ღრმა მწუხარებით ვაცხადებ, რომ დაარსებიდან 70 წლის თავზედ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი – ევროპის საბჭო, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხანმოკლე ზემოქმედების გამო კლინიკური სიკვდილით გარდაიცვალა.
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, როდესაც 1943 წელს უინსტონ ჩერჩილმა განჭვრიტა ევროპაში ადამიანის უფლების დამცველი ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა. 1946 წლის 19 სექტემბერს, ციურიხის უნივერსიტეტში თავის ცნობილ გამოსვლაში უკვე გამარჯვებულმა და გლობალური ავტორიტეტის მქონე სერ უინსტონმა ინიციატივის სახით გაახმიანა ასეთი ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა.
1949 წლის 5 მაისს, ლონდონის ხელშეკრულების გაფორმებით, ევროპის 12 სახელმწიფოს მიერ დაფუძნდა ევროპის საბჭო, რომლის მთავარ მიზნებს ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება წარმოადგენდა ევროპის კონტინენტზე.
სწორედ ძირითადი ფასეულობებისადმი ერთგულებით, ევროპის საბჭომ, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი პირობების შესრულებამდე რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ. საპასუხოდ რუსეთმა საერთოდ შეიჩერა უფლებამოსილება ევროპის საბჭოში, რაც სხვა ვალდებულებებთან ერთად საწევრო გადასახადის შეწყვეტასაც გულისხმობდა.
გასული თვეების განმავლობაში ევროპელი მაღალჩინოსნებისგან ხშირად გაიგებდით შეშფოთებულ განცხადებებს, რომ თუ რუსეთს არ აღუდგება უფლებამოსილება და, შესაბამისად, არ განახლდება საწევროს გადახდა, ევროპის საბჭო ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დადგება. გასულ თვეში საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდენენ, რომ ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის დაბრუნება სასარგებლო იქნებოდა რუსეთის მოქალაქეების- თვის ადამიანის უფლებების გამოსწორებაზე ზრუნვის კუთხით. ასევე, მთავარ არგუმენტად დასახელდა, რომ უმჯობესია დიალოგი და მოლაპარაკება პროგრესის მისაღწევად ისეთ მწვავე საკითხებში, როგორიცაა ყირიმის ანექსია და შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში. ნეტარ არიან მორწმუნენი!
და აი, დადგა ეს ავბედითი დღეც და რუსეთის ფედერაციის დაბრუნებას ევროპის საბჭოში მხარი დაუჭირა 118 დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 62 და თავი შეიკავა 10-მა დეპუტატმა. რა თქმა უნდა, საქმე ფინანსებშიც (და არა მხოლოდ ფინანსებში!) არის. ევროპის საბჭოში ტრიუმფალური დაბრუნებიდან მეორე დღეს რუსეთმა ევროპის საბჭოს ჩაურიცხა დავალიანებული 75 მილიონი ევროდან 33. ფული ევროსაბჭოსაც ანათებს! (((
თუმცა რთულია იმის დაჯერება და გულუბრყვილობაც კი იქნება, ვირწმუნოთ, რომ 75 მილიონმა ევრომ განაპირობა ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინსტიტუტის ავტორიტეტის გაცამტვერება. უნდა ვაღიაროთ: რუსეთი მუშაობდა (და ახლაც მუშაობს) ყველა შესაძლო ხერხებით და საშუალებებით, რომ იზოლაცია გაერღვია და საერთაშორისო მოედნებზე თავაწეული დაბრუნებულიყო. დიახაც, თავაწეული, ვინაიდან რუსეთმა არ შეასრულა არც ერთი პირობა, რომელიც მას ევროპის საბჭომ წაუყენა 2014 წელს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო რთული ხდება რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების შენარჩუნება იქაც კი, სადაც რუსეთი წევრი არაა. ხვდებით ალბათ, რომ საუბარი ევროკავშირს ეხება. აღარაფერს ვამბობთ იმ პოლიტიკური ძალების პოპულარობის ზრდაზე, რომელთა ლიდერებსაც ღია კავშირებიც აქვთ რუსეთის ფედერაციის ლიდერებთან და, დარწმუნებული ვარ, დაფინანსების მიღების არხებიც აწყობილი აქვთ.
სამწუხაროდ, ვინც ყველაზე კარგად იცის და საკუთარ თავზე აქვს განცდილი რუსეთის მხრიდან ბოროტმოქმედების სიმწარე, ამჯერად უმცირესობაში აღმოჩნდა. უკრაინა, საქართველო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი – ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სრული შემადგენლობით წავიდნენ რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნების წინააღმდეგ. გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ იქონია ვერც უკრაინის დელეგაციის გაფრთხილებამ, რომ რუსეთის ევროსაბჭოში უპირობოდ დაბრუნების შემდეგ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის რუსების ხელით მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ. ეს გადაწყვეტილება გაიგივდა მიუნხენის 1938 წლის ნაცისტურ რეჟიმთან მოღალატეობრივ შეთანხმებასთან, თუმცა, ცალკეული შეფასებების თანახმად, ეს კიდევ უფრო დიდი ღალატის აქტი იყო ევროსაბჭოს მხრიდან.
შედეგი ვერც გასაჩივრებამ გამოიღო. სამარცხვინო გადაწყვეტილება ძალაში დარჩა და დღეს უკვე რუსი დათვები “აწ გარდაცვლილი” ევროსაბჭოს დერეფნებში ამაყად დააბოტებენ. ნამდვილად მძიმე სანახავი იყო კადრები, როგორ შეეგება რუსებს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის 170-მდე მშვიდობიანი მოქალაქე სწორედ რუსული ტექნიკით ჩამოგდებულ თვითმფრინავში დაიღუპა! არ მიყვარს ეს გამოთქმა მაინცდამაინც, მაგრამ: ღმერთო! ესროლე მეტეორი!
ევროპის საბჭო არ არის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ქმედუნარიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ახერხებს რუსეთი. მოგეხსენებათ, გაერო-ში რუსეთი უშიშროების საბჭოს წევრია და ვერც ერთი მნიშვნელოვანი და პროგრესული გადაწყვეტილება ვერ მიიღება მისი ვეტოს უფლების პირობებში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გამართულ ფუნქციონირებას და მის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტას სწორედ რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიცია აფერხებს.
რა არის გამოსავალი? რა თქმა უნდა, ბრძოლის გაგრძელება და არც ერთ შემთხვევაში ხელების ჩამოშვება. ამ ეტაპზე ევროპის საბჭოს საზაფხულო სესიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მიერ აბსოლუტურად გამართლებული იყო. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს სხვა წევრი ქვეყნებისთვის გარკვეული დისკომფორტისა და უხერხულობის შექმნის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან მუშაობის ინტენსიფიცირება, რათა რუსეთის ფედერაციისთვის წაყენებული პირობების შესრულებაზე მოთხოვნის მიმართულებით რაიმე შედეგის მიღწევა მაინც გახდეს შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ყველა ფორმატის გამოყენება ევროპის კონტინენტზეც და მის ფარგლებს გარეთაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იგულისხმება.
გულწრფელად განვიცდი ხოლმე, როდესაც ვხედავ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის უთანხმოებასა და დაძაბულობას, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აშშ- ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საყვედურები კონკრეტულად რუსეთთან კონტექსტში, ნამდვილად სამართლიანია.
და მაინც: ევროპა ჩვენი სახლია! ევროპის ბედიც ჩვენი საზრუნავია! არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ევროპის საბჭოს მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქვა ზურაბ ჟვანიამ ისტორიული სიტყვები:
მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!