თითქმის ორთვიანი მმართველობის შემდეგ, ილონ მასკი Twitter-ის გენერალური დირექტორის პოზიციიდან გადადგომას განიხილავს. მილიარდერმა გუშინ Twitter-ზე საჯარო გამოკითხვა წამოიწყო და აღნიშნა, რომ CEO-ს თანამდებობიდან გადადგომის საკითხს პლატფორმის მომხმარებლებს მიანდობდა.
მომხმარებელთა 57.5%-მა მასკის შეკითხვას, „უნდა გადავდგე თუ არა Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან“, მხარი დაუჭირა. როგორც მისივე გამოკითხვიდან ირკვევა, მასკი აპირებს გადაწყვეტილება სწორედ შედეგებიდან გამომდინარე მიიღოს, თუმცა მილიარდერს კონკრეტული თარიღებისა და სხვა დეტალების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
გამოკითხვაში მონაწილეობა ჯამში 17.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა Twitter-ისთვის საკმაოდ რთულ კვირას მოჰყვა, დაწყებული სოციალურ ქსელში ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვით, დასრულებული ახალი პოლიტიკით, რომელიც მასკის პლატფორმაზე სხვა სოციალური ქსელების უფასო რეკლამირებას აკრძალავს.
შეგახსენებთ, ილონ მაკსმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანია Twitter-ი გაკოტრებისაკენ მიმავალ გზაზეა. სოციალური მედიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საკითხის გამჟღავნებაც სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა. Twitter-ის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი და პოპულარული პოდკასტის ავტორი, ლექს ფრიდმანი განიხილება.