მსოფლიოში უმსხვილესმა, ნორვეგიის $1.4-ტრილიონიანმა სუვერენულმა ფონდმა მესამე კვარტალში 2.1%-ის ზარალი გამოაქვეყნა – მიზეზი, ყველა აქტივის ღირებულების ვარდნაა. ე.წ. სამთავრობო საპენსიო ფონდმა მესამე კვარტალში $34 მილიარდის წაგება დააბრუნა, რაც წლის პირველ ნახევართან შედარებით, ყველაზე სუსტ სამთვიან პერიოდზე მიუთითებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მესამე კვარტალის შედეგები კვლავ 0.17 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ფონდის საორიენტაციო ინდექსს. მსოფლიოს უდიდესმა სუვერენულმა ფონდმა ბოლოს კვარტალური ზარალი ერთი წლის წინ გამოაქვეყნა. ეს კი ხდება იმ დროს, როდესაც ბაზარი კვლავ დაძაბულია ფართო ეკონომიკური გარემოს შესახებ არსებული შეშფოთებების გამო.
როგორც Norges Bank Investment Management-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტრონდ გრანდე აცხადებს, 2023 წლის მესამე კვარტალი წინა ორ კვარტალთან შედარებით სუსტი აღმოჩნდა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა ტექნიკურ, სამრეწველო და სამომხმარებლო დისკრეციულ სექტორებში კაპიტალის ინვესტიციებიდან მიღებულმა შემოსავალმა იქონია.
ცნობისთვის, ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდი 1990-იან წლებში, ქვეყნის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორის ჭარბი შემოსავლების ინვესტირებისთვის შეიქმნა. ამ დრომდე ფონდმა ინვესტიციები 70 ქვეყნის მასშტაბით, 9,200-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა.
მესამე კვარტალის ბოლოს ჩვეულებრივმა აქციებმა ფონდის ინვესტიციების 70.6% შეადგინა, რაც მცირედი ვარდნაა სამი თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. ფონდის ანგარიშით, არარეგისტრირებულ უძრავ ქონებაში ინვესტიციებზე კვარტალური ზარალი – 3.3%-ს, ხოლო განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციებზე 2.4%-ს გაუტოლდა.