მცირე და საშუალო ბიზნესის ოპერირების გამარტივებისა და მეტი ეფექტიანობისთვის “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ციფრული ხელსაწყო OPTIMO შეიქმნა.
პროექტის სამიზნე ჯგუფს სავაჭრო სპეციფიკაციის ბიზნესი წარმოადგენს, რომელიც, როგორც OPTIMO-ს შემქმნელი გუნდის მიერ ჩატარებულმა საფუძვლიანმა კვლევამ ცხადყო, მარაგების მართვის კუთხით პრობლემების წინაშე იდგა. შედეგად კი ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც აღნიშნული მარაგების მართვაში დაეხმარება კომპანიებს.
იმისათვის, რომ პრობლემის იდენტიფიცირება მომხდარიყო, OPTIMO-ს გუნდმა რამდენიმე სავაჭრო ობიექტთან ერთად იმუშავა, შემოწმდა მათთან უკვე არსებული პროგრამები და ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ პროგრამული უზრუნველყოფა. ეს საკმაოდ დიდი ბაზარია, რომელიც მანქანების ნაწილებიდან დაწყებული საკანცელარიო პროდუქციით დასრულებული ყველა მიმართულებას მოიცავს. შეფასების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ზემოთხსენებულ სექტორს მარაგების მართვის ნაწილში აქვს პრობლემები.
“კვლევის ჩატარების შემდეგ ვნახეთ, რომ სხვადასხვა არსებული პროგრამების ინტერფეისი და მათი სისტემური მოწყობა საკმაოდ რთული იყო. ასევე, როდესაც ვნახეთ, რომ ამ პროგრამებიდან კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად ადამიანებს უწევდათ რამდენიმე ფანჯრის გახსნა, მიღებული ინფორმაციის ერთმანეთთან დადარება და ანალიზის ჩატარება, გადავწყვიტეთ ეს პროცესები გაგვემარტივებინა მათთვის და ყველაფერი ერთ სივრცეში მოვაქციეთ”, – განაცხადა OPTIMO-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ფოფხაძემ.
თავდაპირველად პროგრამის ინსტალაცია, სექტემბერში, სატესტო რეჟიმში რამდენიმე კომპანიაში განხორციელდა. მიღებული უკუკავშირის შედეგად გაუმჯობესდა და დაიხვეწა პროგრამის ფუნქციონალი. როგორც კომპანიაში აცხადებენ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ OPTIMO ზუსტად ერგებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებს.
OPTIMO-ს მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, პარტნიორების განვითარებაზე ზრუნავს და აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, უახლესი ინფორმაცია მიიღონ საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.
რამდენად კონკურენტუნარიანია პლატფორმა, რომელსაც სპეციფიკიდან გამომდინარე კონკურენტები საქართველოს ბაზარზე უკვე ჰყავს? არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც OPTIMO-ს გუნდის მოსაზრებით მათ კონკურენტულ უპირატესობას განსაზღვრავს. პირველი ეს არის მათი პროგრამის ღირებულება, რაც ისევ და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებიდან გამომდინარე იქნა მოდიფიცირებული და საბოლოო ჯამში განისაზღვრა კონკურენტული ფასი ყოველთვიური ე.წ სააბონენტო გადასახადის სახით. სიმარტივე – ეს OPTIMO-ს ის დადებითი ასპექტია, რაზეც მისი იდეის ავტორებიც აპელირებენ და რის საჭიროებაზეც, მათი თქმით, გამოკითხული ობიექტების უმეტესობა საუბრობდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სწორედ ბაზარზე არსებული პროგრამების სირთულე გახდა მიზეზი და მოტივაცია იმისა, რომ შეექმნათ OPTIMO.
“OPTIMO-ს ინტერფეისი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ მოლარეს ადვილად შეუძლია მისი ათვისება. მარტივია ანგარიშსწორების პროცესიც. მოლარეს შეუძლია პროდუქტი მოძებნოს შტრიხკოდის, დასახელების, კატეგორიის, ან სულაც ფოტოს მეშვეობითა. ამავე ინტერფეისში მოლარეს აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს და მიიღოს წინასწარ დარეგისტრირებული შეკვეთები” – აცხადებს ნიკოლოზ ფოფხაძე.
ახალი პროგრამული ხელსაწყოს მეშვეობით, მცირე და საშუალო მეწარმეს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია შევიდეს სისტემაში და თავის ბიზნესში ცვლილება განახორციელოს. გარდა ამისა, დაიხვეწა და უფრო მოქნილი გახდა სალარო, რომელიც OPTIMO-ს მეშვეობით მაქსიმალურად მორგებულია ბიზნესის სფეციფიკას.
“ყველაზე დიდი პრობლემა იყო რიგი სალაროსთან. ჩვენ ცხადია გავითვალისწინეთ ეს საკითხი და მაქსიმალურად დარეგულირდა და გაიმართა რიგის მართვის პროცესი. გამარტივდა ძებნის პროცედურები და მთლიანობაში საკმაოდ მრავალფუქცნიური სერვისი გამოვიდა. მენეჯერის სივრცეშივე მოცემულია სტატისტიკა, როგორც ყოველდღიური ისე ზოგადი გაყიდვების შესახებ” – განმარტავს OPTIMO-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
OPTIMO მინიმალური დანახარჯებით, თავის პარტნიორებს საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს აწვდის ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც როგორც მისი დამფუძნებლები აღნიშნავენ, პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უყურებს კომპანია თავის მომავალს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, უკვე დასახულია გეგმა, რომ მათმა სერვისმა მთელი საქართველო მოიცვას და გაცსდეს თბილისს. მთლიანობაში კომპანიის სტრატეგია და პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ ზრდაზეა ორიენტირებული.