Meta-ს ახალ სოციალურ პლატფორმა Threads-ს ახლა უკვე ვების ვერსიაც დაემატა. აღნიშნული ცვლილებებით, ცუკერბერგს თავისი სოციალური ქსელიდან მომხმარებელთა მუდმივი გადინების შეჩერება და მასკის პლატფორმა X-ისთვის (ადრე ცნობილი, როგორც Twitter-ი) კონკურენციის გაწევა სურს.
Wall Street Journal-მა მიმდინარე კვირაში დააანონსა, რომ პლატფორმაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფუნქციის დამატება უახლოეს დღეებში იგეგმებოდა. გამოცემის ცნობით, ვებვერსიის შიდა ტესტირება კომპანიაში უკვე დაწყებული ჰქონდათ. ამ დრომდე, Meta-ს ახალი სოციალური მედიით სარგებლობა მომხმარებელს მხოლოდ მობილურის საშუალებით შეეძლო, ვებვერსია კი დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი ფუნქციების სიის სათავეში იყო.
ოფიციალურად, მარკ ცუკერბერგის ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ, ახალი სოციალური პლატფორმა 5 ივლისს გაუშვა. Threads-მა თავდაპირველად მომხმარებელთა დიდი ყურადღება დაიმსახურა, თუმცა, მალევე სოციალური ქსელისადმი ინტერესი საგრძნობლად შემცირდა. ონლაინ ანალიტიკური კომპანია Similarweb-ის მონაცემებით, მხოლოდ Android-ზე ყოველდღიურად აქტიური მომხმარებელთა რაოდენობა 80%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, Meta-მ Threads-ზე რამდენიმე ახალი ფუნქცია გაუშვა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი following feed-ია, რომელიც მომხმარებელს, ალგორითმის საფუძველზე, მათთვის საინტერესო პოსტებს სთავაზობს. გარდა ამისა, ახლახან Threads-ს „რეპოსტის“ ფუნქციაც დაემატა, რომელიც X-ის „რეტვიტის“ ანალოგიურია. სამომავლოდ, პლატფორმაზე საძიებო ფუნქციონალის გაშვებაცაა დაანონსებული.