2018 წელს Twitter-სა და Google-ს შორის, ტექნოლოგიური გიგანტის Cloud-სერვერზე სოციალური პლატფორმის სერვისების გასაშვებად, $1-მილიარდიანი კონტრაქტი გაფორმდა. თუმცა, როგორც Platformer-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, მასკის მფლობელობაში არსებული კომპანია კონტრაქტის განახლებისთვის თანხის გადახდას აღარ გეგმავს. ცნობისთვის, ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება.
Platformer-ის ცნობით, Twitter-ი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს, Google-ის ინფრასტრუქტურიდან შეძლებისდაგვარად მეტი სერვისი გამოიტანოს, თუმცა დრო ეწურება, რაც პლატფორმის მუშაობაზეც აისახება. მაგალითად, გათიშვის საფრთხის ქვეშაა Smyte-ი, პლატფორმა, რომელიც სოციალურმა გიგანტმა 2018 წელს, მოდერაციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად შეიძინა. Platformer-ის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ Twitter-ი თვის ბოლომდე საკუთარ სერვერებზე სისტემის მიგრაციას ვერ შეძლებს, კომპანიას, სპამისა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალის (CSAM) გაკონტროლებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება.
გარკვეული ხარვეზები Smyte-ზე შაბათამდეც შეინიშნებოდა, რაც მასკის მიერ Twitter-ის თანამშრომლების შემცირებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბერში მილიარდერმა Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების გუნდს ჰკითხა, თუ რატომ ვერ შეძლო პლატფორმის ავტომატიზებულმა სისტემამ Twitter Blue-ის მომხმარებლის იდენტიფიცირება, რომელიც კრიპტოვალუტით თაღლითობისთვის მის პერსონიზაციას ახდენდა. გუნდის შეფასებით, სისტემა, სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში არასტაბილური, ხოლო „მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში“ ავარიული იყო.
პლატფორმის არასტაბილურობა Twitter 2.0-ის დამახასიათებელი ნიშანია. თებერვალში, სოციალური მედიის რამდენიმე ძირითადი ფუნქცია არაერთხელ გაითიშა. ცნობისთვის, Google-თან თანამშრომლობის შეწყვეტა პირველი შემთხვევა იქნება Twitter-ის ისტორიაში, როდესაც კომპანია კონტრაქტს გააუქმებს. მასკის მიერ შესყიდვის შემდგომ კი, Twitter-ის გარშემო პრობლემები არ წყდება. გასულ წელს, სოციალურ გიგანტს, კომპანიას სათავო ოფისის ქირის გადაუხდელობის გამო, California Property Trust-მაც უჩივლა.