საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო ეკონომიკური ფრაგმენტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მისივე განცხადებით, ეს პრობლემა თუ არ აღმოიფხვრა, მსოფლიო გაღარიბდება და უფრო საშიში გახდება. IMF-ის მმართველი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას შეფასებით, პროდუქტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად და ფასების შესამცირებლად, სახელმწიფოებმა სავაჭრო ბარიერები უნდა შეამცირონ – გეორგიევას ეს განცხადება მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის მიერ საკვები პროდუქტების, ელექტროენერგიისა და სხვა საქონლის იმპორტ-ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმიანება.
აღსანიშნავია, IMF-ის ამგვარ პოზიციას იზიარებენ ფონდის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე, გიტა გოპინატი და სტრატეგიის, პოლიტიკისა და განხილვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სეილა პაზარბასიოღლუ – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელების ეს ბლოგი, დავოსის ეკონომიკურ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.
IMF-ის წარმომადგენელთა აზრით, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებით გამოწვეული ზეგავლენის შესამცირებლად და ზოგადად, მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად, სახელმწიფოებმა იმპორტის დივერსიფიკაციას უნდა მიმართონ. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ოც ქვეყანას კი, კრისტალინა გეორგიევა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ჩარჩო-დოკუმენტების გადახედვას ურჩევს.
„ფასი, რომელსაც სახელმწიფოები გაღრმავებული დეზინტეგრაციისთვის გადაიხდიან – კოლოსალური იქნება“, – ვკითხულობთ ბლოგში. „ამით ყველა დონის შემოსავლის მქონე ადამიანები დაზარალდებიან – როგორც მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები, ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ქარხნების საშუალოშემოსავლიანი თანამშრომლები და დაბალშემოსავლიანი თანამშრომლები, რომელთა გადარჩენა საკვების იმპორტზე არის დამოკიდებული. ამასთანავე, გაიზრდება უკეთესო პირობების მოსაძებნად რისკზე წასული ადამიანების რიცხვი“.
საინტერესოა, რომ გასულ კვირას, გლობალიზაციის ტრენდის აჩქარებული შემობრუნებით Bloomberg Economics-ი დაინტერესდა – სიმულაციამ აჩვენა, რომ ასეთ შემთხვევაში, მსოფლიო გაცილებით უფრო არაპროდუქტიული და ღარიბი გახდება, ხოლო გლობალური ვაჭრობა იმ მაჩვენებელს დაუბრუნდება, რომელიც ჩინეთის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ გაწევრიანებამდე იყო დაფიქსირებული. ამასთანავე, მოსალოდნელია ინფლაციისა და მისი არაპროგნოზირებადობის ზრდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა საკუთარ წერილში მკითხველის ყურადღება სხვა დეტალებზეც გაამახვილა: კრისტალინა გეორგიევას აზრით, საჭიროა, როგორც საზღვრებს შორის გადარიცხვების სისტემის მოდერნიზაცია, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ერთობლივი ბრძოლა.