სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წელს საქართველოში 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ნაცვლად 3,5%-ისა, რასაც წინა პროგნოზი ითვალისწინებდა. ამასთან, ფონდმა გაზარდა მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. IMF მომდევნო წელს საქართველოში 4,2%-იან ზრდას ელოდება. 

“საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო. ივნისის ბოლოსთვის სსფ-ის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია. ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პრატნიორებში მაღალმა ზრდამ შეუწყო ხელი. ასევე, გაიზარდა ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები. საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებიტ ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას ველოდებით”,- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის პირველი მიმოხილვა დაასრულა. წინასწარ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 42,3 მილიონი დოლარის (30 მილიონი ესდეერი) ოდენობით. ამით მიმდინარე პროგრამის ჩარიცხვები 84,6 მილიონ დოლარს (60 მილიონ ესდეერს) გაუტოლდება.