ბორელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ბორელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება გამოქვეყნდა. ბორელისა და ევროკომისიის მიმართვა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება. გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, ისევე როგორც მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დოკუმენტირებული შემთხვევების გამოძიებისკენ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა დათქმით, რომ უნდა შესრულდეს კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციით გათვალისწინებული შესაბამისი 9 ნაბიჯი. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას უნდა შეეძლოს ქვეყანაში თავისუფლად მუშაობა. ისინი ასევე შეეხება დეპოლარიზაციის აუცილებლობას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

მიუხედავად ამისა და მიუხედავად დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა, საქართველოს სამთავრობო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ევროკავშირმა არაერთგზის და ნათლად განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი შეუსაბამობაშია ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან. ეს ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როდესაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოს მისწრაფებებს ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

კანონის მიღება, ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე უარყოფითად აისახება. წინსვლის არჩევანი საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი, დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება და გააგრძელოს რეკომენდაციის 9 ნაბიჯით გათვალისწინებული აუცილებელი მოთხოვნების შესრულება.

ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ“.