Marshall-ს შვედური კომპანია Zound Industries-ი ყიდულობს

Marshall-ს შვედური კომპანია Zound Industries-ი ყიდულობს

მუსიკალური გამაძლიერებლების მწარმოებელ ლეგენდარულ ბრიტანულ კომპანია Marshall-ს, რომლის პროდუქციასაც ჯიმი ჰენდრიქსი და კურტ კობეინი იყენებდნენ, შვედური Zound Industries-ი ყიდულობს. ეს უკანასკნელი, ამ დრომდე, Marshall-ის ბრენდის ყურსასმენებსა და დინამიკებს აწარმოებდა.

გარიგების დეტალები საჯარო არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ შერწყმის შედეგად შექმნილ კომპანიას Marshall Group-ი დაერქმევა და მისი უდიდესი აქციონერი, 24%-იანი წილით, მარშალების ოჯახი იქნება.

როგორც Zound-ის ამჟამინდელი და Marshall Group-ის მომავალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯერემი დე მაიო The Verge-თან საუბრისას ამბობს, ბრიტანული კომპანია მათ ინჟინრული ექსპერტიზისა და ბრენდის ცნობადობის გამო შეისყიდეს. “ჩემი გადმოსახედიდან, Zound-ის პროდუქტები მუსიკის მოსასმენადაა შექმნილი, Marshall-ისა კი მუსიკის შესაქმნელად ან დასაკვრელად”, – ამბობს დე მაიო, რომლის თქმით, ეს ბიზნესები ერთმანეთს ავსებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ კომპანიის ახალი მფლობელები კარდინალური ცვლილებების გატარებას არც ერთი კომპანიის შემთხვევაში არ გეგმავენ. როგორც ცნობილია, გარიგება მოიცავს Marshall-ის ყველა ბრენდს, მათ შორის Natal Drums-ს, Marshall Records-სა და Marshall Live Agency-ის. ამასთან, არ იცვლება კომპანიის ქარხნების ადგილმდებარეობა, ასე რომ პროდუქტების წარმოება კვლავაც გაერთიანებულ სამეფოსა და ვიეტნამში გაგრძელდება.

ამასთან, კომპანიაში რჩებიან Marshall-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ვიქტორია მარშალი და Marshall-ის პირველი გამაძლიერებლის შემქმნელი ტერი მარშალი – ორივე მათგანი Marshall Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნება.