Forbes-მა 2022 წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე წელს, გარდაცვლილმა ვარსკვლავებმა რეკორდული $1.6 მილიარდის გამომუშავება შეძლეს და გასულ წელთან შედარებით, მათი კოლექტიური ქონება 72%-ით გაზარდა. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული ზრდა ყველაზე დიდია 2001 წელს რეიტინგების შედგენის დაწყების შემდგომ, და ამასთან ერთად პირველად, რეიტინგის ხუთეულმა $100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
გამოცემის 2022 წლის რეიტინგის სათავეში ჯონ რონალდ რუელ ტოლკინია, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორი, რომელიც 1973 წელს გარდაიცვალა. ტოლკინმა აგვისტოში $500 მილიონი შვედური კომპანია Embracer-ის მიერ Middle-Earth Enterprises-ის შეძენით გამოიმუშავა. ცნობისთვის, Middle-Earth Enterprises-ი ფილმებზე, ვიდეოთამაშებსა და სხვა პროდუქტებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს მართავს. გარიგების დასრულების შემდგომ, Embracer-ი იმ კომპანიათა რიცხვს შეუერთდება, რომლებიც ფლობენ საკუთრების უფლებების ნაწილს ტოლკინის ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მათ შორისაა: HarperCollins-ი, Amazon-ი, Warner Brothers/New Line-ი და Tolkien Estate-ი.
ტოლკინს, ყველაზე მაღალშემოსავლიან გარდაცვლილ ვარსკვლავთა რეიტინგში კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი მოსდევს. კობიმ Coca-Cola-სთვის, სპორტული სასმელების კომპანია BodyArmor-ის წილის მიყიდვით, $400 მილიონი გამოიმუშავა. კალათბურთელის აქციების შესყიდვა გამაგრილებელი სასმელების ფირმის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია.
კალათბურთელის შემდეგ კი რეიტინგში მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის სამ მნიშვნელოვან წარმომადგენელს ვხვდებით. ერთ-ერთი დევიდ ბოუია, რომელმაც Warner Chappell-ისთვის საგამომცემლო კატალოგის მიყიდვით $250 მილიონი გამოიმუშავა, შემდეგი კი ელვის პრესლი, $110-მილიონიანი შემოსავლით, რომლის უმეტესი წილიც ელვისის მემფისის სახლის ტურისთვის გაყიდული ბილეთებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის. რეიტინგის პირველ ხუთეულს ჯეიმს ბრაუნი $100 მილიონით ასრულებს.
საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავის კოლექტიურ ქონებაში, ყველაზე მეტის გამომუშავება სწორედ მუსიკოსებმა შეძლეს. სიის ცხრა მუსიკოსზე, $1.6-მილიარდიანი საერთო შემოსავლიდან, $700 მილიონი მოდის. მათ შორისაა მაიკლ ჯექსონი $75 მილიონით და “Hallelujah”-ს შემქმნელი ლეონარდ კოენი, $55 მილიონით. აღსანიშნავია, რომ მათი შემოსავლის დიდი ნაწილი ერთჯერადი გაყიდვებიდან მოდის, თუმცა სხვები, მაგალითად, ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი რეიტინგში მათი ყოველწლიური საავტორო ჰონორარის გამო რჩებიან.
Forbes-ის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი – $500 მილიონი
- კობი ბრაიანტი – $400 მილიონი
- დევიდ ბოუი – $250 მილიონი
- ელვის პრესლი – $110 მილიონი
- ჯეიმს ბრაუნი – $100 მილიონი
- მაიკლ ჯექსონი – $75 მილიონი
- ლეონარდ კოენი – $55 მილიონი
- დოქტორი სიუზი – $32 მილიონი
- ჯეფ პორკარო – $25 მილიონი
- ჩარლზ შულცი – $24 მილიონი
- ხუან გაბრიელი – $23 მილიონი
- ჯონ ლენონი – $16 მილიონი
- ჯორჯ ჰარისონი – $12 მილიონი