სტუმარმასპინძლობის, კვებისა და გართობის ინდუსტრიის მხოფლიოს უდიდესი კომპანია, ამერიკული McDonald’s-ი რუსეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის და ქვეყნიდან საბოლოოდ გადის, – ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზში ვკითხულობთ.
ცხადია, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმეგ ომის დაწყებას უკავშირდება – ერთი მხრივ, ომი და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი კომპანიის ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის, ხოლო მეორე მხრივ, არაპროგნოზირებადი საოპერაციო გარემოს გამო კომპანიას რუსეთში ბიზნესის კეთება შეუძლებლად მიაჩნია. შეგახსენებთ, რომ McDonald’s-ის რესტორნები რუსეთში ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის გაყიდვის პარალელურად McDonald’s-ი რუსეთში სავაჭრო ნიშნების შენარჩუნებას გეგმავს – ამგვარად, რუსეთში ამავე სახელწოდების, ლოგოს, ბრენდინგის და მენიუს მქონე ახალი რესტორნების გახსნა სამართლებრივად დაუშვებელი იქნება. საინტერესოა, რომ საკუთარი ბიზნესის საპირწონედ, McDonald’s-ი $1.2-1.4 მილიარდის მიღებას ვარაუდობს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი რუსული McDonald’s-ი 1989 წელს, ქალაქ მოსკოვში გაიხსნა – რუსეთ-უკრაინის ომამდე კომპანიას 850 რესტორანი ჰქონდა ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, McDonald’s-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაც არის, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში 39 ათასზე მეტ რესტორანს ფლობს.