Forbes: ინდოეთის 100 უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური ქონება 2022 წელს $800 მილიარდამდე გაიზარდა

Forbes: ინდოეთის 100 უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური ქონება 2022 წელს $800 მილიარდამდე გაიზარდა

პანდემიის შემდგომ ინდოეთმა გარკვეული პერიოდით გადაუსწრო გაერთიანებულ სამეფოს და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ეკონომიკაც გახდა. თუმცა საფონდო ბაზარი, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, უმნიშვნელოდ დაეცა, რუპია კი ამავე პერიოდში 10%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, ინდოეთის ასი უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი ქონება $25 მილიარდით გაიზარდა და, 2022 წლის მონაცემებით, $800 მილიარდს მიაღწია.

ინდოელი მილიარდერების მოგება, მიმდინარე წელს, უმეტესწილად აზიის უმდიდრესი ადამიანის, გაუტამ ადანის შემოსავლის რეკორდულმა ზრდამ განაპირობა. 2021 წელს, სიმდიდრის თითქმის გასამმაგების შემდგომ, ადანის ქონება 2022 წელს $150 მილიარდამდე გაიზარდა და მისი პატრონი, გარდა აზიაში პირველობისა, მცირე ხნით პლანეტაზე მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსსაც კი ფლობდა. მომდევნო ათწლეულში ნავთობმაგნატი გაუტამ ადანი $100-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რომლის 70% მწვანე ენერგიას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ადანისგან განსხვავებით, მუკეშ ამბანის ქონება, რომლის საკუთრებაშიც ნავთობის, გაზისა და ტელესაკომუნიკაციო გიგანტი Reliance Industries-ია, გასულ წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა. ამჟამად ამბანი, $88 მილიარდით, ინდოეთის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია. საერთო ჯამში, ადანისა და ამბანის ქონება ინდოეთის 100 უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური სიმდიდრის 30%-ს შეადგენს.

ინდოეთში საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის მთავარი ფიგურა, რადჰაკიშან დამანი, წმინდა ქონების 6%-იანი შემცირების მიუხედავად, ქვეყნის სამ უმდიდრეს ადამიანს შორის პირველად მოხვდა. დამანი, რომელიც Dmart-ის სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია, 2022 წლის მონაცემებით, $27.6 მილიარდს ფლობს. დამანს კი მეოთხე ადგილზე $21.5-მილიარდიანი ქონებით საირუს პუნავალა მოსდევს – ვაქცინის მწარმოებელ The Serum Institute of India-ის დამფუძნებელი. Forbes-ის 2022 წლის ინდოეთის ასი უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში ცხრა ახალწვეულიც მოხვდა, მათ შორის სამი – IPO-ს საშუალებით. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ბანკირი, ფალგუნი ნაიარია, რომელიც თავის მოვლისა და მოდის სფეროს საცალო ვაჭრობის კომპანია Nykaa-ს დალისტვის შემდგომ, ინდოეთის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალი გახდა.

Forbes-ის 2022 წლის უმდიდრესი ინდოელების ათეული ასე გამოიყურება:

  1. გაუტამ ადანი & ოჯახი – $150 მილიარდი
  2. მუკეშ ამბანი – $88 მილიარდი
  3. რადჰაკიშან დამანი & ოჯახი – $27.6 მილიარდი
  4. საირუს პუნავალა – $21.5 მილიარდი
  5. შივ ნადარი – $21.4 მილიარდი
  6. სავითრი ჯინდალი & ოჯახი – $16.4 მილიარდი
  7. დილიპ შანგვი $ ოჯახი – $15.5 მილიარდი
  8. ძმები ჰინდუჯები – $15.2 მილიარდი
  9. კუმარ ბირლა – $15 მილიარდი
  10. ბაჯაჯების ოჯახი – $14.6 მილიარდი