ბექა ფიფიას მიზნების დამოუკიდებლად მიღწევის სურვილმა საქართველოდან წასვლა უბიძგა და ფრანგულ-ამერიკული განათლების მიღების შემდეგ კარიერა ლუქსემბურგში გააგრძელა. ახლა იგი 1.5 მილიარდამდე ევროს კაპიტალიზაციის მქონე THREESTONES-ის პორტფელებს ხელმძღვანელობს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
უმაღლესი განათლება უცხოურ უნივერსიტეტებში მიიღეთ და წლებია, ლუქსემბურგში ცხოვრობთ. რატომ ლუქსემბურგი და არა სხვა რომელიმე ევროპული ქვეყანა?
2000 წელს ჩვენი ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მე და ჩემმა და-ძმამ კი საერთაშორისო სკოლაში გავაგრძელეთ სწავლა. მშობლებმა ყველანაირი პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ ევროპული განათლება მიგვეღო. ბრიტანეთში, ნოტინგემის ბიზნესსკოლაში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი გავხდი, შემდეგ კი, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, მეუღლესთან ერთად ბოსტონში, აშშ-ში გავემგზავრე, სადაც MBA და MSF-ი ვისწავლე. როდესაც სამი შვილის მშობლები გავხდით, დასახლება გადავწყვიტეთ ლუქსემბურგში – ქვეყანაში, რომელიც ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა.
ლუქსემბურგს აქვს აყვავებული და სტაბილური ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი მშპ, არის მთავარი ფინანსური ცენტრი ძლიერი საბანკო და ფინანსური მომსახურების სექტორით. არის ძალიან უსაფრთხო, მრავალფეროვანი, მრავალენოვანი და მიუხედავად მცირე ზომისა, მას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს, მათ შორისაა მუზეუმები, თეატრები და ფესტივალები, რაც ჩვენთვის მიმზიდველი იყო.
პროფესიული კარიერის განმავლობაში სხვადასხვა საფინანსო კომპანიაში მუშაობდით. რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი?
ბავშვობიდან ჩემთვის მოტივაციის მომცემი იყო მამა, რომან ფიფია, რომელმაც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, წარმატებული ბიზნესი სულ მარტომ, დამოუკიდებლად შექმნა. მისი მიზანდასახულობა და სასარგებლო საქმის კეთების სურვილი ყოველთვის შთამაგონებდა.
საინვესტიციო სფეროში მუშაობა ადრეული ასაკიდანვე მინდოდა. სწორედ მამამ მირჩია, რომ სანამ ასეთ საპასუხისმგებლო საქმიანობას დავიწყებდი, გამოცდილების მისაღებად გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და პროექტების მენეჯმენტში, ისეთ კომპანიებში მემუშავა, რომლებიც ცოდნის გარღმავებაში დამეხმარებოდა.
კარიერა „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული ბანკირის პოზიციაზე დავიწყე, რასაც შემდგომ კერძო საავიაციო კომპანია Luxaviation-ი და საინვესტიციო ორგანიზაცია LCG მოჰყვა. ლუქსემბურგში მუშაობისას მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ საინვესტიციო ინდუსტრიაში კარიერის სწრაფად განვითარების საშუალება მომცა.
ამჟამად მუშაობთ ალტერნატიულ საინვესტიციო ფონდ Threestones Capital Management S.A.-ში პორტფელის მენეჯმენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. რას გვეტყვით ამ კომპანიის შესახებ? რას გულისხმობს „ალტერნატიული საინვესტიციო ფონდი“ და რომელ ქვეყნებში ოპერირებს ის?
Threestones Capital-ი ინვესტიციების მართვის დამოუკიდებელი ჯგუფია, რომლის სათავო ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს და კერძო კაპიტალს ლუქსემბურგის ფინანსური ორგანოების (CSSF) ზედამხედველობის შესაბამისად მართავს. ფონდის ამჟამინდელი კაპიტალიზაცია 1.5 მილიარდ ევრომდეა. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს ჯანდაცვის სფეროში, უძრავი ქონების აქტივებში და ფოკუსირებულია მოხუცთა სახლებსა და სპეციალიზებულ ჯანდაცვაზე.
ფონდი მოზიდულ ინვესტიციებს აბანდებს და ინვესტორებს სარგებელს უბრუნებს, თუმცა ეს ხდება არა უვადოდ, არამედ ყოველ 6-8 წელიწადში ერთხელ. პირველ პორტფელზე მოგებამ 13% შეადგინა, დაახლოებით ამდენივე იყო მოგება მეორეზეც. უნდა ითქვას ისიც, რომ ახლანდელი პორტფელი რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულადაა დაბანდებული, რაც პირველად მოხდა. კომპანია ახლა ფინანსების მოზიდვის რეჟიმშია, რაც აქ მუშაობას ძალიან რთულს, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესოს და შემოსავლიანს ხდის.
როგორ მუშაობს მოხუცთა თავშესაფრებში ინვესტირების მოდელი, რა უპირატესობა და რისკი ახლავს თან?
Threestones-ის სტრატეგია გულისხმობს უძრავი ქონების შეძენას და წამყვანი ოპერატორებისთვის მის მიქირავებას 20-25-წლიანი იჯარით, რომელიც ინფლაციისგან დაცულია. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სადაც მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას, საშუალებას გვაძლევს, ინვესტიცია პატარა ქალაქებში განვახორციელოთ. ინვესტიციის ღირებულება არა მხოლოდ უძრავ ქონებაში, არამედ იჯარის ხელშეკრულებაშიცაა, რომელსაც მხარს უჭერს სხვადასხვა საპენსიო სქემა და დაზღვევა.
მრავალწლიანი გამოცდილება და ბაზრის ცოდნა Threestones-ს გარიგებებისას მაღალ მოგებაზე გასვლის საშუალებას აძლევს. ბიზნესმოდელი ძალიან სტაბილურია, თუმცა თვითონ ოპერატორები არ არიან მთლად დაზღვეულები ხელფასების ზრდის, ენერგიის დანახარჯებისა და ჰიპერინფლაციური რყევებისგან. რისკი პროფესიონალი კადრების ნაკლებობაც შეიძლება იყოს.
შესაძლებელია თუ არა ამ მოდელის საქართველოს რეალობაში გადმოტანა?
დასავლეთ ევროპის სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც იგივე დემოგრაფიული ტენდენციებია, რაც ამ ბიზნესმოდელს შეუწყობს ხელს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქართველები, ისევე როგორც იტალიელები, თავს არიდებენ მოხუცთა თავშესაფარში ოჯახის წევრების გაგზავნას და ამ იდეას ხშირად ნეგატიურად უყურებენ, თუმცა ეს განწყობა სწრაფად იცვლება.
უამრავ მოხუცს აწუხებს იმგვარი დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი ან დემენცია, რაც ოჯახებისთვის მათ მოვლას თითქმის შეუძლებელს ხდის. მოხუცთა სახლებს კი სპეციალიზებული პერსონალი ჰყავს და ასეთი პაციენტების მოსათავსებლად ხელსაყრელი პირობებია. შენობები იმგვარადაა მოწყობილი, რომ ადამიანები თავს სახლში გრძნობენ და არა საავადმყოფოში.
მსგავსი ბიზნესმოდელის წარმატებას საქართველოში კანონმდებლობის ცვლილებაც სჭირდება, ჯანდაცვაზე ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა. სახელმწიფომ უმწეო მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება უნდა უზრუნველყოს, ხოლო კერძო დაზღვევამ – გადახდილი აანაზღაუროს.
კიდევ რისგან შედგება კომპანიის პორტფელი?
გარდა ჯანდაცვისა, Threestones-ი ინვესტირებას ახორციელებს კლასიკურ საცხოვრებელ სექტორში, იძენს შენობებს და ქირაობს ცალკეულ ერთეულებს. ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმ ქალაქებზე, სადაც მსხვილი უნივერსიტეტებისა თუ მწარმოებელი კომპანიების მხრიდან დიდი მოთხოვნაა. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ინვესტირება ბიზნესის ოპერაციულ ნაწილში და ვცდილობთ, ლიცენზია მივიღოთ, რათა არსებულ ტენდენციებს სრულად მოვერგოთ.
ფინანსური თვალსაზრისით ლუქსემბურგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და აშშ-ის შემდეგ მეორე უმსხვილესი ცენტრია საინვესტიციო ფონდებისთვის. რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში, რამდენად წარმატებით მუშაობენ საინვესტიციო ფონდები და რა არის ქვეყნის პრობლემა?
საქართველოს, გეოგრაფიული უპირატესობისა და მყარი ფინანსური სექტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა აქვს, საფონდო ინდუსტრიის რეგიონული ცენტრი გახდეს. შეიძლება გაკეთდეს იმგვარი რამ, რაც ლუქსემბურგმა ორი ათწლეულის წინ გააკეთა – განვითარდეს ბიზნესმეგობრული გარემო ახალი რეგულაციებითა და საგადასახადო რეჟიმებით. ამან შეიძლება საფონდო ინდუსტრია გააფართოოს და მეზობელი ქვეყნები რეგულირებადი ფონდების გასახსნელად მოიზიდოს.
რა ტენდენციით ხასიათდება საინვესტიციო სექტორი მსოფლიოში? რა შეიცვალა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ?
ერთ-ერთი თვალში საცემი ფაქტორი – უძრავი ქონების გაძვირებაა, რაც ბევრი ქვეყნის ბაზარზე შესვლას ართულებს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ახალი ბაზრების ძიება და ახლა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა – პოლონეთია.
Threestones-ს არავითარი ბიზნესურთიერთობა არა აქვს რუსეთთან, მაგრამ რუსეთისთვის დაწესებულმა მკაცრმა ეკონომიკურმა სანქციებმა მოკლევადიან პერიოდში ენერგიის ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც ჩვენი ოპერატორების შემოსავლებზე მოახდინა გავლენა.
ამ ფორსმაჟორული სიტუაციის პროგნოზირება რთული იყო ჩვენი ბიზნესმოდელისთვის და იძულებულნი გავხდით, ახალი სტრესტესტები შემოგვეღო. ამის მიუხედავად, ევროკავშირმა საოცრად კარგად შეძლო პრობლემასთან გამკლავება, რასაც ბევრი შეუძლებლად თვლიდა.
გარკვეული პერიოდი „საქართველოს ბანკშიც“ მუშაობდით – რით განსხვავდება ქართული საბანკო სექტორი ლუქსემბურგულისგან?
ლუქსემბურგი ევროპაში უმსხვილესი ცენტრია საინვესტიციო ფონდებისთვის, აქ არის 3,600-ზე მეტი ფონდი და 120-ზე მეტი საერთაშორისო ბანკი. უმეტეს შემთხვევაში, ისინი მომხმარებელს კლასიკურ საბანკო მომსახურებას სთავაზობენ. განსხვავებით საქართველოსგან, რომლის საბანკო სექტორში გაციფრულების მაღალი სტანდარტია დანერგილი, ლუქსემბურგში ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობა კვლავ ფიზიკურად, დოკუმენტებით გვიწევს.
საქართველოში კომერციული ბანკები, გარდა საბანკო მომსახურებისა, ფლობს სხვადასხვა ბიზნესს, რაც ლუქსემბურგში გამორიცხულია. საქართველოში ბანკების არეალი ბაზრის მონოპოლიზებისა და ახალი მოთამაშეებისთვის ბარიერების შექმნამდე გაფართოვდა. თუ საინვესტიციო ფონდების მოსაზიდად რეგულაციები იქნება მიღებული, ეს კონკურენციასაც გაზრდის და ბანკებიც თავიანთ ძირითად საქმიანობაზე გადაერთვებიან.
რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა?
ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან. ჩვენი კომპანიის ვებგვერდის განახლებისთვის პროფესიონალს საქართველოში ვეძებდით და იმის გამო, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი არაა, პროცესი ძალიან ხანგრძლივი და ჩახლართული იყო. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კი კანონმდებლობები უფრო მეტად ჰარმონიზდა და პროცესი ბევრად უფრო გამარტივდა.
დიდი იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება, რაც ბიზნესისთვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგებისთვის ფინანსებზე წვდომას მოიტანს. საპროცენტო განაკვეთები იქნება კონკურენტული, ეს კი განვითარებისთვის აუცილებელია და უამრავი სარგებელი მოაქვს მთლიანად ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. რაც მთავარია, გაიზრდება დაცულობის ხარისხი და კანონის უზენაესობა.
გადავიდეთ სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ზე, რომელზე მუშაობაც წლების წინ დაიწყეთ. მისი გახსნა ჯერ კიდევ 2017 წელს იგეგმებოდა, თუმცა თარიღი გადაიდო – რატომ შეფერხდა პროცესი და რა ეტაპზეა პროექტი ახლა?
სასტუმროსთვის შენობა 2013 წელს შევიძინეთ, თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გამო პროექტი შეჩერდა. ჩვენს ახალ პარტნიორებთან ერთად მთლიანად დავასრულეთ აღდგენითი სამშენებლო სამუშაოები. ინვესტიცია 80 მილიონ აშშ დოლარამდეა და ვიმედოვნებთ, რომ ობიექტი 2-3 წელიწადში გაიხსნება. ეს შენობა უნიკალურია თავისი ისტორიით, სილამაზით და შევეცდებით, მომხმარებელს საინტერესო პროექტი შევთავაზოთ.
რა გეგმები გაქვთ საქართველოსთან მიმართებით? ხომ არ აპირებთ დაბრუნებას და საქმიანობის აქ გაგრძელებას?
სიმართლე გითხრათ, ახლო მომავალში ამას არ განვიხილავ, რადგან განვითარებისთვის ნაკლები პირობებია. Threestones Capital-ში მიღებული გამოცდილება კარიერულ წინსვლაში ძალიან დამეხმარა და წინ კიდევ ახალი გეგმებია, რაც ჩემთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. თუმცა ვაპირებ, ჩემს ოჯახთან ერთად გავხსნა საინვესტიციო ფონდი, რომელიც ევროპის გარდა საქართველოზეც იქნება ორიენტირებული.
ფოტო: ოქსანა სტარიკოვა
S