Forbes-ის მონაცემებით, რიანა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალი გახდა. ამ დრომდე ტიტულს კაილი ჯენერი ფლობდა, რომლის ქონებაც Forbes-ის თანახმად $1 მილიარდს ჩამოსცდა.
აღსანიშნავია, რომ 34 წლის რიანა აშშ-ში ერთადერთი 40 წლამდე ქალია, რომელიც თვითშემდგარი მილიარდერი ქალის სტატუსს ფლობს. ბარბადოსელი მომღერლისა და ბიზნესვუმენის წმინდა ქონება $1.4 მილიარდს უტოლდება. შედეგად, რიანა აშშ-ის ყველაზე მდიდარი თვითშემდგარი მილიარდერი ქალების რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს. კაილი ჯენერი $600 მილიონით 41-ე ადგილზეა, ხოლო მისი და, 41 წლის კიმ კარდაშიანი $1.8 მილიარდით მე-16 ადგილს იკავებს.
Forbes-ის მილიარდერთა სიაში რიანა აგვისტოში მოხვდა. მომღერლის წარმატება არა მუსიკალურმა კარიერამ, არამედ მის მიერ დაარსებულმა კოსმეტიკის ბრენდმა (Fenty Beauty) განაპირობა. კოსმეტიკის ბრენდი Fenty Beauty რიანამ 2017 წელს, ფრანგულ კომპანია LVMH-ს მფლობელ ბერნარ არნოსთან ერთად დააარსა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია.
Fenty Beauty-ის გარდა, თებერვალში, რიანას მიერ წარმოებული თეთრეულის ხაზი Savage x Fenty-ს ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. მომღერალმა Savage x Fenty 2018 წელს წარადგინა, ინვესტიცია კი იმ დროისთვის მხოლოდ 115 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. რიანას აქციების წილი თეთრეულის ბრენდის 30%-ს მოიცავს.