რუსულ ოპოზიციას ახალი სახე ჰყავს. ალექსეი ნავალნი – ახალგაზრდა ინტერნეტბლოგერი, კორუფციული და სკანდალური საქმეების „გამომძიებელი”, რუსული კორპორაციების უმნიშვნელო აქციონერი, აქტივისტი, რომელიც არასდროს ერიდება განგაშის ზარების შემოკვრას. ორშაბათს, დღის 2.15-ზე მან თავის ინტერნეტმიმდევართა უზარმაზარ არმიას საღამოს შვიდ საათზე „ჩისტიე პრუდის” პარკში „გახრწნილი რეჟიმის მიერ გაყალბებული მოსკოვური არჩევნების შედეგების ” წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციაში ჩართვისაკენ მოუწოდა. ის გაოცებული იყო იმით, რომ პარტია „ედინაია როსიამ” მოსკოვის ზოგიერთ საარჩევნო უბანში ხმათა 20 პროცენტი, ხოლო მეზობელ იდენტურ უბნებში – 70 პროცენტი მიიღო.
ნავალნის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა (თუმცა ძალოვანთა განცხადებით, მათი რაოდენობა 400-ს არ აღემატებოდა). დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალეს, ხოლო თავად ნავალნი დააპატიმრეს.
ინტერნეტსივრცე ამ ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა: ნავალნის მეუღლემ ქსელში პოლიციის იმ განყოფილების მისამართი და ტელეფონის ნომერი განათავსა, სადაც ალექსეი ჰყავდათ დაკავებული. ამის შემდეგ ნავალნი წინასწარი დაკავების სხვა იზოლატორში გადაიყვანეს. მისმა მეუღლემ ამ ფაქტის შესახებაც მაშინვე აცნობა ნავალნის „თანამებრძოლებს”.
ალექსეი ნავალნის თითქმის არ იცნობენ რუსეთის ფარგლებს გარეთ. იგი რამდენიმე რუსული კორპორაციის უმნიშვნელო აქციონერია. აქციონერთა შეკრებებზე ხშირად სვამს უხერხულ კითხვებს ხელმძღვანელთა კორუმპირებულობისა და არაგამჭვირვალე მმართველობის შესახებ. 2010 წელს მოსკოვის მერის ვირტუალურ არჩევნებში ნავალნიმ ხმათა 45 პროცენტი მიიღო; მისი მომდევნო ადგილი ხმათა რაოდენობით ერგო პუნქტს – „ყველას წინააღმდეგ”. ნავალნიმ ფარდა ახადა სახელმწიფო მილსადენების მფლობელი კომპანიის მენეჯმენტის მიერ დაახლოებით $4 მილიარდის დატაცების ფაქტსაც, გამოიკვლია და გამოაქვეყნა მასალები ცნობილი იურისტის, სერგეი მაგნიცკის ციხეში გარდაცვალების შესახებ.
პუტინს ხელეწიფება შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე მისდამი არალოიალურად განწყობილი ოლიგარქების (მაგალითად, ხოდორკოვსკის) დაპატიმრება. მაგრამ ნავალნი ბევრად რთული შემთხვევაა. შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი მონდომებით აგროვებენ მასზე „კომპრომატებს” პუტინის ხელქვეითები. რა თქმა უნდა, უკვე იქნებოდა და სამომავლოდ კიდევ არაერთხელ განმეორდება მუქარა მისი ოჯახის მიმართ. პერიოდულად მას დააკავებენ, მაგრამ ამ დაკავებების პარალელურად ნავალნის ფიგურის მნიშვნელობაც გაიზრდება. და თუ სხვადასხვა მეთოდით მის ჩაჩუმებას მოახერხებენ, მისი ადგილის დასაკავებლად ასობით ახალი „ნავალნი” გამოჩნდება.
პუტინს ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორიც სუკ-ის ოფიცრისაგან იყო მოსალოდნელი. მისი ბრძანებით მთელ ქალაქში 50 000 ძალოვანი იქნა მობილიზებული. გარდა ამისა, მან ორგანიზება გაუკეთა საკუთარ მხარდამჭერთა ალტერნატიულ დემონსტრაციას, რომელსაც მისი და მისი პარტიისადმი რუსი ხალხის სიყვარული უნდა ეჩვენებინა. როგორც ვხვდები, შეუძლებელია პუტინის შეცვლა – კუზიანს სამარე თუ გაასწორებს. ფასადური პრეზიდენტის, მედვედევის განცხადებით, ის ვერ დაარწმუნა არჩევნების გაყალბების მამხილებელმა „არადამაჯერებელმა” ფაქტებმა. საოცარია!
პუტინმა კარგად იცის, როგორ „მოუაროს” ხოდორკოვსკებს, კასიანოვებს და ზედმეტად ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს, რა მოუხერხოს ინტერნეტსივრცესა და ალექსეი ნავალნის.
ნავალნის აქტიურობისა და მისი ბლოგის წყალობით, რუსები დღეს პუტინის პარტიას „თაღლითებისა და ქურდების პარტიად” მოიხსენიებენ. ტოტალიტარულ რეჟიმებს ყველაფრის მიმართ გამოუმუშავდა „იმუნიტეტი”, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხალხის დაცინვისა და გართობის ობიექტად იქცევა.
დღეს პუტინს ნავალნი დირესავით ჰყავს გაჩხერილი თვალებში, მაგრამ ეს დირე მთელ სხეულს ემუქრება დაინფიცირებით.პუტინის დიდების შარავანდედი შარშანდელი თოვლივით უკვალოდ გაქრა. ამჟამად მისი იმიჯის ფორმირებაზე სწორედ ნავალნი და რუსული ინტერნეტსივრცე ზრუნავენ.
პუტინმა დაუყოვნებლივ, სანამ ძალიან არ დაგვიანებულა, უნდა შეისწავლოს ჩინეთის გამოცდილება. ჩინელ კომუნისტებს ხომ მსგავსი პრობლემების მოგვარების უდიდესი გამოცდილება აქვთ.