პრინცი - წინასწარმეტყველი

პრინცი - წინასწარმეტყველი
Guerin Blask for Forbes
Polymarket-ის დამფუძნებელმა შეინ კოპლანმა ყველაზე უკეთ იცის, რომ მომავლის პროგნოზირების საუკეთესო გზა – მისი შექმნაა. სწორედ ასე გახდა Forbes-ის 30 30-წლამდელის ჯილდოს მფლობელი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი.

ივლისში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მშობელი კომპანია Intercontinental Exchange-ის აღმასრულებელი დირექტორი, 70 წლის მილიარდერი ჯეფრი სპრეჩერი იჯდა ნიუ-იორკის ფინანსურ რაიონში მდებარე რესტორან Manhatta-ში, საიდანაც ქალაქის ვრცელი ხედი იშლება. სანამ სომელიე მაგიდებს შორის დადიოდა და ღვინოს ასხამდა, რესტორანში შემოვიდა მაისურსა და ჯინსში გამოწყობილი კოპლანი. ხელში მას პლასტმასის წყლის ბოთლი და ქაღალდის პარკი ეჭირა, რომელშიც გზად ნაყიდი ბეიგელი ედო.

შეხვედრის გახსენებისას სპრეჩერი იცინის: „მოხუცი მელოტი კაცი, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მუშაობს, სადაც ჩვენ კოსტიუმისა და ჰალსტუხის ტარებას ვითხოვთ, 27 წლის მაისურიანი, თავქოჩორა ბიჭის გვერდით“. მაგრამ სპრეჩერი მოხიბლული იყო Polymarket-ით, კოპლანის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროგნოზირების სავაჭრო პლატფორმით, და ვახშმის შემდეგ მან ნაბიჯი გადადგა: „ვკითხე შეინს, განიხილავდა თუ არა თავისი კომპანიის ჩვენთვის მოყიდვის ვარიანტს“.

Polymarket-ის მსგავსი პროგნოზირების ბაზრები ათასობით რიგით ადამიანს საშუალებას აძლევდა, ფსონი დაედო მომავალ მოვლენებზე – ვთქვათ, უმუშევრობის დონეზე ან იმაზე, თუ როდის მიაღწევდა ბიტკოინი ყველა დროის მაქსიმუმს. საერთო ჯამში, პროგნოზირების ბაზრის ფსონები ბროლის ბურთის როლს თამაშობდა, რადგან ხალხის სიბრძნე ექსპერტების აზრზე უფრო ზუსტად წინასწარმეტყველებდა. მაგალითად, Polymarket-ის მოთამაშეებმა განჭვრიტეს, რომ დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა, მაშინ როცა ბევრი ექსპერტი კამალა ჰარისის გამარჯვებაში იყო დარწმუნებული. 

თავდაპირველად კოპლანმა სპრეჩერის შესყიდვის შეთავაზებაზე უარი თქვა. თუმცა დისკუსიებმა მოლაპარაკებები და საბოლოოდ გარიგება გამოიწვია. ოქტომბერში Intercontinental-მა $2 მილიარდის ინვესტიცია ჩადო კომპანიაში 25%-მდე წილის შესაძენად. ამავდროულად, კოპლანმა გამოაცხადა სხვა მილიარდერების ინვესტიციების, მათ შორის Figma-ს დილან ფილდის, Zynga-ს მარკ პინკუსის, Uber-ის ტრევის კალანიკის და ჰეჯ-ფონდის მენეჯერის გლენ დუბინის შესახებ. Red Hot Chili Peppers-ის მგზნებარე გულშემატკივარმა კოპლანმა ინვესტიციის ჩადებაში წამყვანი ვოკალისტი ენტონი კიდისიც კი დაარწმუნა.

Polymarket-ის შეფასება სწრაფად გაიზარდა $9 მილიარდამდე, რამაც 2025 წლის Forbes-ის 30 30-წლამდელის მონაწილე, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, თვითნაბად მილიარდერად აქცია, რომლის 11%-იანი წილიც, სავარაუდოდ, $1 მილიარდს უტოლდებოდა. მისი მმართველობა ხანმოკლე იყო: ოცი დღის შემდეგ, მას ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Mercor-ის სამმა 22 წლის დამფუძნებელმა გადაასწრო.

ახალგაზრდა მეწარმეები ათნიშნა ქონებას უფრო სწრაფად აგროვებენ, ვიდრე ეს ოდესმე ხდებოდა. Mercor-ის ტრიოსა და კოპლანის გარდა, წელს მილიარდერი გახდა კიდევ თორმეტი 30-წლამდელი კურსდამთავრებული, მათ შორის ScaleAI-ის თანადამფუძნებელი ლუსი გუო, Reddit-ის სტივ ჰაფმანი და Cursor-ის თანადამფუძნებლები, ხოლო Guo-ს თანადამფუძნებელმა ალექსანდრ ვანგმა და Robinhood-ის ვლად ტენევმა (ორივე ყოფილი 30-წლამდე ტიტულის მფლობელი) მილიარდერის სტატუსი დაიბრუნეს რეიტინგიდან გამოთიშვის შემდეგ. 

კოპლანი დიდი ხანია, გატაცებულია ბაზრებით. 14 წლისამ, მან იმეილით მიმართა Securities and Exchange Commission-ის რეგიონულ ოფისს კითხვით, თუ როგორ შეექმნა სავაჭრო პლატფორმა. „პასუხი არ მიმიღია, მაგრამ ეს მართლაც სასაცილო იმეილია, – ამბობს ის. – ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ამ ყველაფერს, გონებაში გაფილტვრას ათწლეულზე მეტი სჭირდება“.

კოპლანი კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობდა NYU-ში, როდესაც 2017 წელს სწავლა მიატოვა; მან სამი წლის შემდეგ დააარსა Polymarket-ი. კომპანიის პირველი ბაზარი მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ფსონი დაედოთ იმაზე, თუ როდის გაიხსნებოდა ნიუ-იორკი პანდემიის დროს. მარეგულირებლებთან დაპირისპირებისთვის Polymarket-ს დიდი დრო არ დასჭირვებია. 2022 წლის იანვარში მან $1.4 მილიონის ჯარიმა გადაუხადა Commodity Futures Trading Commission-ს არარეგისტრირებული ბაზრების შეთავაზებისთვის. მას ასევე დაევალა აშშ-ის ყველა მომხმარებლის დაბლოკვა, მაგრამ პლატფორმაზე აქტივობა განსაკუთრებით გაიზარდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ფსონების ჯამურმა რაოდენობამ $3.6 მილიარდი შეადგინა. მომდევნო კვირას, FBI-მ კოპლანის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა და მოწყობილობები ჩამოართვა, ამ შეთანხმების შესაძლო დარღვევის გამოძიების ფარგლებში.

გამოძიება ივლისში შეწყდა და სექტემბერში Polymarket-მა აშშ-ში ნებართვა მიიღო, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპ უმცროსი კომპანიის საკონსულტაციო საბჭოს შეუერთდა. ის ჯერ კიდევ არ გაშვებულა შტატებში, მაგრამ Polymarket-მა – ოდესღაც უკანონო და არარეგულირებადი აზარტული თამაშების მსგავსმა პლატფორმამ – გასაოცარი აღმავლობა განიცადა. ბოლო თვეებში მან პარტნიორობა დაამყარა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა National Hockey League-ი და Google-ი, ხოლო Intercontinental-ი მალე Polymarket-ის მონაცემებს თავის ინსტიტუციურ მომხმარებლებს შორის გაავრცელებს. კითხვაზე, თუ როგორ გამოიმუშავებს საბოლოოდ ეს წაგებიანი კომპანია ფულს, კოპლანი მხრებს იჩეჩს. “მიაღწიო წარმატებას და არ გაამართლოს, გაცილებით უკეთესი შედეგია, ვიდრე იცხოვრო ფიქრით ‘რა მოხდებოდა, თუ’”

წყარო: Forbes

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი