ივიცა ლოვრიჩმა კარიერა სასტუმროს მიმღების ღამის ცვლაში მუშაობით დაიწყო, დღეს კი აღმოსავლეთ ევროპაში პირველ Radisson RED-ს მართავს. Radisson RED Tbilisi-ის გენერალურმა მენეჯერმა ფოსტის ისტორიული შენობა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თავშეყრის ადგილად აქცია. მას სჯერა, რომ სტუმარმასპინძლობის მომავალი იმ სასტუმროებს ეკუთვნის, რომლებიც ქალაქის რიტმში ბუნებრივად თავსდებიან.
ივიცა, თქვენ კარიერა ღამის ცვლაში სტუმრების რეგისტრაციით დაიწყეთ, დღეს კი გენერალური მენეჯერი ხართ. რა გასწავლათ კარიერის დასაწყისში ამ პოზიციაზე მუშაობამ?
ღამის ცვლაში მუშაობა სწრაფად გასწავლის, როგორ ფუნქციონირებს მთელი სასტუმრო. შენ ხარ ადამიანი, რომელიც სტუმართან ურთიერთობას აგვარებს, წყვეტს ნებისმიერ პრობლემას, რაც ჩნდება და კოორდინაციას უწევს სხვადასხვა განყოფილებას მაშინ, როცა გარშემო თითქმის არავინაა. მალევე ხვდები, რომ სტუმრის საერთო შთაბეჭდილებას თითოეული ინტერაქცია და თუნდაც უმცირესი დეტალები ქმნის.
იმ წლებმა ყველაზე მეტად ემპათია, პასუხისმგებლობა და იმის გააზრება მასწავლა, თუ რამდენად დამოკიდებულია ეს ბიზნესი გუნდურ მუშაობაზე. თითქმის ყველა პოზიციაზე მიმუშავია, სადაც სტუმართან უშუალო შეხება გაქვს, ამიტომ კარგად ვიცი, რა გამოწვევებთან უწევს გამკლავება ჩემს გუნდს ყოველდღიურად. გენერალური მენეჯერის როლშიც სწორედ ამას ვცდილობ: თანამშრომლებს მხარში დავუდგე, გადაწყვეტილებები სრული სურათის გათვალისწინებით მივიღო და არასოდეს დავკარგო მთავარი ფოკუსი – სტუმარი.
რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც ამ სასტუმროს მართვისას მიგიღიათ?
ყველაზე რთული მომენტები ყოველთვის მაშინ დგება, როცა ბიზნესის პრიორიტეტებსა და გუნდის კეთილდღეობას შორის ბალანსის პოვნა გიწევს, განსაკუთრებით, არასტაბილურ პერიოდებში. ჩვენს ინდუსტრიაში ზოგჯერ საჭიროა მძიმე ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღება ისე, რომ მომსახურების ხარისხი არ დათმო და გუნდსაც გვერდში დაუდგე.
ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ ნამდვილი ლიდერობა არ ნიშნავს უმარტივესი გზის არჩევას; ეს ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას გამჭვირვალობით, სამართლიანობით და ემპათიით. უნდა ისაუბრო პირდაპირ, მოუსმინო ყველა მხარეს და ყურადღების ცენტრში მუდმივად ადამიანი გყავდეს. მივხვდი, რომ ნდობა თანმიმდევრული მიდგომით შენდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რთულდება.
როგორ აღწერდა თქვენი გუნდი თქვენს მენეჯერულ სტილს და როგორ განსხვავდება ეს იმ სტილისაგან, რომელიც კარიერის დასაწყისში წარმოგედგინათ?
ვფიქრობ, ჩემი გუნდი მეტყოდა, რომ ხელმისაწვდომი, მხარდამჭერი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ვარ. მინდა, ხალხი გრძნობდეს, რომ აქვთ ძალა, გამიზიარონ იდეები, აიღონ ინიციატივა და საერთო საქმეში წვლილი შეიტანონ. ამავდროულად, მჯერა პირადი მაგალითით ლიდერობის. სტუმარმასპინძლობა თანმიმდევრულობას ითხოვს და მეც იმდენს ვთხოვ საკუთარ თავს, რამდენსაც — გუნდს.
თავიდან მეგონა, რომ გენერალური მენეჯერობა უმეტესად გადაწყვეტილებების მიღებასა და სისტემების ზედამხედველობას ნიშნავდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს საქმე სინამდვილეში ხალხის განვითარებასა და ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც ყველას ექნება მოტივაცია, საკუთარი პოტენციალი გამოავლინოს. დღეს საკუთარ თავს მენეჯერად კი არა, იმ ადამიანად აღვიქვამ, რომლის მთავარი საქმეც გუნდის წარმატებისთვის ხელშეწყობაა.
Radisson RED თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში პირველი RED-ია. რა მიზეზებით აღმოჩნდა თბილისი სწორი ადგილი Lifestyle ბრენდისთვის, რომელიც ტრადიციული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებისგან საკმაოდ განსხვავდება?
თბილისს გამორჩეული ენერგია აქვს. ის შემოქმედებითი, ავთენტური და მუდმივად მოძრაობაში მყოფი ქალაქია. ის სულ უფრო მეტად იზიდავს როგორც დამსვენებლებს, ისე — საქმიან მოგზაურებს, რომლებსაც სტანდარტული, ძვირადღირებული სასტუმროებისგან რაღაც განსხვავებული სურთ. სწორედ ამიტომ, Radisson RED-ის დნმ-ისთვის თბილისი ბუნებრივი გარემოა.
ეს ბრენდი თანამედროვე მოგზაურისთვისაა შექმნილი, რომელიც აფასებს დიზაინს, ადგილობრივ კულტურასა და რეალურ სოციალურ კავშირებს. ჩვენ გვინდოდა, გავცდენილიყავით ხისტ, კონვენციურ სტანდარტებს და შეგვეთავაზებინა რაღაც უფრო ცოცხალი. აღმოსავლეთ ევროპაში პირველი RED-ის აქ გახსნა იყო შესაძლებლობა, შემოგვეტანა ახალი პერსპექტივა და ამავდროულად, ხაზი გაგვესვა ქალაქის ხასიათისთვის. ჩვენ გვინდა ვიყოთ სასტუმრო, რომელიც ასახავს თბილისის სულს: თამამს, სტუმართმოყვარესა და უნიკალური ხელწერის მქონეს.
RED-ის კონცეფცია თანხვედრაშია ახალგაზრდა, დიზაინზე ორიენტირებულ, სტუმრებთან. რამდენად კარგად მუშაობს ეს მიდგომა ქართულ ბაზარზე და მოგიწიათ თუ არა მისი ადაპტირება?
ამან გასაოცრად კარგად იმუშავა. თბილისი იზიდავს საერთაშორისო მოგზაურების, “ციფრულ მომთაბარეებსა” (Digital Nomad) და ადგილობრივ შემოქმედებით ადამიანებს, რომლებიც ავთენტურობისკენ ამ სწრაფვას ნამდვილად აფასებენ. დიდ ინტერესს ვხედავთ ადგილობრივი სტუმრებისგანაც, რომლებსაც უბრალოდ სურთ, ჰქონდეთ ცოცხალი სივრცე შესახვედრად, სამუშაოდ თუ სოციალიზაციისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ RED-ის ბირთვი გლობალურია, ყველა სასტუმროს უნდა ჰქონდეს იმ ქალაქის აღქმა, რომელშიც მდებარეობს. ჩვენ ეს ადგილობრივ ხელოვანებთან თანამშრომლობითა და რეგიონული სამზარეულოს წინ წამოწევით მოვახერხეთ. არ ვაკოპირებთ გლობალურ კონცეფციას; ჩვენ ფესვებს აქ, ადგილობრივ ლანდშაფტში ვდგამთ. ეს ბალანსი საშუალებას გვაძლევს, ბრენდის ერთგულნი დავრჩეთ და ამავდროულად, თავი თბილისის ნაწილად ვიგრძნოთ.
ვინ არის თქვენი სტუმარი რეალურად: საერთაშორისო მოგზაური, ადგილობრივი თბილისელი, საქმიანი ადამიანი თუ ყველა მათგანი? როგორ შეიცვალა ეს გადანაწილება გახსნის დღიდან?
ჩვენი ძალა სწორედ მრავალფეროვნებაშია. გვყავს საერთაშორისო ტურისტები, ბიზნესმენები, მაგრამ ჩვენი იდენტობის დიდი ნაწილი იმ ადგილობრივი სტუმრებით კომპლექტდება, რომლებიც სასტუმროს საკუთარ სივრცედ აღიქვამენ. ჩვენი რესტორნები და ბარები ფაქტობრივად საზოგადოების თავშეყრის ადგილებად იქცა.
გახსნის შემდეგ ეს გადანაწილება ბუნებრივად გადახალისდა. გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების წილი ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, თუმცა ადგილობრივი მოთხოვნაც დიდია. ის ფაქტი, რომ ადგილობრივი სტუმრები ყოველდღიურად დადიან აქ შეხვედრებსა თუ ღონისძიებებზე, სასტუმროს იმ ავთენტურ ხიბლს ანიჭებს, რაც საერთაშორისო სტუმრებს ძალიან მოსწონთ. მოგზაურებისა და ადგილობრივების ეს გადაკვეთა არის ზუსტად ის, რაც RED-ის კონცეფციაა.

ტურისტების რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თქვენი პერსპექტივით, რა განაპირობებს ქვეყნით დაინტერესებას და რა ტრენდებია მოსალოდნელი მომავალ წლებში?
მოთხოვნა იზრდება უკეთესი საავიაციო კავშირების, ქვეყნის მიერ შემოთავაზებული ფასისა და ღირებულების ბალანსის, კულტურისა და ბუნების იმ უნიკალური ნაზავის გამო, რომელიც საქართველოში ხვდებათ. თუ ტრენდებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ გამოცდილებაზე ორიენტირებული მოგზაურობა და “bleisure” სეგმენტი, ანუ ბიზნეს და დასვენების მოგზაურობის კომბინაცია უფრო და უფრო პოპულარული გახდება. საქართველო იდეალურ პოზიციაშია იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ავთენტურობასა და მდგრადობას ეძებენ. ჩემი აზრით, ეს მიმართულებები უახლოეს წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
თქვენი ეზო და კვების ობიექტები ადგილობრივებისთვისაც შეხვედრის ადგილად იქცა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი და როგორ მუშაობს „სოციალური ჰაბის“ მოდელი ეკონომიკურ ჭრილში?
ლაიფსთაილ ობიექტისთვის „სოციალური ჰაბის” მოდელი უბრალოდ „კარგი დამატება” კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა. სასტუმრო არ უნდა იყოს კუნძული; ის ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდი უნდა იყოს.
ადგილობრივი სტუმრები უზრუნველყოფენ მყარ, წლიურ შემოსავალს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქმნიან ატმოსფეროს, რომელიც სასტუმროს საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც სასურველ ადგილად აქცევს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს მოდელი გაცილებით უფრო მდგრადია, ვიდრე მხოლოდ ოთახების გაქირავება. ეს შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას ახდენს და ბრენდს ადგილობრივ ბაზარზე უფრო აქტუალურს ხდის, რაც უზარმაზარი სტრატეგიული უპირატესობაა.
სტუმარმასპინძლობა ცნობილია დაბალი მარჟითა და კომპლექსურობით. რა არის ყველაზე დიდი ოპერაციული თუ ხარჯვითი სირთულე, რომელსაც ახლა უმკლავდებით?
ეს მაღალი წნეხის ინდუსტრიაა, ამიტომ ძალიან დისციპლინირებული უნდა იყო. ნიჭიერი კადრების შენარჩუნება ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევაა. უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები და დიდი ინვესტიცია ჩავდოთ ტრენინგებსა და კორპორაციულ კულტურაში, რომ გუნდის მოტივაცია შევინარჩუნოთ.
მოთხოვნის ცვალებადობა კიდევ ერთი რეალობაა, რაც გავლენას ახდენს შემოსავლების პროგნოზირებაზე და გვიბიძგებს, ფასებისა და პერსონალის მართვაში ძალიან მოქნილები ვიყოთ. არის ასევე ხარჯვითი ნაწილიც. ენერგოეფექტურობა და ნარჩენების შემცირება მხოლოდ გარემოსდაცვითი მიზნები კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაცაა. ჩვენი სტრატეგია მარტივია: გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, დავგეგმოთ ყველაფერი დეტალურად და გუნდს შესაძლებლობა მივცეთ, დამოუკიდებლად მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.
სტუმარმასპინძლობის სფერო თბილისში სწრაფად ვითარდება, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სწორი ადამიანები მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ?
ყველაფერი კულტურით იწყება. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ კარიერული ზრდის მკაფიო გზებზე, ადამიანების საწყისი პოზიციებიდან ლიდერობამდე აყვანაზე მუდმივი მენტორშიპითა და უკუკავშირით. უნდა შექმნა გარემო, სადაც ხალხი თავს დაფასებულად გრძნობს. ეს კადრების შესანარჩუნებლად ყველაზე კარგი გზაა. საერთაშორისო ბრენდთან ასოცირება ჩვენს გუნდს სთავაზობს გლობალური სტანდარტის ტრენინგებს, რაც მათი პროფესიული განვითარებისათვის უდიდესი ფაქტორია.
თბილისის სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია საერთაშორისო ბრენდებითა და ბუტიკური ობიექტებით. როგორ ახერხებთ დიფერენცირებას?
კონკურენცია ქალაქისთვის ძალიან კარგია; ის თამასას მაღლა წევს და ყველას უბიძგებს ინოვაციისაკენ. გადატვირთულ ბაზარზე დიფერენცირება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ხმამაღალი იყო. უნდა იყო განსხვავებული.
ჩვენ გამოვირჩევით ლაიფსთაილ დიზაინისა და სოციალური ენერგიის გაერთიანებით. არ ვართ ტრადიციული მოსაწყენი სასტუმრო, მაგრამ არც მხოლოდ ბუტიკური ობიექტი ვართ. იმ სივრცეს ვიკავებთ, სადაც სტუმარმასპინძლობა კულტურასა და შემოქმედებას ხვდება. როცა ქმნი პროდუქტს, რომელიც გლობალურად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად ღრმად არის ფესვგადგმული თბილისში, თავის დასამკვიდრებლად ზედმეტი ძალისხმევა არ გჭირდება; ეს ბუნებრივად ხდება.
რა არის ყველაზე გავრცელებული არასწორი წარმოდგენა სასტუმროს მართვასთან დაკავშირებით, რომლის შესწორებაც გსურთ?
ხალხს ხშირად ჰგონია, რომ სასტუმროს მართვა მხოლოდ იმ “ფასადურ” გამოცდილებას მოიცავს, რაც ლობიში ჩანს. რეალურად, ეს არის კომპლექსური, 24/7-ზე მომუშავე მექანიზმი, რომელიც “სცენის მიღმა” უზარმაზარ კოორდინაციას მოითხოვს.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ წარმატება მხოლოდ დიზაინზე ან ბრენდის სახელზეა დამოკიდებული. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი განმასხვავებელი ყოველთვის ხალხია: გუნდი და ის ურთიერთობები, რომლებსაც ისინი სტუმრებთან ამყარებენ. ყველაფერი, რასაც სტუმარი განიცდის, განწყობით დაწყებული, სერვისით დამთავრებული, არის უდიდესი დისციპლინისა და ადამიანური კავშირის შედეგი, რომელიც შეიძლება საჯაროდ არც ჩანდეს.
სად ხედავთ Radisson RED თბილისს და ქართულ სტუმარმასპინძლობის ბაზარს 5 წლის შემდეგ?
მომავალს იმედიანად ვუყურებ. საქართველო საერთაშორისო დანიშნულების ადგილად ყალიბდება. რაც უფრო ვითარდება ეს მიმართულება, სტუმრები სულ უფრო მეტად ელიან ავთენტურ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ დასვენებას.
ხუთი წლის შემდეგ ვხედავ, რომ Radisson RED თბილისი აგრძელებს ლაიფსთაილ სტუმარმასპინძლობის კონცეფციის განსაზღვრას ამ რეგიონში. ქვეყნის მასშტაბით ველოდები სერვისის სტანდარტების ზრდასა და მეტ საერთაშორისო აღიარებას. საქართველოს ყველაფერი აქვს, რომ რეგიონის ერთ-ერთი წამყვან დანიშნულების ადგილად იქცეს.
რომ შეგეძლოთ ერთი რამის შეცვლა იმაში, როგორც პოზიციონირებს საქართველო გლობალურ რუკაზე, რა იქნებოდა ეს?
ვეცდებოდი, საქართველოს საერთაშორისო აღქმა კიდევ უფრო გამეფართოებინა. ჩვენ ცნობილი ვართ ღვინითა და ლანდშაფტებით, მაგრამ ასევე გვაქვს ცოცხალი თანამედროვე კულტურა და ძალიან დინამიკური შემოქმედებითი სცენა, რომელიც მეტ გლობალურ ყურადღებას იმსახურებს.
ასევე გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა, გადავიდეთ სეზონური დანიშნულების ადგილიდან წლიურზე. საქმიანი ღონისძიებების, გასტრონომიული ტურიზმის, ველნესისა და ქალაქის მოკლე ტურების აქცენტირებით ჩვენ ბევრად უფრო ფართო აუდიტორიის მოზიდვა შეგვიძლია. ყველა ელემენტი გვაქვს; დარჩენილია მხოლოდ ისტორიების კარგად და თანმიმდევრულად მოყოლა.
რა არის ის პროექტი ან იდეა, რომელიც ჯერ არ დაგიწყიათ და გსურთ, რომ ამ სასტუმროში განახორციელოთ?
აღფრთოვანებული ვარ იმ იდეით, რომ ეს სასტუმრო გადავაქციო უფრო სტრუქტურირებულ პლატფორმად ჩვენი ადგილობრივი შემოქმედებითი და ბიზნეს საზოგადოებისთვის. მინდა გავაღრმავო ურთიერთობა ადგილობრივ არტისტებთან, დიზაინერებთან და მუსიკოსებთან. ასევე ფოკუსირებული ვარ ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რომ სტუმრის გამოცდილება უფრო ინტუიციური და პერსონალური გახდეს. ჩვენი მიზანია, სასტუმრო იყოს ახალი და აქტუალური ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ჩვენს კარს შემოაღებს. სტუმარი უნდა გრძნობდეს, რომ ქალაქში ყველაზე საინტერესო ადგილას მოხვდა.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















