ინგლისურმა კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გერმანულ კომპანია Adidas-თან საკლუბო ფორმასთან დაკავშირებით პრემიერ-ლიგის ისტორიაში რეკორდული ღირებულების შეთანხმება გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, 10-წლიანი კონტრაქტის ღირებულება 900 მილიონ გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით $1.1 მილიარდი) უტოლდება.
როგორც ცნობილია, „იუნაიტედსა“ და Adidas-ს შორის აქამდე არსებული 10-წლიანი კონტრაქტის ღირებულება 750 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. რაც შეეხება განახლებულ ხელშეკრულებას, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის 2035 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ 900 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კონტრაქტი საკლუბო ფორმების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით „ჩელსიმაც“ გააფორმა Nike-თან 2016 წელს, თუმცა ეს შეთანხმება 15-წლიან პერიოდს მოიცავს.
„„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და Adidas-ის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე საკულტოა მსოფლიო სპორტში“, – განაცხადა „იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ არნოლდმა.
Adidas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ გიულდენმა კი აღნიშნა: „Adidas-ი და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრენდი საერთაშორისო ფეხბურთში და ჩვენთვის ძალიან ბუნებრივია თანამშრომლობის გაგრძელება.“