სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და 17 დეკემბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა. კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე მუშაობის პარალელურად, რაც სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი წინაპირობაა, ვუჩიჩი არჩევნების დანიშვნით თავისი ავტორიტეტის გაძლიერებას ცდილობს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის 65 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბელგრადში დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებს ემთხვევა. ექსპერტთა შეფასებით, კენჭისყრა და სამუშაო პარლამენტის არარსებობა ვუჩიჩს დროს მისცემს, რათა დამოუკიდებელ და ძირითადად ალბანურ კოსოვოსთან ურთიერთობებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გადაავადოს. კავშირების ნორმალიზებაზე მუშაობის მცდელობის მიუხედავად, სერბეთი კოსოვოს კვლავ თავის სამხრეთ პროვინციად მიიჩნევს.
„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც სერბეთის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ბრძოლაში ჩვენი ერთიანობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ აღმოვჩნდებით ზეწოლის ქვეშ, როგორც კოსოვოს მიმართ ჩვენი პოზიციის, ასევე სხვა რეგიონული და გლობალური საკითხების გამო“, – განაცხადა ვუჩიჩმა განკარგულებაზე ხელმოწერის შემდეგ.
სამშაბათს, ბელგრადში ვიზიტისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სერბეთსა და კოსოვოს ბოლოდროინდელი გამოწვევების შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ლიდერმა ქვეყნებს შორის კავშირების ნორმალიზება ბლოკში მათი გაწევრიანების მთავარ წინაპირობად დაასახელა.
თუმცა, ამის გარდა, სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებსაც უნდა შეუერთდეს, აღმოფხვრას ქვეყანაში კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული, გაატაროს ეკონომიკური და სასამართლო რეფორმები, გააუმჯობესოს ბიზნესკლიმატი და ადამიანების უფლებების დაცვა.
ექსპერტთა შეფასებით, ვადამდელი არჩევნების მიზანი ვუჩიჩის რიგების გამყარება და მისი მმართველი პარტიის „სერბული პროგრესული პარტიის“ (SNS) რეფორმაცაა, რომლის პოპულარობაც განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციის პროტესტის შემდეგ შემცირდა. პროტესტი მაისში მომხდარ ორ მასობრივ სროლას მოჰყვა.
ბელგრადში დაფუძნებული Stata-ს გამოკითხვით, SNS-ის ხელმძღვანელობით არსებული ალიანსი ვადამდელ არჩევნებში ხმების დაახლოებით 44%-ს დააგროვებს და 250-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად, მოკავშირეების მოძიება მოუწევს. Stata-ს მონაცემებითვე, ცენტრისტული ოპოზიციური ბლოკი – „ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც მემარცხენე, მწვანე და ცენტრისტული პარტიებისგან შედგება, სავარაუდოდ, ხმების 38%-ს დააგროვებს.
ცნობისთვის, ვუჩიჩი რიგით მეორე, ხუთწლიანი ვადით თანამდებობაზე შარშან აირჩიეს. მაისში პრეზიდენტი SNS-ის ხელმძღვანელის პოზიციიდან გადადგა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.