ინოვაციის 20 წელი

ინოვაციის 20 წელი

პაველ სმალინსკი ამაყობს საქართველოს პირველი მობილური ოპერატორის 20-წლიანი ისტორიით. 14-წლიანი სკანდინავიური ბიზნესგამოცდილების მქონე გენერალური დირექტორი კომპანიის კურსს აგრძელებს, ანუ Geocell-ს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და სოციალურად პასუხისმგებლიანი მომავლისკენ მიუძღვება.

47 წლის მაღალი პოლონელი, პაველ სმალინსკი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სარდაფში, თითქოს სტიმპანკის ესთეტიკიდან გადმოსულ ფოლადის კარზე აკაკუნებს. ოთახში შესულებს პეპერი გვესალმება – იაპონელი რობოტი, რომელიც ადამიანს დაახლოებით წელამდე სწვდება და რომელსაც თქვენი ემოციების ამოცნობა შეუძლია. 24-ინჩიანი iMac-ების უკან კი მომუშავე სტუდენტებს ვხედავთ.

სწორედ აქ მიმდინარეობს Geocell-ის აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთი საყვარელი პროექტი: Geolab-ი, რომელიც 2014 წელს გაიხსნა, მისი ხელმძღვანელობისას განხორციელებული ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა. ინკუბატორი სტუდენტებს სივრცითა და მენტორებით უზრუნველყოფს, რათა მათ საკუთარი შემოქმედებითი და შთამაგონებელი იდეების განხორციელება შეძლონ. პაველი კი ამაყია იმ მნიშვნელოვანი მიღწევებით, რისი მომსწრეც უკვე არის ეს ლაბორატორია.

სანამ Geolab-ს მოვინახულებდით, მტკვრის პირას მდებარე, Geocell-ის მთავარ შენობაში პაველთან ერთად მის ოფისში ვისხედით. 

Geocell-ს, რომელიც მარტში არსებობის 20 წელს აღნიშნავს, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური მიდგომების კუთხით და აქვს ძლიერი ემოციური ბმა მომხმარებელთან.

პაველის თქმით, მათი ინოვაციური მიდგომის მაგალითებს განეკუთვნება მობილური აპლიკაცია, “მოვლა”, რომელიც მთავრობასთან თანამშრომლობით მუშაობს და რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ, შეტყობინებები დატოვონ დაბინძურების შესახებ და ან თავად დაასუფთაონ ადგილი, ან პასუხისმგებელი პირების მეშვეობით; ციფრული არქივი მომავალი თაობებისთვის – “ციფრული ფოტომატიანე” და პროექტი “წიგნები” – ლექციათა ციფრული სერიები მსოფლიოს ყველაზე ღირებული ავტორებისა და წიგნების შესახებ.

“საქართველოში ჩვენ პირველი GSM ოპერატორი, ასე ვთქვათ, მობილური კომუნიკაციის პიონერი ვართ. 1997 წელს დაარსებულები, მდგრადი განვითარების ბიზნესპროცესებში მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვართ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტებად ისეთი ღირებულებების ქცევა, როგორიც გახლავთ ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და მომხმარებლის მონაცემთა კონფიდენციალურობა”, – განმარტავს პაველ სმალინსკი საკუთარ ოფისში, რომელშიც მობილური ოპერატორის ფერი, იასამნისფერი, თვალში საცემად მძლავრობს.

გენერალური დირექტორი ამაყობს, Geocell-ის დიდი გამოცდილების თანამონაწილე რომაა. “გასული ოცი წლის მიღწევებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რა მასშტაბის მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე, და ასეც გავაგრძელებთ”. მომდევნო წლისთვის კომპანიას რამდენიმე სხვადასხვა პროექტი აქვს დაგეგმილი, მათ შორის, შეჯიბრუნარიანობის წასაქეზებლად, სტუდენტთა შეფასებაზე დაფუძნებულ კონკურსს გეგმავენ, რომელიც მარტში დაიწყება. ეს მასშტაბური პროექტია, რომელიც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს აერთიანებს. პროექტს სახელად საუკეთესოდ მოერგო ქართული სიტყვა “ვიცი”. “ვიცის” მამოძრავებელი ძალა შეჯიბრია მეტი ცოდნისთვის, რასაც Geocell-ის მიერ შემოთავაზებული მოტივაციაც ხელს უწყობ: რაც მეტი იცი, მით უფრო მაღალ ქულებს იმსახურებ, ხოლო ვისაც მეტი ქულა აქვს Geocell-ისგან უფასო ინტერნეტპაკეტს იღებს.

პაველ სმალინსკი, რომელმაც Telia Company-ში 14 წელზე მეტი გაატარა, სამსახურის გამო ბევრს მოგზაურობდა. “მუდამ მზად მქონდა ჩემოდანი”, -ამბობს ის. მაგრამ მოხარულია, რომ საქართველოში, Geocell-ში დაფუძნდა და აღნიშნავს, რომ აქ ბიზნესის კეთების სკანდინავიურ სტილს იყენებს. “ეს ბიზნესის ძალიან მდგრადი მოდელია”, – განმარტავს ის.

მაგრამ სკანდინავიურ ბიზნესმენტალობას მხოლოდ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში როდი იხილავთ. Geocell-ისთვის მისი თანამშრომლები პირველ ადგილზე არიან. “ჩვენ ერთი ოჯახი ვართ”, – ამბობს გენერალური დირექტორი.

მიუხედავად ლარის ვარდნით გამოწვეული პრობლემებისა (კომპანია შემოსავალს ლარში იღებს, მაგრამ ხარჯების 95%-ის დაფარვა მყარ ვალუტაში უწევს), კომპანია ხელფასების მატებას ყოველწლიურად განაგრძობს.

პაველ სმალინსკი იმასაც აღნიშნავს, რომ Geocell-ისთვის მისი ყველა თანამშრომელი ძვირფასია.

“გვჯერა, რომ კომპანიის ძრავას თანამშრომლები წარმოადგენენ. თანამშრომლებისადმი სკანდინავიური მიდგომა, რომელშიც მე გავიზარდე, ისეთ ღია კომუნიკაციას გულისხმობს, სადაც ყველა თანასწორია”.

მენეჯმენტის ზედა რგოლში თანამდებობათა 50% ქალებს უკავიათ. ეს უდავოდ შთამბეჭდავი რიცხვია სხვა ქართულ კომპანიებთან შედარებით და აქედანაც ჩანს, რომ Geocell-ი კარგაც აცნობიერებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას. პაველის თქმით, ერთის გარდა, მისი ყველა უფროსი ქალი იყო და მუდამ ხედავდა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა გენდერულ თანასწორობას ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების სფეროში.

მაგრამ მხოლოდ ია-ვარდით როდი არის Geocell-ის გზა მოფენილი. კომპანია ახლა შემცირებულ მოგებებს უმკლავდება, რასთან დაპირისპირებაც დღეს მობილური ოპერატორების მთელ სამყაროს უწევს; ამასთანავე, აგრესიულ კონკურენციაშია თავის მთავარ მეტოქესთან, “მაგთისთან”, რომელიც ბაზარზე საკუთარ წილს ზრდის. “მაგთიმ” ინტერნეტპროვაიდერი Caucasus Online შეიძინა, რომელსაც, თავის მხრივ, ქვეყნის ბაზრის დაახლოებით 30% ეკავა.

როცა მაგთის დიდ ბილბორდს ვუხსენებ, რომელმაც ლამის მთლიანად დაფარა Geocell-ის მაღაზია სააკაძის მოედანზე, პაველ სმალინსკი იცინის. “ეს ჯანსაღი კონკურენციაა, – ამბობს ის. – ჩვენი აზრით, მსგავსი სვლა ძველმოდური და ცოტა არ იყოს, დრომოჭმულია. ძალიან ვაფასებ მაგთის ტექნოლოგიურ სფეროში, მაგრამ კომუნიკაციის თვალსაზრისით, Geocell-ის შემოქმედებითობა განუზომელია”. თანაც გვპირდება, რომ მისი კომპანია რაიმე სათანადო, შემოქმედებითი პასუხით უპასუხებს. “გამოწვევა მიღებულია”, – ამატებს და თვალს მეგობრულად გვიკრავს.

მაგრამ მხოლოდ შეჯიბრი არ აკავშირებთ საქართველოს სამ მობილურ ოპერატორს. მთავრობის ფარული მოსმენის ახალი კანონის პასუხად, Geocell-ი, მაგთი და Beeline-ი გაერთიანდნენ და მთავრობასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი პოზიცია მყარად იქნება წარმოდგენილი.

ასეა თუ ისე, პაველი განმარტავს, რომ მობილურ ოპერატორთა, კანონმდებელთა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით, მივიღებთ მკაცრ და მკაფიო პროცედურებს მომხმარებლების მონაცემთა კონფიდენციალობასთან დაკავშირებით. “ჩვენ ვიცავთ ჩვენი მომხმარებლის კონფიდენციალობას, ეს ჩვენი წარმატების ნაწილია”, – ამბობს ის და ამატებს, რომ მოხიბლულია საქართველოს მთავრობის გახსნილობითა და მზადყოფნით, საკითხზე გამჭვირვალე დიალოგი წარმართოს.

Geocell-ის კიდევ ერთი სტრატეგია, რითაც მეტოქეებისგან გამორჩევას ცდილობს, ქვეყნის მასშტაბით მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონების გაფართოებაში მდგომარეობს. რურალურ რეგიონებში – 3G-ის, ხოლო ურბანულში 4G-ის ქსელის გასაფართოებლად ორ წელიწადში 200 მილიონამდე ლარი დახარჯა და გადამცემი სადგურების რიცხვი 40%-ით გაზარდა.

“ბოლო ორ წელიწადში ჩვეულზე ორჯერ მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ, რითაც მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ჩვენი ქსელი, – ამბობს პაველ სმალინსკი. – გავაორმაგეთ ჩვენი 3G-ის გადამცემი სადგურების რიცხვი და სისრულეში მოვიყვანეთ ჩვენი გეგმები, რომ 2017 წლის დასაწყისში, U900 ტექნოლოგიის მეშვეობით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის დამატებითი გაფართოებით მთელი საქართველო დავფაროთ. ეს საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში, ქალაქსა და სოფელში ადამიანებს მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ–მომსახურება შევთავაზოთ”. მაგრამ თავადვე აღიარებს, რომ ეს არ არის ად ვილი ამოცანა. “საქართველო უკიდურესად რთული ლანდშაფტის ქვეყანაა დასაფარად. ამიტომ, გამუდმებით ვზრუნავთ, საუკეთესო 3G/4G დაფარვა გვქონდეს ქვეყანაში”.

ამასთან, 2017-ში Geocell-ი 4G-ის დაფარვის არეალსაც გაზრდის. ამ ეტაპზე დიდი ქალაქებისა და ზამთრის კურორტების უმეტესობაში უკვე არის 4G-დაფარვა. როგორც პაველი განმარტავს, კომპანია სწრაფად მიიწევს წინ და კიდევ უკეთეს მობილურ ინტერნეტს სთავაზობს მომხმარებელს, რაც ბოჭკოვან-ოპტიკური ქსელის გაფართოებისა და U900 ტექნოლოგიების დამსახურებაა. “ეს გაცილებით უფრო ეფექტიან ქსელს უზრუნველყოფს, უფრო ფართო დაფარვის არეალით იმავე ტერიტორიებზე”, – ამბობს Geocell-ის გენერალური დირექტორი.

200 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ქსელის ოპტიმიზებისა და მოდერნიზებისთვის Geocell-ის მშობელ კომპანია Telia-ს ეკუთვნის. ამის შესახებ მან 2015 წელს გააკეთა განცხადება (და 2015-შივე განახორციელა ინვესტიცია), პარალელურად, მან საკუთარ განზრახვასაც ახადა ფარდა, რომ აპირებდა, მთელი თავისი აქტივები ევრაზიის რეგიონში, მათ შორის, Geocell-იც, გაეყიდა.  

მართალია, ბევრი ფიქრობდა, Telia-ს ალბათ უკვე დაგეგმილი აქვს შემდეგი ნაბიჯებიო, პაველ სმალინსკის თქმით, ჯერჯერობით არაფერია დაგეგმილი. ამას ის გამჭვირვალობას უწოდებს, რომლითაც Telia ოპერირებს: “მათ მხოლოდ ის უნდოდათ, რომ თავიდანვე ყველას გაეგო მათი განზრახვის შესახებ გაყიდვასთან დაკავშირებით და ყველა პროექტი დაუბრკოლებლად გაგრძელდა”.

რაც უნდა მოხდეს ახლო მომავალში, პაველ სმალინსკი დარწმუნებულია, რომ ეს არ იმოქმედებს Geocell-ის მუშაობაზე. “ჩვენ გავაგრძელებთ Geocell-ის პროგრესულ სტრატეგიას და მიმზიდველი აქტივი ვიქნებით ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისათვის, – ამბობს ის. – ჩვენ მკაფიო, მდგრადი ზრდა გვაქვს და ბრენდის ძალიან ძლიერი იდენტობა”. სწორედ ასე ხედავს Geocell-ის აღმასრულებელი დირექტორი თავისი კომპანიის მომავალს.

ჩვენი დიალოგის მანძილზე ერთი საკითხი გამუდმებით იჩენს თავს და აშკარაა, რომ პაველ სმალინსკის შთაგონება Telia Company-ში მისი სამუშაო გამოცდილებაა.

“ჩვენ არ გვინდა, გავხსნათ მაღაზია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის პანდუსი არ იქნება. ასე არ ხდება”. თავის მიდგომას მაგალითით გვიხსნის, თუმცა ამატებს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, სამშენებლო ნებართვას თუ მოიპოვებენ პანდუსისთვის, ხოლო თუ ვერ მოიპოვებენ, დაჟინებით გააგრძელებენ მის მოთხოვნას.

და სწორედ აქ ბრწყინავს და გამოირჩევა Geocell-ი: კომპანია მხოლოდ პირდაპირ მოგებებზე არაა კონცენტრირებული, ის ყველაფერს აკეთებს, მთელ საზოგადოებაზე დადებითი კვალი რომ დატოვოს.

“უახლესი და ყველაზე საფუძვლიანი ცვლილება, რომლითაც ვამაყობთ, არის B4B კონცეფცია. ჩვენ უარს ვამბობ ‘ძველ სკოლაზე’ და ვიწყებთ ახალ ერას, რო მელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ მხოლოდ ტელეკომუნიკაციური სერვისის პროვაიდერი, ჩვენ ვთავაზობთ 360-გრადუსიან პარტნიორობას”, – ამბობს პაველ სმალინსკი.

სხვა სიტყვებით, Geocell-ი ინდუსტრიების საჭიროებების იდენტიფიკაციას ახდენს და მხარს უჭერს მათ პროფესიონალურ განვითარებას, სხვადასხვა ინოვაციურ ღონისძიებებში პარტნიორობით. ამის კარგი მაგალითია ბიზნესდაჯილდოების პროექტი TBC ბანკთან ერთად.

“როდესაც ციფრული იარაღებია საჭირო, ჩვენ ვავითარებთ ინდუსტრიაზე მორგებულ ბიზნესგადაწყვეტილებებს. როცა მენტორობაა საჭირო ჩვენ ვქმნით ბიზნესჰაბს, ბიზნესების გადაკვეთის წერტილს (მალე ამას ტელევიზიითაც ვიხილავთ). გვინდა, განვავითაროთ კომპანია, გვინდა, ჩვენი თანამშრომლები განვავითაროთ, გვინდა, ისე განვავითაროთ ბაზარი, რომ ჩვენი ინოვაციები შეითვისოს. მხოლოდ კომერციულ ასპექტებზე არ ვართ კონცენტრირებულნი”, – ამბობს Geocell-ის გენერალური დირექტორი.

მაგრამ ამის პარალელურად, სწრაფად განვითარებად საქართველოში, Geocell-ი უშუალო კავშირს ამყარებს მომხმარებლებთან და ჭკვიანურად ინარჩუნებს თავის საბაზრო წილს – მომხმარებლებთან, რომელთაც რაღაც უფრო მეტი უნდათ, ვიდრე მოძველებული მარკეტინგული სვლები.

“Geocell-ი არის ინოვაციები, მომხმარებელთა გამორჩეული გამოცდილება და სოციალური პასუხისმგებლობა”.