GIAC არბიტრაჟის დღეები 2019

GIAC არბიტრაჟის დღეები 2019

თბილისში “არბიტრაჟის დღეები” მეექვსედ გაიმართა.

ეს რეგიონში საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ფორუმია, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამ სფეროში არსებული სიახლეებისა თუ მიდგომების განხილვას და საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას, არამედ, რაც მთავარია, საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის პოზიციონირებას და მისი რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალის უფრო მკაფიოდ წარმოჩენას.

წელს არბიტრაჟის დღეების დროს თბილისში ასზე მეტმა მონაწილემ მოიყარა თავი.მათ შორის – არბიტრაჟის წამყვანმა ექსპერტებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა ევროკავშირიდან, საქართველოდან და ცენტრალური აზიიდან, მართლმსაჯულების სისტემის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე ბიზნესსექტორის რამდენიმე წარმომადგენელმაც.

ტრადიციად ქცეული ღონისძიება საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

მთავარი სტურმარი მსოფლიოს საარბიტრაჟო საზოგადოებაში წამყვან პრაქტიკოსად და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად აღიარებული პროფესორი ემანუელ გაიარი იყო. გაიარი მნიშვნელოვანი თეზისებისა და თეორიების ავტორია და მის ნაშრომებს თანამედროვე არბიტრაჟის დარგის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

ემანუელ გაიარმა მსოფლიოს იურისტთა საზოგადოების ყურადღება 2005 წელს მიიპყრო, როდესაც ნავთობკომპანია Yukos-ს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დავაში. ეს იყო მსოფლიო არბიტრაჟის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი, კერძოდ კი 50–მილიარდდოლარიანი საარბიტრაჟო დავა, რომელიც ნავთობკომპანიის სასარგებლოდ დასრულდა.

გაიარი დღესაც წარმატებით უძღვება მის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკას საერთაშორისო იურიდიულ ფირმა “Shearman & Sterling.-ში.

წელს “თბილისის არბიტრაჟის დღეები” რამდენიმე ღონისძიებას აერთიანებდა. პირველ დღეს 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის ,,უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება” შესახებ გაიმართა მსჯელობა.სემინარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გახსნა, ღონისძიების ორგანიზატორები კი საქართველოს უზენაესი სასამართლო, GIAC და საერთაშორისო იურიდიული ფირმა Shearman&Sterling-ი იყვნენ.

მომდევნო დღეს კონფერენციის მონაწილეებმა დამოუკიდებელი არბიტრაჟის რეგიონულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს, ისევე როგორც ბიზნესის დამოკიდებულებაზე კომერციული დავების გადაწყვეტის სხვადასხვა გზის მიმართ.

“საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების, მათ შორის მედიაციისა და არბიტრაჟის, განვითარების მიმართულებით. ხელსაყრელი საკანონმდებლო და ბიზნესგარემო კარგ საფუძველს ქმნის საქართველოში არბიტრაჟის რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებისთვის”, – განაცხადა საქართველოს ვიცე- პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ეს პათოსი სრულად გაიზიარა ემანუელ გაიარმაც: “მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს სასამართლო არბიტრაჟის განვითარების მომხრეა და სწორედ ამ კომპონენტების გათვალისწინებით ქვეყანა არბიტრაჟის მხრივ   კარგად პოზიციონირებს რეგიონულ ჭრილში. მე მგონია, რომ საქართველო უნდა გადაიქცეს არბიტრაჟის რეგიონულ ცენტრად, რადგან ამის პოტენციალი ძალიან მაღალია. ამაში თქვენ ხელს გიწყობთ კანონმდებლობა, კვალიფიციური და პროფესიონალი არბიტრები, სასამართლოს მხარდაჭერა და ზოგადად პროგრესული იურისტების საზოგადოება”, – უთხრა გაიარმა Forbes Georgia-ს.

გაიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორისთვის არბიტრაჟი რამდენიმე მიზეზით საკვანძოდ მნიშვნელოვანი სისტემაა: ნაკლებად დრამატულია, უჩივლო მხარეს არბიტრაჟში, ვიდრე სასამართლოში, რადგან დაძაბულობისა და წნეხის მაჩვენებელი მხარეებს შორის არბიტრაჟის შემთხვევაში უფრო დაბალია. მისივე განმარტებით, ბიზნესდავების 90 პროცენტში მხარეები კმაყოფილი არიან არბიტრის გადაწყვეტილებით.

საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ გვითხრა, რომ ქვეყანაში არბიტრაჟზე მოთხოვნა იზრდება.

“ქვეყანაში სამჯერ იზრდება ყოველწლიურად საქმეების განხილვა და ბიზნესდავები არბიტრაჟში, დაინტერესებული მხარეები და თავად ბიზნესი უკვე მიდიან იმ აზრამდე, რომ არბიტრაჟი, დავის გადაწყვეტის კუთხით, სანდოა ბიზნესისთვის. როდესაც საქმე ეხება უცხოელ პარტნიორებს, არბიტრაჟის საჭიროება აქ განსაკუთრებით იჩენს თავს. დღეს საქმეების 75% უცხოელ პარტნიორებთან ანუ უცხოელ და ქართველ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ადგილობრივ დავებს, დიდი გარღვევა გვაქვს. ეს ნამდვილად არ არის მოკლევადიანი პროცესი, საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ზრდის ტენდენცია გვაქვს”.

წყალობს თუ არა საქართველოში არბიტრაჟს სასამართლო სისტემა? – ეს კითხვა წლევანდელ კონფერენციაზე აქტუალური იყო, რადგან ცალსახად სასამართლოს მხარდაჭერის გარეშე არბიტრაჟს, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმს, ფეხის მოკიდება გაუჭირდება.

“ადრეულ წლებში არბიტრაჟი სასამართლოს კონკურენტად მოიაზრებოდა და, შესაბამისად, სასამართლო სისტემაშიც არ წყალობდნენ მას, რადგან საქმეების შენარჩუნება სურდათ. დღეს ცალსახად საპირისპირო მდგომარეობაა და სასამართლოც კეთილგანწყობილია არბიტრაჟის მიმართ ორი მიზეზის გამო: ერთი – რომ სასამართლოში საქმე ისედაც ყოველთვის ძალიან ბევრია და მისი ნაკლებობა ამ უწყებაში არ არის და მეორე – თუ პრობლემა აღმოიფხვრება, ეს ხელსაყრელია ორივე ინსტიტუტისთვის”, – აღნიშნა ემანუელ გაიარმა. მისივე თქმით, “საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ მე დავინახე და დავრწმუნდი, თუ რამდენად დიდია მათი მხარდაჭერა არბიტრაჟის მიმართ და დავინახე ისიც, რომ მათ არბიტრაჟის, როგორც კონკურენტის, უკვე აღარ ეშინიათ”.

EY Georgia LLC-ის იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელს, გიორგი სვანაძეს კი მიაჩნია, რომ ამ კუთხით ცნობიერება კიდევ უფრო მეტად უნდა ამაღლდეს: “სასამართლომაც უნდა დააფიქსიროს თავისი მეგობრული დამოკიდებულება არბიტრაჟის მიმართ. დღეს რეალურად სასამართლო გადატვირთულია, განტვირთვის ერთი- ერთი გზა კი არბიტრაჟია”.

რა შედეგს გამოიღებს ეს უდავოდ საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ამას მომავალი გვაჩვენებს, რომელიც არც ისე შორსაა. მომავალ წელს “არბიტრაჟის დღეებს” უკვე მეშვიდედ დავითვლით.