გასულ კვირას მსოფლიოს უდიდეს და უძველეს გაცვლით სავაჭრო ფონდში (ETF) უპრეცედენტო მოცულობის ნაღდი ფული შევიდა. მიზეზი აქციების რეკორდული მატებაა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მომავალ წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირება დააანონსა.
პარასკევს, State Street-ის $478 მილიარდის SPDR S&P 500 ETF-მა (SPY) $20.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო – ყველაზე დიდი შემოდინება 1993 წელს ფონდის დაარსების დღიდან. გარდა ამისა, Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე დიდი ერთდღიანი ფულადი ნაკადი, რომელიც ოდესმე რომელიმე გაცვლით სავაჭრო ფონდს დაუფიქსირებია. და ამასთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, ETF-მა $24 მილიარდზე მეტი დააგროვა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
SPY-ის შემოდინება სავაჭრო აქტივობის ზრდის გამომწვევ მოვლენებს დაემთხვა: პარასკევი იყო ბოლო სავაჭრო დღე S&P 500-ისა და Nasdaq 100-ის რებალანსირების ამოქმედებამდე, ამასთან ერთად კი, იმავე დღეს, დაახლოებით $5 ტრილიონის ოფციონებს ვადა ამოეწურა. აღსანიშნავია ისიც, რომ პარასკევს კლიენტებისგან, ინვესტორებისა და ტრეიდორებისგან მიღებული ფულადი ნაკადი 100%-ით ორგანული იყო.
ამავდროულად კი, გასულ ხუთშაბათსა და პარასკევს SPY-ში თვიურ საშუალოზე ბევრად მაღალი ვაჭრობის მოცულობა დაფიქსირდა. Invesco QQQ Trust Series 1-მა (QQQ), რომელიც Nasdaq 100-ს აკონტროლებს, პარასკევს $5.2 მილიარდის გადინება დააფიქსირა – ყველაზე მაღალი ერთჯერადი გადინება 2000 წლის შემდეგ.