7 წლის ასაკში საქართველოდან ბრიტანეთში გადაბარგებულმა გუკა თავბერიძემ მაღალანაზღურებადი სამსახური მიატოვა – ოცნებისთვის, სიამოვნებისა და დამოუკიდებლობისთვის. 5 წელიწადში წვენების მწარმოებელი მისი კომპანია Savse $200-მილიონიან ბრუნვას უმიზნებს.
“წვენების ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ბრიტანეთში (და სხვა ქვეყნებში), მაგრამ გუკა თავბერიძეს, რომელიც Savse-ს წვენების დამფუძნებელია, მიაჩნია, რომ ამ ბაზრის წილი მასაც ეკუთვნის. ამ მოსაზრებას, როგორც ჩანს, რიტეილერებიც იზიარებენ: დღეს ეს წვენები შეიძლება შეგხვდეთ სელფრიჯსა და ჰაროდსში და სულ მალე გამოჩნდება ტესკოსა და სეინსბერიში, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის გუკა თავბერიძის პროდუქციაზე მასის ხელმისაწვდომობას. თუმცა მანამდეც, წინასწარი შეფასებით, წელს ბრუნვა 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს”, – გუკა თავბერიძის Savse -ს შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა ამერიკული Forbes-ი, როდესაც წარმოშობით ქართველი ბიზნესმენის წამოწყებას ბრიტანეთის ბაზარზე არსებულ შვიდ ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპს შორის ასახელებდა.
დღეს უკვე მე მაქვს პატივი, ქართული Forbes-ის სახელით უფრო ახლოს გაგაცნოთ გუკა თავბერიძე, რომელიც მცირეხნიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. როგორც თავად ამბობს, Savse-ს მენეჯმენტს მისი დრო მთლიანად მიაქვს, შესაბამისად, საქართველოში ბიზნესის წარმოებაზე ამ დრომდე არ უფიქრია, თუმცა მიაჩნია, რომ ბიზნესგარემო აქ ამის შესაძლებლობას იძლევა.
ინტერვიუს დროს ღელავს. რამდენჯერმე თავიდან იწყებს. სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ მისი მაგალითი შეიძლება დამწყები სტარტაპებისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცეს. მომზადებულია. აშკარად იგრძნობა, რომ ზუსტი გზავნილები აქვს მათთვის, ვინც აპირებს, ბევრი რამ მასავით სასწორზე დადოს იმისთვის, რომ საკუთარი საქმე აკეთოს. “რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აღარ მინდოდა სხვისი [დამქირავებლის] გეგმების ნაწილი ვყოფილიყავი. მომინდა, საკუთარი გეგმები და საკუთარი ოცნებები განმეხორციელებინა, ამიტომაც დავტოვე ძალიან კარგად ანაზღაურებული სამსახური და დავფიქრდი, რა იყო ის, რის კეთებაც სიამოვნებასა და დამოუკიდებლობას მომანიჭებდა”, – იხსენებს გუკა თავბერიძე.
თავისი ამბის მოყოლის დროს ემოციურია. ცდილობს, ბოლომდე მაგრძნობინოს, რომ შედეგი, რომელიც დადო, მარტივად არ მოსულა, რომ ამ შედეგის მისაღწევად დიდი მოთმინება, ძალისხმევა, იმედგაცრუებებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა საჭირო, რომ არაფერი გამოუვიდოდა დიდი მონდომებისა და საბოლოო წარმატების რწმენის გარეშე. ესმის, რომ ბრიტანეთის ბაზარზე თავის დამკვიდრება აუდიტორიამ უკვე წარმატებად შეიძლება მონათლოს, მაგრამ მას მეტის ამბიცია აქვს – სურს, კარგად გამოჩნდეს ის მასშტაბი, რასაც მოკლე დროში მიაღწია. ისიც ესმის, რომ საქართველოდან წასული ახალგაზრდა ბიჭის განცდები და ისტორია იმდენად მიმზიდველია, რომ შეიძლება ამ ემოციებში მთავარი ჩაიკარგოს – ბრენდი Savse, რომლის ბრუნვაც წლიდან წლამდე იზრდება.
დღეს ბრუნვა 11.5 მილიონია. გუკა თავბერიძე გეგმავს, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ბრუნვა 200 მილიონამდე გაზარდოს. დღეის შეფასებით, 2017 წელს ორ მილიონამდე შემოსავალს ელოდება, 2018 წელს კი 5.5 მილიონს.
დროში შეზღუდულები ვართ. ჩემგან კიდევ ერთ ინტერვიუზე ეჩქარება, ამიტომ იმას აღარ ვეკითხები, რის ამოკითხვაც “გარდიანის” სტატიიდან შეიძლება. საქართველოდან 7 წლის ასაკში წავიდა, თუმცა წვენების ისტორია ჯერ კიდევ საქართველოში იწყება, 30 წლით ადრე, როცა დედამისი ,ნინა, ორსულად იყო. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ რკინის დეფიციტი ჰქონდა და იმისთვის, რომ რკინის დონე ორგანიზმში გაზრდილიყო, ვაშლისა და ისპანახის მიღება ურჩიეს. დედამ ბლენდერი იყიდა და ხილითა და ბოსტნეულით ექსპერიმენტირება დაიწყო. შედეგი შვილებსაც გაასინჯა: გუკა, სოფია და სალი კმაყოფილები დარჩნენ – მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად არ დაინტერესებულან, რისგან იყო წვენი დამზადებული.
ხილითა და ბოსტნეულით ექსპერიმენტირებამ დროს გაუძლო და ბრიტანეთშიც გაგრძელდა. როგორც გუკა თავბერიძე ჩემთან ინტერვიუში იხსენებს, ერთ დღეს, უკვე სამსახურიდან წამოსულმა და საკუთარი საქმის ძიებით დაკავებულმა, დედის რუტინაზე დაკვირვებისას დასვა კითხვა, რომელმაც შემდეგ ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა – რა მოხდება, რომ ის, რაც ჩვენ ასე მოგვწონს, სხვებსაც გავუზიაროთ; რა მოხდება, რომ ეს ოჯახური ტრადიცია ბიზნესად ვაქციოთ? ამ კითხვაზე დედის რეაქციას რომ იხსენებს, ახლაც ეცინება. “გაგიჟდი, გუკა? რა იცი შენ ბიზნესის კეთება? საიდან უნდა დავიწყოთ?” – გუკამ ყველა ამ კითხვაზე იპოვა პასუხი და ბიზნესის წარმოებაც ისწავლა, თუმცა ეს პროცესი ადვილი არ ყოფილა.
“მხოლოდ იდეა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამოცდილი პარტნიორები დამეყოლიებინა, პერსპექტიულ იდეაში ფული ჩაედოთ. პირველად უარი მივიღე. მძიმე დარტყმა იყო, თუმცა ახლა ვხვდები, რომ რაც ხდება, ყოველთვის უკეთესობისკენ. მაშინ არც გამოცდილება მქონდა, არც ცოდნა – არაფერი, მაგრამ ყურები არ ჩამოვყარე”, – იხსენებს გუკა.
მისი თქმით, მთავარია, ხარისხთან და იდეის არსთან კომპრომისზე არ წახვიდე, დანარჩენი – მოგვარდება. “ცივი პასტერიზება – ეს იყო მთავარი მეთოდი, რითაც ჩემი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული უნდა ყოფილიყო. ამ მეთოდის დროს ნარჩუნდება გემო, ვიტამინები და მინერალები, რომლებიც, როგორ წესი, დუღილით პასტერიზაციის დროს იკარგება”, – მიხსნის გუკა და იხსენებს, როგორ გაფუჭდა ერთი მთელი პარტია იმიტომ, რომ დაქირავებულებმა ძველი მეთოდით დაამზადეს წვენები. ამის შემდეგ გუკა თავბერიძე უფრო ყურადღებიანი მენეჯერი გახდა: “ე.წ. მრჩევლები მოვიშორე თავიდან, ვცდილობდი, ყველაფერში მე თვითონ მიმეღო მონაწილება, ყველაფერში ცხვირი თავად ჩამეყო და ყველაფერი მცოდნოდა იმაზე, რასაც კომპანია ახორციელებდა”.
მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ერთია, მისი რეალიზაცია კი – მეორე. განსაკუთრებით ისეთ გაჯერებულ და მკაცრად რეგულირებად ბაზარზე, როგორიც დიდი ბრიტანეთია. ამ საქმეს გუკა დამოუკიდებლად თავს ვერ გაართმევდა. საჭირო იყო სწორი ქსელის მოძებნა, რომელიც Savse-ს ექსკლუზიურად გაავრცელებდა. გუკა თავბერიძემ სელფრიჯი ამოიღო მიზანში.
“სელფრიჯის რიტეილერს ლინკდინზე მივაგენი. მეილს მეილზე ვუგზავნიდი, მაგრამ არ მპასუხობდა. ბოლოს მოვკიდე ხელი რამდენიმე ქილა წვენს და ოფისში მივადექი. ოფისმენეჯერმა მკითხა, შეხვედრა თუ გვქონდა ჩანიშნული. არა-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ, ვერ მიგიღებთო, ცივად მტკიცა. რას ვიზამდი, გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი. დაქოქვა დავაპირე და უცებ გამიელვა, როგორ – აქამდე მოვედი და ახლა უნდა დავნებდე-მეთქი?! მივხვდი, რომ ასე იოლად ვერ დავნებდებოდი. ორ საათზე მეტი მანქანაში ველოდე. ლანჩისთვის ოფისიდან რომ გამოვიდა, დავხვდი და ჩემი პროდუქტი გავაცანი. მიყურებდა, მისმენდა და ვგრძნობდი, რომ პროდუქტზე ბევრად მნიშვნელოვანი ის შთაბეჭდილება იყო, რაც მასზე დავტოვე: ჯიუტი, მიზანდასახული, იდეით ანთებული ადამიანის შთაბეჭდილება. გაამართლა. Savse სელფრიჯის ქსელშია. და არა მარტო იქ”, – ხმაში სიამაყე ეპარება.
ინტერვიუ სრულდება. მეკითხება, როგორ ჩაიარა და ბოდიშს მიხდის, რომ ქართულად ვერ ვისაუბრეთ, რადგან ქართული კარგად ესმის, მაგრამ იმდენად გამართულადაც ვერ ლაპარაკობს, რომ ნახევარსაათიან ინტერვიუს თავი გაართვას. ხელს ვართმევ და საკუთარ თავს ვიჭერ იმის გაფიქრებაზე, კარგი იქნება მეტი ასეთი წარმატების ისტორია გვქონდეს. წარმატება ხომ გადამდებია…