საქვეყნოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანტრეპრენიორი, Microsoft-ის დამფუძნებელი ამერიკელი ბილ გეიტსი ლიტერატურის დიდი მოყვარულია. ლიტერატურა გეიტსისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირად, მილიარდერი წაკითხულ წიგნებზე რეცენზიებსაც წერს – ასე მოხდა წელსაც. საახალწლოდ, ბილ გეიტსმა საყვარელი წიგნების რეიტინგი შეადგინა, რომელიც საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა.
„საახალწლო დასვენების დღეები შესანიშნავი დროა ყოველწლიური ტრადიციებისთვის. ამ დღეების გატარება, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, მეც ჩემს ოჯახთან მიყვარს – შობას ერთნაირი პიჟამებით ვხვდებით. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს დასვენების დღეებში წასაკითხი წიგნების სიის ჩამოწერა, რასაც ბოლო ათწლეულია, ვაკეთებ. ბოლო დროს წაკითხულ წიგნებზე რეფლექსია, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, ამჯერად, განსხვავებული გზა ავირჩიე და უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში წაკითხული წიგნებით თავი არ შევიზღუდე“, – წერს ბილ გეიტსი.
ბილ გეიტსის რჩეული ნაწარმოებების სიას, რომელიც მილიარდერის თქმით, არასრულია, Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ:
Stranger in a Strange Land – რობერტ ჰაინლაინი
როგორც ბილ გეიტსი წერს, ამერიკელი რობერტ ჰაინლაინი იყო ის მწერალი, რომელმაც მას და მის ბავშვობის მეგობარს, Microsoft-ის თანადამფუძნებელს, პოლ ალენს სამეცნიერო ფანტასტიკა შეაყვარა. გეიტსის რჩეულ ამ რომანში, სახელწოდებით „Stranger in a Strange Land“, რობერტ ჰაინლაინი მარსზე აღზრდილი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დედამიწაზე ბრუნდება და ახალ რელიგიას აფუძნებს.
„ვფიქრობ, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებები გიბიძგებს იფიქრო მომავალზე და ყველაფერზე, რაც იქ არის შესაძლებელი – ამასთანავე, ჰაინლაინმა ჰიპების კულტურაც იწინასწარმეტყველა“, – წელს გეიტსი.
Surrender – ბონო
ამერიკელი მუსიკოსის, ბონოს წიგნი, სახელწოდებით „Surrender“, მემუარული ჟანრისაა, რომელშიც ლეგენდარული ირლანდიური როკ-ჯგუფის, U2-ს წევრი საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ წერს.
„თუ U2-ს გულშემატკივარი ხართ, დიდი შანსია, ამ წიგნის წაკითხვა უკვე დაგეგმილი გქონდეთ. თუმცა, თუ ჯგუფს საერთოდ არ გულშემატკივრობთ, ამ ძალიან საინტერესო წიგნით დუბლინის გარეუბანში გაზრდილი ბიჭის შესახებ გაიგებთ, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ როკ-ვარსკვლავად და ფილანთროპად იქცა. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ბონოს ჩემი მეგობარი ვუწოდო, მაგრამ ბევრი ისტორია, რომელსაც ის „Surrender“-ში ჰყვება, ჩემთვისაც ახალი იყო“, – ვკითხულობთ გეიტსის ბლოგში.
Team of Rivals – დორის კერნზ გუდვინი
მხატვრული და მემუარული ჟანრის ნაწარმოებების გვერდით, ბილ გეიტსის საყვარელი წიგნების ჩამონათვალში ამერიკელი დორის კერნზ გუდვინის ბიოგრაფიული ნაწარმოებიც მოხვდა – წიგნში, სახელწოდებით „Team of Rivals“, ავტორი ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის შესახებ წერს.
„აბრაამ ლინკოლნის შესახებ სულ ვკითხულობ და ეს ნაწარმოები ამ თემაზე დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა ძალადობის ამბოხების, რასობრივი პრობლემებისა და ღრმა იდეოლოგიური განსხვავებების წინაშე კიდევ ერთხელ დადგა. გუდვინი ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფია, წიგნი „Team of Rivals“ კი, მისი შედევრია.
The Inner Game of Tennis – ტიმოთი გალვეი
ბილ გეიტსი ჩოგბურთის დიდი მოყვარულია – ცხადია, ეს სიყვარული მხოლოდ ვარჯიშით არ გამოიხატება, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მილიარდერი სპორტის შესახებ წიგნებსაც კითხულობს. აი, ასე მოხვდა ამ ჩამონათვალში ყოფილი ჩოგბურთელის, ტიმოთი გალვეის 1974 წლით დათარიღებული წიგნი, სახელწოდებით „The Inner Game of Tennis“, რომელიც გეიტსის თქმით, ადამიანებს შეცდომებზე სწავლას ასწავლის, როგორც კორტზე, ასევე მის გარეთ.
Mendeleyev’s Dream – პოლ სტრათერნი
ბილ გეიტსის შეფასებით, ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთი უმთავრესი ადამიანური თვისებაა – წიგნების კითხვაც, ხომ სწორედ მილიარდერის ამ თვისებას უკავშირდება. კიდევ ერთი წიგნი, რომელიც გეიტსმა საყვარელი ნაწარმოებების ხუთეულში შეიყვანა, შოტლანდიელ-ირლანდიელი ავტორის, პოლ სტრათერნის ნაწარმოები „Mendeleyev’s Dream“-ია.
„ქიმიის ისტორია დიმიტრი მენდელეევის მსგავსი უცნაური პერსონაჟებითაა აღვსილი – როგორც თვითონ ამბობს, ამ რუსმა მეცნიერმა პერიოდულობის სისტემა მას მერე შექმნა, რაც ის სიზმარში ნახა. ამ წიგნში, სტრათერნი სწორედ ამ ისტორიას მიჰყვება და მის ფესვებს ძველ საბერძნეთში პოულობს – ამ ნაწარმოებში, ავტორი მეცნიერებისა და ადამიანური ცნობისმოყვარეობის განვითარების ათასწლოვან ისტორიას გვიყვება“, – წერს ბილ გეიტსი.