საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
ეროვნული ბანკის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად შენარჩუნდა.
“საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო იქნება
ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ამ ფონზე, გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. შიდა ეკონომიკური აქტივობაც მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს”, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
დამატებითი რისკების არ რეალიზების შემთხვევაში ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას ფრთხილი ბიჯებით გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის ზრდის რისკები კვლავ გამოიკვეთება, სებ-მა შესაძლოა ახლანდელი მკაცრი პოზიცია შეინარჩუნოს ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.