Stripe-მა საკუთარი ღირებულების შეფასება 28%-ით შეამცირა

Stripe-მა საკუთარი ღირებულების შეფასება 28%-ით შეამცირა

ონლაინგადახდების ამერიკულმა ფინ-ტექ კომპანია Stripe-მა, რომელიც სილიკონ-ველის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო ტექნოლოგიურ კომპანიად მიიჩნევა, საკუთარი ღირებულების შეფასება 28%-ით შეამცირა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, Stripe-ის ღირებულებას ინვესტორები $95 მილიარდად აფასებდნენ. თუმცა, როგორც The Wall Street Journal-ს წყარო უყვება, კომპანიის წილების შიდა შეფასება $74 მილიარდამდე არის შემცირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს შეფასება გარე ინვესტორების საკუთრებაში არსებული წილების ღირებულებაზე გავლენას არ ახდენს.

Stripe-ის მიერ კომპანიის შიდა შეფასების შემცირება დღევანდელ საინვესტიციო კლიმატს ნათლად წარმოაჩენს. საქმე ისაა, რომ საბაზრო აქციების მასობრივმა გაყიდვამ, რომელიც ყველაზე მეტად ტექნოლოგიურ კომპანიებს დაეტყოთ, კერძო ინვესტიციების მოზიდვის ტემპი შეანელა და კომპანიებს ხარჯებისა და სამუშაო ადგილების შემცირებისკენ უბიძგა. კერძო ფინანსირების შემცირებაზე მიუთითებს სტატისტიკაც – ანალიტიკური პლატფორმა PitchBook-ის მონაცემებით, გასულ კვარტალში ეს მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა, რაც 2019 წლის შემდეგ კლების უდიდესი მაჩვენებელია.

ამ ყველაფერს მზარდი ინფლაცია, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და რეცესიის შიში დაემატა, რამაც Meta-ს, Netflix-ისა და Coinbase-ის აქციათა ღირებულება საგრძნობლად შეარყია, რადგან ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ ეს და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები ჩვეული ტემპით ზრდას ვეღარ ახერხებენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საჯარო კომპანიების აქციების მასობრივი გაყიდვის ფონზე, Stripe-ის ღირებულების შეფასება გადამეტებულად გამოჩნდა – ამა წლის დასაწყისიდან 60%-ით შემცირდა Stripe-თან ყველაზე ახლოს მდგომი საჯარო კომპანიის, PayPal-ის აქციათა ღირებულება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, Stripe-მა ინვესტორთა ჯგუფისგან, რომელშიც ირლანდიის ეროვნული ხაზინის მართვის სააგენტო და Fidelity-ი შედიან, $600 მილიონი მოიზიდა. იმ დროს, კომპანიის ღირებულება $95 მილიარდით განისაზღვრა, რაც, თავის წილ, 2.5-ჯერ აღემატება კომპანიის 2019 წლის ღირებულების შეფასებას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Stripe-ი 2010 წელს დაფუძნებული სტარტაპია, რომლის პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებს ონლაინგადახდების გატარებაში ეხმარება. თავდაპირველად, საგადასახადო სისტემის გამართვაში Stripe-ი სტარტაპებსა და მცირე მეწარმეებს ეხმარებოდა, მაგრამ მალევე დიდი კლიენტების მომსახურებაზე გადაერთო – გასულ წელს, კომპანიამ $2.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო. PitchBook-ის ინფორმაციით, Stripe-ში რვა ათასი ადამიანია დასაქმებული.