დღეს უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული იურიდიული ფირმები მეტი კლიენტის, რეპუტაციისა და, ბოლოს, მეტი წარმატების მოსახვეჭად უცხოურ იურიდიულ ფირმებთან ან უცხოელ კოლეგებთან შერწყმით იწყებენ ახალ “ცხოვრებას” კონკურენტულ ბაზარზე. შედეგად მოდის საერთაშორისო გამოცდილება, რაც საბოლოო ჯამში გაზრდილ ფინანსურ სარგებლად და საჭირო კონტაქტებად ტრანსფორმირდება. ზემოხსენებულ ტენდენციას საინტერესოდ აუწყო ფეხი აწ უკვე იურიდიულმა ფირმა “კარდინალმა”, რომელიც “ლეგალ დეველოპმენტის” ბაზაზე შეიქმნა.
ორი იურისტის, ერთი ფინანსისტისა და ერთი მარკეტოლოგის კოლაბორაციის შედეგად 2019 წლის იანვარში ქართულ სამართლებრივ ბაზარს კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა – უფრო ფართო საერთაშორისო გამოცდილებითა და კონტაქტებით. კერძოდ, თუ 2015 წლიდან იურისტ ლაშა ცხადაძის მიერ დაფუძნებულ ფირმას მხოლოდ იურიდიული პროფილი ჰქონდა, ახლა “კარდინალი” საქმიანობის სფეროს ფინანსური, საბუღალტრო და ტრენინგების მიმართულებაც დაემატა.
“მოლაპარაკებები ახალ უცხოელ დამფუძნებლებთან 2018 წელს დავიწყეთ და 2019 წელს საინტერესო შერწყმით დავასრულეთ. დაფუძნდა კომპანია “კარდინალი”, რომელიც, ფაქტობრივად, “ლეგალ დეველოპმენტის” რებრენდინგის შედეგია. ჩვენი მომსახურება ახლა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ხორციელდება, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობასა და იურიდიულ პრაქტიკასაც მოიცავს”, – აცხადებს კომპანიის ერთ- ერთი პარტნიორი ლაშა ცხადაძე.
დღეს კომპანია “კარდინალი” როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს იურიდიულ და საფინანსო- საბუღალტრო მომსახურებას სთავაზობს. პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ მომსახურების სპექტრის გაფართოებით მათი სამიზნე ჯგუფიც გაფართოვდა და ამავდროულად მათ იურიდიულ ფირმასთან თანამშრომლობა კლიენტებისთვისაც უფრო მიმზიდველი და ეფექტიანი გახდა. ლაშა ცხადაძის თქმით, მათი დამკვეთები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ სამართლებრივი პრობლემების მიღმა, მათი კომპანიების საქმიანობაში ფინანსური ხარვეზებიც არის, რომელთა გადაჭრის ეფექტიანი გზა “კარდინალის” კვალიფიციური კადრების ჩართულობა გახლავთ. გუნდში 24 მაღალკვალიფიციური იურისტია წარმოდგენილი. ფინანსისტებს რაც შეეხება, პარტნიორების განმარტებით, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას საფინანსო სახელმწიფო უწყებებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება აქვთ.
კიდევ ერთი საინტერესო და მოთხოვნადი ნიში, რაც “კარდინალმა” 2019 წლიდან დაიკავა, არის ტრენინგებისა და კადრების გადამზადების მიმართულება. კერძოდ, კომპანიაში მუშაობს პროფესიონალ იურისტთა და ფინანსიტთა ჯგუფი, რომელიც როგორც კომპანიის მიღმა, ისე კომპანიის შიგნით კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.
დაბოლოს, “კარდინალი” კლიენტებს კერძო არბიტრაჟსაც სთავაზობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის ძირითად პროფილს მაინც სასამართლო პრაქტიკის მიმართულებით მუშაობა წარმოადგენს.
“კარდინალი” ერთ-ერთი ინგლისური მოდელის მიხედვით ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ კონკრეტულ ქეისს ფირმაში არა ერთი იურისტი, არამედ იურისტების მთელი გუნდი განიხილავს. მათ მიერ დგება იურიდიული სქემა, იკვეთება სასურველი შედეგის მიღწევის სამი გზა, შემდეგ საქმე 3-5 იურისტს გადაებარება, შედეგად კი, პარტნიორების თქმით, ფაქტობრივად გამორიცხულია რაიმე სამართლებრივი ლაფსუსი. ამ იურისტების მიერ ხდება საკანონმდებლო ბაზების მოძიება, ისევე როგორც პრაქტიკის ანალიზი და საკითხის საერთაშორისო პრიზმაში დანახვა. “კლიენტებისთვის ჩვენი კომპანია საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სამართლებრივი პრობლემის მოგვარებაში ვეხმარებით, არამედ ჩვენ მათი საიმედო პარტნიორები ვხდებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან აბსოლუტურად ყველა მიმართულების გადაზღვევა ხდება”, – განმარტავს ლაშა ცხადაძე.
კომპანიის სამიზნე ჯგუფს ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი წარმოადგენს, ვისაც სამართლებრივი, ფინანსური თუ საბუღალტრო მომსახურების მიღება სურს როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ისე მის გარეთ. “კარდინალის” უცხოელი პარტნიორების მეშვეობით უკვე შესაძლებელია, რომ მომსახურება უცხოელმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმაც მიიღონ, ამის საფუძველს კი ის ხელშეკრულებები და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები წარმოადგენს, რაც ქართულ კომპანიას უცხოურ, მათ შორის ამერიკულ იურიდიულ ფირმებთან აქვს გაფორმებული.
კონკურენციის მძიმე პირობებშიც კი “კარდინალის” მენეჯერებს მიაჩნიათ, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე მათ მყარი კონკურენტი არ ჰყავთ, ამის მიზეზად კი, ერთი მხრივ, მომსახურების ფართო სპექტრი მოჰყავთ, მეორე მხრივ კი ჯგუფურად მუშაობის სისტემა, რომელიც, მათივე თქმით, საათივით არის აწყობილი კომპანიის შიგნით. “ერთ თავს ხუთი თავი ხომ სჯობია?” – კითხვას კითხვითვე პასუხობს კომპანიის იურისტი და ერთ-ერთი პარტნიორი, როდესაც კონკურენტულ უპირატესობაზე ვეკითხები. ეს გარკვეულწილად კომპანიის მენეჯერებისთვისაც და მათი კლიენტებისთვისაც სამართლებრივ გარანტიასა და ბერკეტს წარმოადგენს.
ამასთან, კომპანიის პარტნიორების მიერ საქმიანობის დაწყების მომენტიდანვე გაცხადებული სტრატეგია იყო, რომ მათი ფირმა კლიენტებისთვის არა მხოლოდ დაქირავებული სპეციალისტების ჯგუფი იქნებოდა, არამედ მათი საიმედო პარტნიორი გახდებოდა, რომელთანაც გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობები ჩამოუყალიბდებოდათ. ბაზარზე პოზიციონირების არცთუ დიდხნიანი ისტორიის მიუხედავად, ლაშა ცხადაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა უკვე მოიპოვეს და მათი პარტნიორების რიცხვიც დღითი დღე იზრდება.