თურქეთსა და ისრაელს შორის, 1951 წლის შემდგომ პირველად, საავიაციო შეთანხმება გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების ფარგლებში თურქეთის სხვადასხვა მიმართულებებით ისრაელის ავიაკომპანიების, ხოლო ისრაელში თურქული კომპანიების ფრენები უნდა განახლდეს.
მხარეებმა შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ, ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრის შემდგომ მიაღწიეს. ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, საავიაციო ურთიერთობები მათი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული პოზიციისთვის სტრატეგიული ინსტრუმენტია. თურქეთში ისრაელი ეკონომიკური და სავაჭრო ოფისის ხელახლა გახსნასაც გეგმავს. ამჟამად, თურქეთში ექსპორტს ისრაელის 1,500-ზე მეტი კომპანია ახორციელებს.
უკანასკნელ პერიოდში თურქეთი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ცდილობენ, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოებს შორის საკმაოდ დაძაბული იყო. ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენის აღსანიშნად ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მარტში ანკარასაც ეწვია, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს თურქეთმა და ისრაელმა ელჩები გაიწვიეს. მიზეზი ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ ღაზის სექტორში მიმავალ, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ თურქულ ხომალდზე თავდასხმა გახდა. შედეგად, ცხრა თურქი აქტივისტი დაიღუპა. ურთიერთობა ხელახლა 2018 წელს დაიძაბა. თურქეთმა აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გამო ელჩი ხელახლა გაიწვია, რასაც ისრაელიდანაც საპასუხო ქმედება მოჰყვა.