უსასრულო სეზონი

უსასრულო სეზონი
მირიან ქათამაძე, გიორგი სვანიძე და Petra Group-ი საქართველოს ტურისტული ეკონომიკის ურთულეს ამოცანას, სეზონურობას, უახლესი ფორმულით პასუხობენ: $750 მილიონის ინვესტიციას დამატებული სამი კურორტი, მრავალი ბრენდი და ერთიანი მართვა. 

ავტორი: ანა გელაშვილი 

როგორც კი Petra Group-მა MayaBay-სთან პარტნიორობის შესახებ განაცხადა, ციხისძირის პროექტში ბინა მონაკოს მოქალაქემ შეიძინა – მყიდველი მანამდე საქართველოში არასოდეს ყოფილა.

“მისთვის გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის ცოდნა — ამბობს Petra Group-ის თანადამფუძნებელი მირიან ქათამაძე – ბინა მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ გაიგო, საქართველოში MayaBay შემოდიოდა“.

ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ერთი მყიდველის ამბავია, თუმცა ამ ისტორიაში უფრო დიდი ტენდენცია იკითხება – საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას შეუძლია, მნიშვნელოვნად შეცვალოს ადგილის აღქმა და მის მიმართ ნდობა გააჩინოს.

მონაკოში დაფუძნებულ გასტრონომიულ ბრენდთან პარტნიორობა Petra Group-ის გრძელვადიანი სტრატეგიის უახლესი ნაწილია. მის მიმდინარე პროექტებში უკვე წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო სახელები, როგორებიცაა Accor-ის ბრენდები, Pullman–ი და Swissôtel–ი, საერთაშორისო ოპერატორი Valor Hospitality Partners–ი და ახლა უკვე — MayaBay. 

თითოეულ მათგანს განსხვავებული ფუნქცია აქვს: სასტუმრო ბრენდები პროექტში საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებენ; ოპერატორი საერთო მომსახურებასა და გაქირავებას მართავს; გასტრონომიული და lifestyle-კონცეფციები კი სტუმარს კურორტზე დასარჩენად დამატებით მოტივაციას უქმნის. გიორგი სვანიძისა და მირიან ქათამაძის სტრატეგია სწორედ ასეთი, ერთმანეთთან დაკავშირებული ელემენტების ერთიან სისტემად შეკვრას ეფუძნება.

 $750–მილიონიანი დაგეგმილი ინვესტიციით, Petra საქართველოში ახალ საკურორტო მოდელს ქმნის, რომელიც ბინების გაყიდვის შემდეგაც აქტიურად მუშაობს, სტუმარს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს და საერთაშორისო ბრენდებს ლოკაციის გასაძლიერებლად იყენებს. მთავარი აქცენტი დეველოპმენტიდან ოპერირებად, მრავალფუნქციურ კურორტზე გადადის.

 დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ზრდის მთავარი ინდიკატორი ვიზიტორთა რაოდენობა იყო. თუმცა დღეს ქვეყნის წინაშე უფრო კომპლექსური ამოცანა დგას: გაიზარდოს სტუმართა დაყოვნების ხანგრძლივობა და დანახარჯები, ხოლო საქართველოს მონახულების მთავარ მოტივად მხოლოდ დაბალი ფასი ან კონკრეტული სეზონი აღარ რჩებოდეს.

წინა წელთან შედარებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა. მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 4.5%-ით იკლო, ტურისტული ტიპის ვიზიტებმა კი – 2.7%-ით. ამასთან, შემცირდა ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯიც. 

თუმცა იმავე პერიოდში სულ სხვა სურათი გამოიკვეთა: წლის პირველ კვარტალში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროების დატვირთვა 51%-მდე გაიზარდა, ხოლო საშუალო დღიურმა ტარიფმა $129-ს მიაღწია. ამას ემატება ისიც, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან ვიზიტების რაოდენობა 23.4%-ით გაიზარდა.

ეს წინააღმდეგობრივი მონაცემები ბაზრის ტრანსფორმაციის მკაფიო სიგნალია. ტურიზმის საერთო, მასობრივი ზრდა გარანტირებული აღარ არის, თუმცა იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტის განთავსებაზე, მაღალი ხარისხის სერვისსა და სრულყოფილ გამოცდილებაზე. საქართველოსთვის მთავარი შესაძლებლობა სწორედ ამ სეგმენტის განვითარებაშია, რაც მასობრივ და სეზონურ ნაკადებზე ნაკლებ დამოკიდებულებასა და თითოეული ვიზიტორისგან მეტ შემოსავალს გულისხმობს. 

მსგავს ტენდენციას ვხედავთ გლობალურ ტურიზმშიც. სასტუმროს ბრენდის ცნება უკვე დიდი ხანია გასცდა ერთი შენობის მართვას: მის გარშემო ჩნდება ბრენდირებული რეზიდენციები (branded residences), რესტორნები, wellness-სივრცეები და გასართობი ინფრასტრუქტურა. Savills-ის მიხედვით, ბრენდული რეზიდენციების პროექტების რაოდენობა მხოლოდ 2025 წელს 19%-ით გაიზარდა. ახალი პროექტები უკვე კარგად ცნობილი პრემიუმ-ცენტრებიდან იმ სწრაფად მზარდ ბაზრებზე გადადის, სადაც საერთაშორისო ხარისხის სრულფასოვანი კურორტები ჯერ კიდევ იშვიათობაა. საქართველო სწორედ ამ კატეგორიაში ხვდება.

Petra-ს შემთხვევაში ეს სტრატეგია განსაკუთრებულ მასშტაბს იძენს. კომპანიის ორი ფლაგმანი პროექტი ზღვისა და მთის ერთმანეთისგან განსხვავებულ ტურისტულ გამოწვევებს პასუხობს: ციხისძირის მიზანი ბათუმის სეზონურობისგან დამოუკიდებელი, ახალი მიმართულების შექმნაა, გუდაურმა კი ზამთრის რამდენიმე თვეზე დამოკიდებული სათხილამურო ბაზარი უფრო მაღალი კლასისა და ოთხი სეზონის პროდუქტად უნდა გარდაქმნას. იგეგმება პორტფელის გამდიდრება ბორჯომის გამაჯანსაღებელი მიმართულებითაც.

სანამ ამ კომპლექსური პროექტების განხორციელებას შეუდგებოდნენ, Petra-ს სათავეში მდგომმა ორმა ბიზნესმენმა გამოცდილება წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით დააგროვა. 

43 წლის მირიან ქათამაძე ბიზნესით ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაინტერესდა, მოგვიანებით საზღვარგარეთ საქმიანობდა, საქართველოში კი სამშენებლო პროექტებზე მუშაობა 2008 წელს, ბათუმში დაიწყო. 

მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გუდაურს უკავშირდება: 2011 წელს ის გუდაურის განვითარების ფონდის მოწვევით ეწვია სათხილამურო კურორტს. იმ დროს „ახალი გუდაური“ ჯერ არ წარმოადგენდა იმ ტურისტულ ჰაბს, რომელსაც დღეს ათასობით ქართველი და უცხოელი მოგზაური იცნობს.

მომდევნო წლებში მირიან ქათამაძე გუნდთან ერთად გუდაურში საცხოვრებელი და სასტუმრო პროექტების განვითარებაზე მუშაობდა. საწყის ეტაპზე ბაზარი შედარებით ხელმისაწვდომ აპარტამენტებს ითხოვდა. კურორტს მეტი განთავსების ადგილი, მეტი სტუმარი და მეტი ბიზნესი სჭირდებოდა, რათა დამატებითი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად საკმარისი მოთხოვნა შექმნილიყო. 

„თუ დაბალი სეგმენტი ჯერ არ არსებობს, პირდაპირ მაღალი სეგმენტით ვერ დაიწყებ, — ამბობს მირიან ქათამაძე. — როდესაც დაბალი სეგმენტი ჩამოყალიბებულია, სწორედ ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მაღალზე გადახვიდე“.

„ახალი გუდაურის“ განვითარების გენერალური გეგმა ცნობილმა კანადურმა კომპანია ECOSIGN-მა შეიმუშავა. გუდაური დღეს ერთადერთი კურორტია საქართველოში, რომელიც ასეთი მაღალკვალიფიციური საერთაშორისო კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით განვითარდა. სწორედ ECOSIGN-ის გეგმის საფუძველზე ხორციელდებოდა კურორტის განვითარება წარსულში მირიან ქათამაძის კომპანიის, და ახლა კი Petra Group-ის მიერ. 

ამ პერიოდის მასშტაბი შთამბეჭდავია: 2012-2017 წლებში ქათამაძის გუნდმა გუდაურში ხუთი აპარტ-ჰოტელი, დაახლოებით 500-მდე აპარტამენტი და 35,000 კვადრატული მეტრი ფართობი დაასრულა. გაყიდვების დიდი ნაწილი მშენებლობის პროცესშივე ხორციელდებოდა, მყიდველებს შორის კი, ქართველებთან ერთად, უცხოელი ინვესტორებიც მრავლად იყვნენ. ამ გამოცდილებამ ბიზნესმენს დაანახა, რომ უძრავ ქონებას კურორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა. 

„კურორტის წარმატებას მხოლოდ უძრავი ქონება არ განსაზღვრავს. გადამწყვეტია ცხოვრების სტილი, სერვისი, ინფრასტრუქტურა და ის გამოცდილება, რომელსაც სტუმარი და მფლობელი ყოველდღიურად იღებს”, — აღნიშნავს მირიან ქათამაძე. 

ამ გამოცდილებამ მას განვითარების მეორე მხარეც აჩვენა: შენობების სიმრავლე თავისთავად არ ნიშნავს სრულფასოვან, დასრულებულ გარემოს. იმისთვის, რომ უძრავი ქონების დეველოპმენტი რეალურ კურორტად იქცეს, მას ერთიანი მართვა, მაღალი დონის მომსახურება, ხარისხიანი გასტრონომია, დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი შესაძლებლობები სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე მასშტაბური პროექტიც კი შესაძლოა ერთმანეთის გვერდით განთავსებულ აპარტამენტებად დარჩეს.

იმავე პერიოდში 55 წლის გიორგი სვანიძის პროფესიული გამოცდილება სხვა მიმართულებით ვითარდებოდა. Svanidze Holding-ის დამფუძნებელი სხვადასხვა დროს საქმიანობდა სოფლის მეურნეობაში, უძრავ ქონებასა და საცალო ვაჭრობის სექტორში. მისი ყველაზე ცნობილი ბიზნესი საქართველოში ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარებას უკავშირდება. პირველი ზეთისხილის ბაღი 2009 წელს გაშენდა, მოგვიანებით კი მეურნეობის ფართობი 1,500 ჰექტარამდე გაიზარდა. ამ შედეგის მისაღწევად სვანიძეს მიწის რესურსების, გრძელვადიანი კაპიტალის, უცხოური გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთიან სისტემაში გაერთიანება დასჭირდა.

ზეთისხილის პროექტმა სვანიძეს საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფასდაუდებელი გამოცდილებაც შესძინა. 2019 წელს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა, მომდევნო წელს კი საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს. გიორგი სვანიძე საბჭოს პრეზიდენტი ორი ვადით გახდა.

ტურიზმში გიორგი სვანიძის ამოცანა დღეს განსხვავებულია, თუმცა ბიზნესის ლოგიკა უცვლელი რჩება: ადგილობრივი რესურსი საერთაშორისო ბაზრისთვის მიმზიდველ პროდუქტად უნდა იქცეს, ამისთვის კი აუცილებელია კაპიტალი, საერთაშორისო ცოდნა და ხანგრძლივი პარტნიორობა.

Petra-ში ეს ორი გამოცდილება ორგანულად ავსებს ერთმანეთს: ქათამაძის ცოდნა იმისა, თუ როგორ შეიძლება განავითარო საკურორტო ლოკაცია ნულიდან, და სვანიძის გამოცდილება, თუ როგორ უნდა შეკრა დიდი პროექტისთვის საჭირო კაპიტალი და პარტნიორების ქსელი. Petra Group-ის ბრენდის ქვეშ კომპანია 2023 წლიდან ოპერირებს, მასში შედის Petra Sea Resort–ი ციხისძირში, Petra Ski Resort–ი გუდაურში და, შემდეგ ეტაპზე, Composers Resort Borjomi.

Petra-ს განვითარება მხოლოდ საწყის კაპიტალზე არაა დამოკიდებული. ქათამაძემ და სვანიძემ შეძლეს, საერთაშორისო ინვესტორები და ოპერატორები არა მხოლოდ გაყიდვების, არამედ გრძელვადიანი ტურისტული ხედვისა და ერთიანი სტანდარტის გარშემო გაეერთიანებინათ და ასეულობით მილიონის უცხოური ინვესტიცია მოეზიდათ. 

ამ ახალი მოდელის მასშტაბური რეალიზაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ციხისძირში. Petra Sea Resort-ის ტერიტორია დაახლოებით 27 ჰექტარს მოიცავს. გენგეგმით გათვალისწინებულია საცხოვრებელი ერთეულები, საერთაშორისო სასტუმროები, 1 კმ-იანი კერძო სანაპირო ზოლი, იახტკლუბი, სპორტულ-გასართობი სივრცეები და ათეულობით კვების ობიექტი. პროექტის გამოცხადებული საინვესტიციო ღირებულება $236 მილიონს შეადგენს. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია: ამჟამად პარალელურად რამდენიმე შენობა შენდება, ხოლო ორი 29-სართულიანი (B და C) ბლოკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რაც მომავალი წლიდან სარემონტო სამუშაოების დაწყების საშუალებას იძლევა.

გენგეგმის მიხედვით, კურორტი ეტაპობრივად განვითარდება: ერთ ტერიტორიაზე განთავსდება დაბალი და მაღალი განაშენიანების საცხოვრებელი სახლები, Pullman-ის ბრენდული რეზიდენციები, სანაპირო ზოლისა და იახტკლუბის ინფრასტრუქტურა. ამგვარი მასშტაბი Petra Sea Resort-ს ჩვეულებრივი სასტუმროსგან მკვეთრად განასხვავებს: აქ საერთო შთაბეჭდილების შექმნაში არაერთი ელემენტი მონაწილეობს: სანაპირო ზოლის, რესტორნების, სპორტული, გამაჯანსაღებელი და გასართობი ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიებების ჩათვლით. 

Petra-სთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საერთაშორისო ბრენდმა და კომპანიამ კონცეფციის განსხვავებული ნაწილი შეავსოს და საკუთარი გამოცდილება კურორტის მთლიან განვითარებას მოახმაროს. სასტუმროს ბრენდი კონკრეტულ ობიექტს საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას უკავშირებს, Valor Hospitality Partners–ი მთელი კურორტის საოპერაციო მართვასა და სხვადასხვა კომპონენტის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. თავის მხრივ, lifestyle-ბრენდების ამოცანა სტუმრის ყოველდღიური გამოცდილების შექმნა და კურორტის ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაა. 

ამ სინერგიაში ცენტრალური როლი Valor Hospitality Partners-ს ეკისრება. Petra-მ კომპანიასთან არა უბრალოდ ერთი სასტუმროს, არამედ მთელი Sea Resort-ის კომპლექსურ მართვაზე გააფორმა შეთანხმება. Valor-ის ჩართულობა 5,000-მდე საცხოვრებელ ერთეულს, სასტუმროებსა და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

„Petra Group-თან პარტნიორობის გადაწყვეტილება მათი ხედვის ამბიციითა და მასშტაბით იყო განპირობებული: Petra საქართველოსთვის ნამდვილად გამორჩეულ პროდუქტს ქმნის, სადაც სტუმარმასპინძლობა, რეზიდენციები, დასვენება და ლაიფსტაილი ერთ დანიშნულების ადგილად ერთიანდება”, — ამბობს ჟიულიენ ბერგი, Valor Hospitality Partners AMEA-ს თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. მისივე სიტყვებით, საქართველოში „არსებობს მნიშვნელოვანი სივრცე საერთაშორისო მართვის მაღალი ხარისხის საკურორტო დანიშნულების ადგილებისთვის”, და Petra Sea Resort-ს ამ პოტენციალის გამოაშკარავებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება  შეუძლია. 

დღეს საქართველოს საკურორტო სექტორში უძრავი ქონების დიდი ნაწილი მცირე ინვესტორებზე იყიდება. შედეგად, ერთ კონკრეტულ კომპლექსს თუ ტერიტორიას ასობით სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავს: ნაწილი თავად ცხოვრობს, ნაწილი საკუთრებას ინდივიდუალურად აქირავებს, ნაწილი კი ფასის ზრდას ელოდება. საერთო ოპერატორის გარეშე მომსახურების სტანდარტის შენარჩუნება, გაქირავების სისტემის მართვა და სტუმრისთვის სრულფასოვანი გამოცდილების შექმნა რთულდება. Petra-ს მიზანია, ინდივიდუალური საკუთრება კურორტის ერთიან საოპერაციო მოდელში მოაქციოს.

შესაბამისად, გაყიდული აპარტამენტების რაოდენობა Petra-სთვის წარმატების მხოლოდ ერთი საზომია. კურორტის საბოლოო ტურისტული ეფექტი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი აპარტამენტი ჩაერთვება გაქირავების საერთო სისტემაში, რამდენად დატვირთული იქნება სასტუმროები, რა თანხას დახარჯავს სტუმარი საცხოვრებელი ობიექტის მიღმა და დაბრუნდება თუ არა ის მომდევნო სეზონზეც. 

ანალოგიური მიდგომა ვრცელდება Petra Ski Resort-ზეც. Swissôtel-ის კომპლექსი 180-ნომრიან სასტუმროსა და 290 ბრენდულ რეზიდენციას გააერთიანებს. გუდაურის შემთხვევაში რესტორნებმა, wellness-კონცეფციამ და მრავალფეროვანმა მომსახურებამ კურორტზე გატარებული დრო და თითოეული სტუმრის დანახარჯი უნდა გაზარდოს, ხოლო საბოლოოდ — სათხილამურო სეზონის მიღმაც გააჩინოს მოთხოვნა.

„ჩვენი თითოეული ნაბიჯი ერთ მთავარ იდეას ემსახურება: შევქმნათ ადგილი, რომლის მონახულებაც ადამიანებს მთელი წლის განმავლობაში მოუნდებათ და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სეზონზე“, — აღნიშნავს მირიან ქათამაძე.

MayaBay ამ სისტემის უახლესი კომპონენტია.

„Petra Group-თან პარტნიორობა ჩვენთვის სრულიად ბუნებრივი არჩევანი იყო, რადგან ეს საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეველოპერული ჯგუფია, — აღნიშნავს Maya Collection-ის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ მარია, — პარტნიორებს, პირველ რიგში, იმის მიხედვით ვირჩევთ, რამდენად ემთხვევა მათი ღირებულებები და გრძელვადიანი ხედვა — ჩვენსას”. 

MayaBay ციხისძირში Beach Club-ის ფორმატით შევა და, Petra-ს გეგმის მიხედვით, 2027 წლის ზაფხულში გაიხსნება, ხოლო გუდაურში რესტორანი Swissôtel-ის კომპლექსში განთავსდება. ორივე სივრცე, ჯამურად, 200-220 სტუმარზე იქნება გათვლილი და თითოეული 80-100 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. პერსონალი ბრენდის სტანდარტების შესაბამის ტრენინგებს საქართველოსა და მონაკოში გაივლის. შესაბამისად, საქართველოსთვის ამ ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში მომსახურების მაღალი სტანდარტის, მენეჯერული პრაქტიკისა და ახალი პროფესიული გამოცდილების დამკვიდრებასაც გულისხმობს.

„ჩვენ უკვე გვქონდა Accor-თან, Valor Hospitality Partners-თან თანამშრომლობის გამოცდილება და პროექტის განვითარების სტრატეგია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდა. სწორედ ამ ეკოსისტემამ შექმნა ნდობა, რომ Maya Collection–ი ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორი გახდებოდა”, — ამბობს გიორგი სვანიძე.

თავის მხრივ, Accor-იც აფართოებს Petra Group-თან ურთიერთობას საქართველოს მასშტაბით. 

„Pullman Residences Batumi და Swissôtel Hotel & Residences Gudauri ასახავს ჩვენს საერთო ამბიციას, შევქმნათ გამორჩეული ბრენდული საცხოვრებელი გამოცდილება ორ სრულიად განსხვავებულ დანიშნულების ადგილას”, – ამბობს Accor One Living-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფონ ბარლოვენი.

კომპანიის შემდეგი სტრატეგიული ნაბიჯი Composers Resort Borjomi იქნება. Petra ისტორიული კომპოზიტორთა სახლის აღდგენით და ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს, გამაჯანსაღებელი და გასტრონომიული კონცეფციის შექმნას გეგმავს. ამით კომპანიის პორტფელი სამ განსხვავებულ ტურისტულ მიმართულებას — ზღვისპირეთს, სათხილამურო და გამაჯანსაღებელ კურორტს გააერთიანებს.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება როგორც Petra Group-ის, ისე მთლიანად საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისთვის“, — ამბობს გიორგი სვანიძე.

Petra-ს მიზანია, კომპანიის პროექტები უფრო ფართო ტურისტული ინდუსტრიის მაგალითებად იქცეს: საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოში მხოლოდ სასტუმროს გახსნის შესაძლებლობას აღარ დაინახონ და მათი ინტერესი სრულ საკურორტო პროექტებზეც გავრცელდეს.

ბრენდების ასეთი მასშტაბური კოლაბორაცია საქართველოსთვის ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენს. ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო სასტუმროები უკვე ფართოდ არიან წარმოდგენილნი, თუმცა მთლიანი კურორტის ერთი ოპერატორის ქვეშ მოქცევა, რამდენიმე ტიპის ბრენდული რეზიდენციისა და დამოუკიდებელი lifestyle-კონცეფციის ერთ პროექტში გაერთიანება იშვიათი პრეცედენტია. სწორედ ამიტომ, Petra-ს მოდელი შეიძლება მთლიანი ტურისტული ინდუსტრიისთვის საინტერესო მაგალითი აღმოჩნდეს.

მეორე მხრივ, შავიზღვისპირეთის უძრავი ქონების ბაზარზე კონკურენცია მკვეთრად იზრდება. Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის ბათუმში გაუყიდველი აპარტამენტების რაოდენობამ დაახლოებით 12,400-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 14%-ით მეტია, რასაც საშუალო საიჯარო შემოსავლიანობის კლებაც ახლდა თან. ამავდროულად, 2025 წელს დასრულებულ პროექტებში აპარტამენტების 95% უკვე გაყიდულია, რაც აჩვენებს, რომ დასრულებულ, მაღალხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა კვლავ სტაბილურია. სწორედ ეს განსაზღვრავს Petra-ს ამოცანასაც: ბაზარზე, სადაც მიწოდება მოთხოვნას წინ უსწრებს, გამარჯვებული საბოლოოდ ის პროექტი იქნება, რომელიც მყიდველს რეალურ ხარისხსა და ფასის შესაბამის ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. 

მომდევნო სამი წელი პირველ პრაქტიკულ შედეგებს დაგვანახებს. ციხისძირის MayaBay Beach Club-ის გახსნა 2027 წლისთვის იგეგმება, ხოლო Sea Resort-ის მომდევნო ფაზები და გუდაურის Swissôtel-ის კომპლექსი მოგვიანებით ამოქმედდება. თითოეული ობიექტის პრეზენტაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, თუმცა გახსნა მხოლოდ დასაწყისია. 

მირიან ქათამაძისა და გიორგი სვანიძის გამორჩეული მიღწევაა, რომ მათ ერთიან პლატფორმაზე მოუყარეს თავი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებს, გლობალურ ოპერატორებს, უცხოურ კაპიტალსა და წამყვან გასტრონომიულ კონცეფციებს. თუმცა საბოლოო წარმატება ჯერ კიდევ წინ არის: ყველა ეს ელემენტი ყოველდღიურ საოპერაციო რეჟიმში ეფექტიანად უნდა ამუშავდეს და ერთმანეთის ღირებულება გრძელვადიანად გაზარდოს. 

მონაკოელი მყიდველის მოსაზიდად MayBay-ის სახელი საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა თანადამფუძნებლების გრძელვადიანი ხედვა ბევრად კომპლექსურია: Petra Group-ის კურორტებმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სახელი უნდა შექმნან – სტუმრები საერთაშორისო ბრენდებთან ერთად არა მხოლოდ ციხისძირმა, გუდაურმა და ბორჯომმა, არამედ სრულიად საქართველომ თავად უნდა დააინტერესოს. 

ამისთვის გიორგი სვანიძემ და მირიან ქათამაძემ მსოფლიოს ქართული ტურიზმის ახალი სტანდარტი უნდა შესთავაზონ – უსასრულო სეზონი. 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი