გერმანია რეკრეაციული მიზნებით კანაფის მოხმარების ლეგალიზებას გეგმავს

გერმანია რეკრეაციული მიზნებით კანაფის მოხმარების ლეგალიზებას გეგმავს

კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობის დაპირების შესაბამისად, გერმანიამ კანაფის ლეგალიზებისთვის გეგმა ჩამოაყალიბა. კანცლერს სურს, გერმანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდეს ევროპაში, სადაც მარიხუანა ლეგალური იქნება.

შემუშავებული კანონმდებლობის შესახებ დოკუმენტი გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა წარადგინა. დოკუმენტი ზრდასრულებში რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის კონტროლირებად გავრცელებასა და მოხმარებას არეგულირებს. ახალი კანონმდებლობით, გერმანიის მასშტაბით, 20-დან 30 გრამამდე კანაფის პირადი, რეკრეაციული მოხმარებისთვის შეძენა და შენახვა ლეგალური გახდება.

გასულ წელს გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ დადო შეთანხმება, მათი ხელისუფლებაში ყოფნის ოთხწლიან პერიოდში შემოეღო კანონმდებლობა, რომელიც ლიცენზირებულ მაღაზიებში კანაფის კონტროლირებად გავრცელებას უზრუნველყოფდა.

გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში გერმანია შესაძლოა, მალტის შემდეგ ევროკავშირის მეორე ქვეყანა გახდეს, სადაც კანაფი ლეგალიზებული გახდება. დოკუმენტის თანახმად, კანაფის კერძო კულტივირება შეზღუდული იქნება. არალეგალურ საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებები და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება.

ცნობისთვის, ევროპის ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, შეზღუდული სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზება უკვე დაუშვა.