არბიტრაჟის დღეები 2022 თბილისში - საერთაშორისო კონფერენცია

არბიტრაჟის დღეები 2022 თბილისში - საერთაშორისო კონფერენცია

12 ოქტომბერს, არბიტრაჟის დღეების რიგით მეცხრე, ყოველწლიური კონფერენცია დაიწყო. დარგის მთავარი პროფესიული ღონისძიების ორგანიზატორი ტრადიციულად საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრია (GIAC) და წელს მისი ფინანსური მხარდამჭერი და პარტნიორი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამაა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, 12-13 ოქტომბერს, სფეროს წამყვანი პრაქტიკოსები და ექსპერტები საერთაშორისო არბიტრაჟის ახალ განვითარებებზე, საარბიტრაჟო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობაზე და კონკურენციაზე, მრავალსაფეხურიან საარბიტრაჟო დათქმებზე, უზრუნველყოფის ღონისძიებებზე მსჯელობენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება PwC-ის მიერ ორგანიზებული სემინარი ზიანის შესახებ საერთაშორისო არბიტრაჟში და ICC YAAF/GIAC-ს სამუშაო შეხვედრა ადვოკატირების უნარებზე არბიტრაჟში. ღონისძიებას 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, მოსამართლე, იურისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი ესწრება.

გახსნის ღონისძიებაზე კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სუქნიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა ლეა კაპლანმა.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელია საერთაშორისო კომპანია Allen & Overy-ის პარტნიორი პატრიკ პერსალი. ის მონაწილეებს საერთაშორისო საჩივრებისა და რეპარაციის საკითხებზე ესაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტსა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არბიტრაჟის განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი ღონისძიებების გამართვა, ურთიერთდახმარება არბიტრების შერჩევის პროცესში, ასევე საარბიტრაჟო პროცესის მართვისას სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის პლატფორმაზე ხელმისაწვდომობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები დადებით გავლენას იქონიებს ქვეყანაში არბიტრაჟის განვითარებაზე, ხოლო ბიზნესს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად გადაწყვიტონ არსებული დავები.

მთავარი კონფერენციის გარდა, GIAC არბიტრაჟის დღეები ასევე მოიცავს სოციალურ ღონისძიებებს, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა დამსწრეებისთვის დაამყარონ კავშირები არბიტრაჟის პრაქტიკოსებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან.

GIAC არბიტრაჟის დღეების დახურვის მიღება 13 ოქტომბერს, გაიმართება, რომელიც დაფინანსებულია BGI Legal-ის მიერ. კონფერენციის მთავარი მედია პარტნიორები არიან Forbes Georgia  და BMG – Business Media Georgia.