პლანეტის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Apple-ი კვარტალურ შედეგებს ასაჯაროებს – ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ გასული წლის IV კვარტალში კომპანიამ 117 მილიარდი დოლარის შემოსავლები მიიღო, რაც 5.5%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და $4 მილიარდით ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს.
პროდუქტებისა და სერვისების მიხედვით Apple-ის შემოსავლები ასე ნაწილდება:
iPhone – $65.8 მლრდ (-8.2% წ/წ)
iPad – $9.4 მლრდ (-29.7% წ/წ)
სერვისები – $20.8 მლრდ (+6.4% წ/წ)
სხვა პროდუქტები – $13.5 მლრდ (-8.3% წ/წ)
აღსანიშნავია, რომ კვარტალური შემოსავლების შემცირება 2019 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, არასახარბიელო შედეგები არა Apple-ის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებით, არამედ ჩინეთის მასშტაბით ლოკდაუნების დაწესებითაა განპირობებული, რამაც iPhone-ის მწარმოებელი Foxconn-ის ქარხანა რამდენიმე კვირით შეაფერხა, ამის გამო კი ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა.
კომპანიის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემა მხოლოდ დროებითია, რომლის გამოსწორების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები აქტიურად იდგმება, მათ შორის, კომპანია საწარმოო პროცესის დივერსიფიცირებას და ქარხნების ნაწილის ინდოეთში გადატანას ცდილობს.
არასახარბიელო შედეგები, ბუნებრივია, კომპანიის აქციების ღირებულებაზე ნეგატიურად აისახა, გასულ 24 საათში Apple-ის კაპიტალიზაცია 3.2%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, Apple-ი მაინც მყარად ინარჩუნებს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 2.39 ტრილიონ დოლარს შეადგენს.