რომელ დარგებში დებენ ინვესტიციებს საქართველოში?

რომელ დარგებში დებენ ინვესტიციებს საქართველოში?

2022 წელს საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. საქართველოში შემოსული ინვესტიციების სტატისტიკა 1996 წლიდან არსებობს და ნომინალურ გამოსახულებაში, 2 მილიარდი აშშ დოლარი ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია. თუმცა ნომინალურ რიცხვებში გამოსახული მოცულობა სრულად არ გვეუბნება, ინვესტიციები ბევრია თუ ცოტა, რადგან, რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მით მეტი ინვესტიცია სჭირდება ზრდისა და განვითარებისთვის. ამიტომ ინვესტიციების მოცულობა ქვეყნის ეკონომიკის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ უნდა ვნახოთ. 2022 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს მშპ-ის 8.1% იყო. ამ მხრივ, საქართველოს გაცილებით მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა 2014-2017 წლებში, საშუალოდ 11.3%, ხოლო რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს ჰქონდა – 17.3%.

საინტერესოა, საქართველოში ძირითადად რომელი ქვეყნებიდან შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რომელ დარგებში მიემართება ეს თანხები. 2022 წელს შემოსული ინვესტიციების 83% ათ ქვეყანაზე მოდის. აქედან გამომდინარე, სტატიაში განვიხილავთ საქართველოს ეკონომიკის რომელ დარგებში აბანდებს ფულს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა.

10 – იაპონია | $69 მილიონი

2022 წელს იაპონიიდან საქართველოში 69 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ზოგადად, იაპონია არ გამოირჩევა საქართველოში მსხვილი ინვესტიციებით. ბოლო 10 წელიწადში საქართველოში იაპონიიდან სულ 127 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა და ამ თანხის ნახევარზე მეტი 2022 წელზე მოდის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2022 წელს იაპონიიდან შემოსული ინვესტიციების 93% (64 მლნ დოლარი) საბითუმო და საცალო ვაჭრობის დარგში განხორციელდა. საქსტატი არ აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რომელმა კომპანიებმა რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს, მაგრამ bm.ge-ის ინფორმაციით, 2022 წლის ტოპ-10 ინვესტორ კომპანიას შორისაა შპს „ტოიოტა კავკასია“, რომელიც იაპონური კომპანიის ფილიალია და, სავარაუდოდ, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მას ეკუთვნის.

იაპონიიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

69

საბითუმო და საცალო ვაჭრობა

64

ინფორმაცია და კომუნიკაცია

0.3

დანარჩენი სექტორები

4.8

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

9 – რუსეთი | $71 მილიონი

2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 71 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 5 მლნ დოლარით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში რუსეთიდან 564 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 3.8%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების 98% (69 მლნ დოლარი) უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში განხორციელდა. ეს დარგი უძრავი ქონების ქირით და იჯარით გაცემას და შუამავალ კომპანიებს მოიცავს. მაგალითად, ამ დარგში ხვდება ისეთი ეკონომიკური საქმიანობა, როგორიცაა უძრავი ქონების ყიდვა გაქირავების მიზნით. შემდეგ საინფორმაციო და კომუნიკაციის სექტორი მოდის 11.5 მლნ დოლარით, რაც ძირითადად IT-კომპანიების დაარსებას უკავშირდება. სხვა დარგებში შედარებით მცირე მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა.

საფინანსო სექტორში რუსეთიდან ინვესტიციები 35 მლნ დოლარით შემცირდა, რაც „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ დახურვამ განაპირობა.

რუსეთიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

71

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

69

ინფორმაცია და კომუნიკაცია

11.5

მშენებლობა

7.9

საბითუმო და საცალო ვაჭრობა

4.3

ტრანსპორტი და დასაწყობება

3.5

დამმუშავებელი მრეწველობა

3.4

გართობა და დასვენება

3.2

საფინანსო საქმიანობა

-35

დანარჩენი სექტორები

3.2

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

8 – ჩეხეთი | $86 მილიონი

2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში 86 მლნ აშშ დო­ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 6 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში ჩეხეთიდან 588 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 4%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ჩეხეთიდან შემოსული ინვესტიციების 89% (77 მლნ დოლარი) ენერგეტიკის დარგში განხორციელდა. ეს ინვესტიციები უკავშირდება სს „ენერგო – პრო ჯორჯიას“ საქმიანობას, რომელიც საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიაა და მისი სათავო ოფისი ჩეხეთში მდებარეობს. როდესაც სათავო ოფისი „ენერგო – პრო ჯორჯიაში“ ინვესტირებას ახორციელებს, თუნდაც ელექტროსისტემების ინფრასტრუქ­­ტურის რეაბილიტაციის მიზნით, ეს ოპერაციები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კატეგორიაში შედის.

ჩეხეთიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

86

ენერგეტიკა

77

სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

3.5

ტრანსპორტი და დასაწყობება

2

დანარჩენი სექტორები

4

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

7 – თურქეთი | $106 მილიონი

2022 წელს თურქეთიდან საქართველოში 106 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 7 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში თურქეთიდან 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 8%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების 41% (44 მლნ დოლარი) უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში განხორციელდა. 24% (26 მლნ დოლარი) გართობისა და დასვენების სექტორში განხორციელდა, რაც, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების ბიზნესში ინვესტირებას გულისხმობს. 29 მლნ დოლარით შემცირდა თურქული კომპანიების ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, რაც თურქული კომპანიების წილის სხვა ქვეყნის კომპანიებისთვის მიყიდვას ან ზარალს გულისხმობს. შესაძლოა, ენერგეტიკის სექტორში თურქული ინვესტიციების კლება ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას და მისი მშენებარე თურქული კომპანიის („ენკა რინიუებლზი“) ზარალს უკავშირდებოდეს.

თურქეთიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

106

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

44

გართობა და დასვენება

26

ტრანსპორტი და დასაწყობება

21

დამმუშავებელი მრეწველობა

21

რესტორნები და სასტუმროები

16

სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

6.7

საფინანსო საქმიანობა

3.5

ენერგეტიკა

-29

დანარჩენი სექტორები

-2.5

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

6 – ჩინეთი | $109 მილიონი

2022 წელს ჩინეთიდან საქართველოში 109 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 137 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. 2021 წელს ჩინეთიდან ინვესტიციები 28 მლნ დოლარით შემცირდა, -28 მლნ დოლარი დაფიქსირდა. ბოლო 10 წელიწადში ჩინეთიდან 599 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 4.1%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციების 67% (73 მლნ დოლარი) მშენებლობის დარგში განხორციელდა. 2022 წლის ტოპ-10 ინვესტორ კომპანიას შორისაა ჩინეთის სახელმწიფო შპს „სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი, რომელიც ჩუმათელეთი-ხევის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას ახორციელებს. 2022 წელს ჩინეთიდან შემოსული 36 მლნ დოლარის ინვესტიცია სხვადასხვა სექტორში განაწილდა.

ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

109

მშენებლობა

73

დანარჩენი სექტორები

36

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

5 – ირლანდია | $141 მილიონი

2022 წელს ირლანდიიდან საქართველოში 121 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 120 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში ირლანდიიდან 261 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 1.8%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ირლანდიიდან შემოსული ინვესტიციებიდან 0.3 მლნ დოლარი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში განხორციელდა, ხოლო დანარჩენი 120.6 მლნ დოლარის ინვესტიცია დანარჩენ სექტორებში არის გაერთიანებული, რაც ბევრს არაფერს გვეუბნება. 2022 წლის ტოპ-10 ინვესტორ კომპანიას შორისაა შპს „სითი ლოფტი“, რომლის 51% 2019 წელს ირლანდიურმა კომპანია Flutter Entertainment-მა შეიძინა 115 მლნ ევროდ, ხოლო დარჩენილი 49% მომავალ წელს უნდა შეეძინა. აღნიშნული 3-წლიანი ვადა 2022 წელს ამოიწურა და ირლანდიიდან შემოსული 121 მლნ დოლარი ამ გარიგებას უკავშირდება. შპს „სითი ლოფტი“ „აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც აზარტული თამაშების პორტალ adjarabet.com-ს ფლობს.

ირლანდიიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

141

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

0.3

დანარჩენი სექტორები

120.6

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

4 – ნიდერლანდები | $146 მილიონი

2022 წელს ნიდერლანდებიდან საქართველოში 146 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 7 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში ნიდერლანდებიდან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 13.3%-ია. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნიდერლანდები და მის სამეფოში შემავალი ოფშორული ტერიტორიები ხშირად არის გამოყენებული კომპანიების რეგისტრაციისთვის და რეალურად ნიდერლანდების სახელით სხვადასხვა ქვეყნის კაპიტალი შემოდის, მათ შორის, შესაძლოა, ქართველების მიერ განხორციელებული ინვესტიციებიც იყოს.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ნიდერლანდებიდან შემოსული ინვესტიციების 42-42% (ჯამში 128 მლნ დოლარი) დამმუშავებელ მრეწველობასა და ენერგეტიკაში განხორციელდა.

ნიდერლანდებიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

146

დამმუშავებელი მრეწველობა

62

ენერგეტიკა

62

საფინანსო საქმიანობა

29

საბითუმო და საცალო ვაჭრობა

8.6

დანარჩენი სექტორები

-16

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

3 – აშშ | $164 მილიონი

2022 წელს აშშ-დან საქართველოში 164 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 148 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში აშშ-დან 896 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 6%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს აშშ-დან შემოსული ინვესტიციების 62% (101 მლნ დოლარი) ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში განხორციელდა. 2022 წლის ტოპ-10 ინვესტორ კომპანიას შორისაა ამერიკული კომპანია შპს „ეპამ სისტემსი“ და შპს „მაგთიკომი“, რომლის წილებს ამერიკული კომპანიები ფლობენ. ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ორმა კომპანიამ განაპირობა. 29 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში.

აშშ-დან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

164

ინფორმაცია და კომუნიკაცია

101

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

29

სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

8

განათლება

5

ჯანდაცვა

2.5

საფინანსო საქმიანობა

2

დანარჩენი სექტორები

17

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

2 – ესპანეთი | $367 მილიონი

2022 წელს ესპანეთიდან საქართველოში 367 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 353 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში ესპანეთიდან 389 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 2.6%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ესპანეთიდან შემოსული ინვესტიციების 45% (166 მლნ დოლარი) უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში განხორციელდა. 198 მლნ დოლარის ინვესტიცია დანარჩენ სექტორებში არის გაერთიანებული, რაც ბევრს არაფერს გვეუბნება. 2022 წლის ტოპ-10 ინვესტორ კომპანიას შორისაა შპს ესპანური კომპანია „აკვალია“, რომელმაც 2022 წელს თბილისის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია „GWP“ შეისყიდა 180 მლნ დოლარად.

ესპანეთიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

367

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

166

ინფორმაცია და კომუნიკაცია

3

დანარჩენი სექტორები

198

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

1 – გაერთიანებული სამეფო | $428 მილიონი

2022 წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 428 მლნ აშშ დო­ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 175 მლნ დოლარით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში გაერთიანებული სამეფოდან 2.7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 18%-ია. მნიშვნელოვანია ის გა­რემოება, რომ გაერთიანებული სამეფო (ნიდერლანდების მსგავსად) და მის სამეფოში შემავალი ოფშორული ტერიტორიები ხშირად არის გამოყენებული კომპანიების რეგისტრაციისთვის და, რეალურად, ნიდერლანდების სახელით სხვადასხვა ქვეყნის კაპიტალი შემოდის, მათ შორის ქართველების მიერ განხორციელებული ინვესტიციებიც არის. მაგალითად, საქართველოს სამი უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგი: „თიბისი ბანკის ჯგუფი”, „საქართველოს ბანკი” და „საქართველოს კაპიტალი” (სს „ბიჯეო ჯგუფი“) იურიდიულად ბრი­ტანულ კომპანიებს წარმოადგენენ.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს გაერთიანებული სამეფოდან შემოსუ­ლი ინვესტიციები (434 მლნ დოლარი) ძირითადად საფინანსო საქმიანობის სექტორში განხორციელდა. საფინანსო საქმიანობაში მეტი ინვესტიცია შემო­ვიდა, ვიდრე გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციების ჯამია. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ რამდენიმე დარგში ინვესტიციები ჯამობ­­რივად 24 მლნ დოლარით შემცირდა. საფინანსო საქმიანობაში შემოსული ინვესტიციები ძირითადად სს „ბიჯეო ჯგუფის“ მიერ განხორციელდა.

გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

428

საფინანსო საქმიანობა

434

ტრანსპორტი და დასაწყობება

6

რესტორნები და სასტუმროები

4

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

3

სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

3

ინფორმაცია და კომუნიკაცია

3

დანარჩენი სექტორები

-24

ინფორმაციის წყარო: საქსტატი