რამდენჯერ გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა, სადმე წასულიყავით, მეტი გესწავლათ და უკეთესი გამოცდილება მიგეღოთ? ისიც ხომ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი ამ საოცნებო ადგილებს შორის პირველია, რადგან საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ჰოდა, დროა, კარგად გაეცნოთ Chevening-ის პროგრამას, მოიპოვოთ საქართველოს ბანკის დაფინანსება და ოცნებები რეალობად აქციოთ.
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერაა, ამიტომ Chevening-ის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებულია დიდ ბრიტანეთში ერთწლიანი სამაგისტრო კურსი, ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. ყოველწლიურად საქართველოს ბანკის დაფინანსებას 3 სტუდენტი იღებს, ამ დროისთვის უკვე 26 სტუდენტი დაფინანსდა. ამ ბლოგში სწორედ ერთ-ერთი მათგანის, ფიქრია ელიზარაშვილის გამოცდილებასა და რჩევებს გაგიზიარებთ, რომელმაც ახლახან დაასრულა სწავლა და დაბრუნდა საქართველოში.
“ეს ერთი წელი მთლიანად აღმოჩენებით იყო სავსე არა მხოლოდ ცოდნის, არამედ პიროვნული მიმართულებითაც.
ბრიტანეთის განათლების სისტემას გამოარჩევს ის რომ, რაც იქ ისწავლება, ყველაფერი არის ინოვაციური. ლექტორებიც ისეთ დავალებებს გაძლევენ, რაც მათი სამეცნიერო კვლევის ნაწილია და შენც ჩართული ხარ ამ კვლევაში. ხანდახან ისეთი აღმოჩენები იყო, რომ თითქოს, არაფერი არ იცოდი აქამდე და ყველაფერს სწავლობ”.
ფიქრია პროფესიით ელექტროინჟინერია. ამ სფეროში კი დიდი ბრიტანეთი განვითარებულია როგორც ინდუსტრიის, ისე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ყოველთვის უნდოდა ამ ქვეყანაში სწავლა და ამისთვის კარგადაც მოემზადა. ფიქრიას თქმით, წინასწარმა საფუძვლიანმა მოკვლევამ განაპირობა ის, რომ გასაუბრების ეტაპი მარტივად გაიარა.
“პირველი ეტაპი არის აპლიკაციის შევსება და ესეების დაწერა. მეორე ეტაპი არის გასაუბრება. იმდენად ბევრი ინფორმაცია დევს, კარგი მოკვლევის შემთხვევაში, საკმარისია, უბრალოდ, შეავსო აპლიკაცია. შევსებისას არჩეული უნდა გქონდეს სამი უნივერსიტეტი და სამი ფაკულტეტი, რომელსაც პრიორიტეტების მიხედვით დაალაგებ.
გასაუბრებისთვის ბევრი არ მიმეცადინია, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ისეთი შეკითხვა არ იქნებოდა, რაც ჩემს ესეებს არ დაუკავშირდებოდა. ამასთან, გასაუბრებისას იმდენად მეგობრული გარემოა, ვფიქრობ, ერთხელ ყველამ უნდა გამოცადოს ეს. ინტერვიუს ბოლოს კი მონაწილესაც აქვს კითხვების დასმის საშუალება”.
კარგად იხსენებს დიდ ბრიტანეთში გარემოსთან ადაპტაციის პროცესს. კურსზე საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად იყვნენ ადგილობრივებიც. მათი დახმარებით კი გაცილებით უკეთ გაეცნო ადგილობრივ კულტურასა და ცხოვრების წესს. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამბობს, რომ ლექციები ლაბორატორიაში ტარდებოდა, პრაქტიკულ დავალებებს ასრულებდნენ, რაც უნარ-ჩვევებს ბევრი მიმართულებით ავითარებდა.
“ჩემს კურსზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა განახლებად ენერგიებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ელექტრონიკას და კონტროლის თეორიას და ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო შემეცნების პროცესი.
ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, შეავსოს თუ არა აპლიკაცია, ვურჩევ, რომ აუცილებლად გადადგან ეს ნაბიჯი. სცადონ რამდენჯერმეც. ვერ შეხვდებით პროგრამის მონაწილეს, ვინც ინანა ბრიტანეთში წასვლა და სწავლა. ეს პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა, წახვიდე დიდ ბრიტანეთში და მიიღო ხარისხიანი განათლება. სრულყოფის შეგრძნებით დაბრუნდება ყველა, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მიმართულებით. ასევე, ძალიან ღირებული, რასაც ეს პროგრამა გვაძლევს, არის კავშირები და პირადი ურთიერთობები ადამიანებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის სფეროში საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო მეტად კვალიფიციური კადრები. Chevening-ის პროგრამა კი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა — მიიღო ხარისხიანი განათლება, დაბრუნდე საქართველოში და სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანო.
რაც შეეხება აპლიკაციის შევსებასა და პროგრამისთვის მოსამზადებელ სხვა დეტალებს, საქართველოს ბანკისა და განათლების ცენტრ LEAF-ის თანამშრომლობის ფარგლებში, შეგიძლიათ, გაიაროთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომლის დახმარებითაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას და პასუხებს ყველა კითხვაზე.
მომდევნო შეხვედრებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2023 წლის 7 ნოემბერს დასრულდება.
მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
S