% მოდის ნავთობპროდუქტებზე და 7.3% სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე.

 საქართველოს საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის მიმართ 2013-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული იმპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტად იმპორტზე ჰონგ-კონგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. მომდევნო ორ ადგილსაც მდიდარი ქვეყნები, სინგაპური და ლუქსემბურგი იკავებენ. თუმცა ტოპ-10-ში შედარებით ღარიბი ქვეყნებიც ხვდებიან. მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკაში სპეციალიზაციის მაღალი დონით არის გამოწვეული, ანუ იმპორტთან ერთად ექსპორტიც მაღალია. ღარიბ ქვეყნებში კი შიდა წარმოების განუვითარებლობის გამო არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა: სომხეთის საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის 40%-ია, აზერბაიჯანის – 36%, თურქეთის – 32% და რუსეთის – 21%.

2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტზე ყველაზე ნაკლებად კუბა იყო დამოკიდებული – 8%-ით. შემდეგ მოდის აშშ 13%-ით. თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა – ქვეყანა წლიურად 2.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების იმპორტს ახორციელებს, მაგრამ რადგან მისი ეკონომიკა 20 ტრილიონ დოლარამდეა, იმპორტი ეკონომიკის მიმართ დაბალი გამოდის.

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2020 წელი

 

ქვეყანა

მშპ-ის მიმართ, %

1

ჰონგ-კონგი

175

2

ლუქსემბურგი

172

3

სინგაპური

144

4

ჯიბუტი

140

5

მალტა

131

6

ირლანდია

109

7

ლესოტო

105

8

ვიეტნამი

103

9

სეიშელის კუნძულები

100

10

ტიმორ-ლესტე

94

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა