კონგრესმა სამთავრობო ხარჯების $1.7-ტრილიონიანი პაკეტი წარადგინა, რომელიც ფედერალურ მთავრობას დაფინანსებით მომავალი ფისკალური წლისთვის უზრუნველყოფს. კონგრესმა პაკეტი დაჩქარებული წესით, კვირის ბოლომდე სამთავრობო უწყებების ნაწილობრივ დახურვამდე, შეიმუშავა.
„ომნიბუსის პაკეტის“ სახელით ცნობილი $1.7-ტრილიონიანი პაკეტი თორმეტი ცალკეული დანიშნულების პაკეტისგან შედგება. აღსანიშნავია თავდაცვის წლიური ხარჯებისთვის დამტკიცებული $858 მილიარდი, რეკორდული მოცულობის თავდაცვის აქტი, რომელიც 10%-ით აღემატება გასული ფისკალური წლის დაფინანსებას. ამასთან ერთად კი ე.წ. „არათავდაცვის“ დაფინანსებაც $42.5 მილიარდით გაიზარდა და $773 მილიარდი შეადგინა.
რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, დემოკრატებმა უკრაინისთვის $45 მილიარდის დამატებითი დაფინანსება მიიღეს, დაახლოებით $7 მილიარდით მეტი, ვიდრე ჯო ბაიდენმა მოითხოვა. უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება სამხედრო წვრთნის, აღჭურვილობის, ლოგისტიკისა და დაზვერვის მხარდაჭერისთვის, ასევე კიევში გაგზავნილი ამერიკული აღჭურვილობის შესავსებად.
დემოკრატებმა წარმატებას „საარჩევნო ხმების დათვლის აქტის“ რეფორმის კანონპროექტზეც მიაღწიეს, რომელიც სამომავლოდ აშშ-ში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობების განმეორებას აღკვეთს. თავის მხრივ, რესპუბლიკელები თავდაცვის ხარჯების 10%-იან ზრდას დადებითად შეხვდნენ.
ორივე პარტია დათმობაზე წავიდა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რესპუბლიკელების სურვილს 2017 წელს დამტკიცებული ბიზნესის საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივების თაობაზე, ისევე როგორც დემოკრატების მოთხოვნას ბავშვთა საგადასახადო კრედიტის გაფართოების თაობაზე, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს.