მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის სტარტაპი Neuralink-ი ტვინის იმპლანტის მეორე პაციენტზე გამოსაცდელად ემზადება. Neuralink-ის მიზანი ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.
შეგახსენებთ, Neuralink-ის ტვინის იმპლანტი ადამიანზე პირველად იანვარში გამოცადეს. მასკის სტარტაპის პროგნოზით, 2024 წელს, საერთო ჯამში, 11 ოპერაცია უნდა ჩატარდეს. ტვინის იმპლანტის მეორე პაციენტისთვის გადანერგვაზე ნებართვა FDA-მ Neuralink-ს მაისში მისცა. ოპერაცია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაინიშნება.
„მომავალში, სავარაუდოდ, კიბერნეტიკული სუპერძალები გვექნება“, – დაწერა მასკმა პლატფორმა X-ზე გუშინ დილას გამოქვეყნებულ პოსტში. მილიარდერის განცხადება მოიცავდა კიდევ რამდენიმე პოსტს, მათ შორის Neuralink-ის სამომავლო პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც აერთიანებს ეპილეფსიის მკურნალობას, დამბლის სრულად განკურნებას და ა.შ.
მასკის გეგმით, Neuralink-ის მოწყობილობის გადანერგვის შემდეგ, თავიანთი აზრების საშუალებით, მომავალში ადამიანები Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის მართვასაც შეძლებენ. მილიარდერის ადრეული დათქმით, Optimus-ი გაყიდვაში მომავალი წლის ბოლოდან უნდა ჩაეშვას და Tesla $25 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიად უნდა აქციოს.
ცნობისთვის, სტარტაპმა მეორე პაციენტზე იმპლანტის გამოცდის უფლება მიიღო, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პირველი პაციენტის ტვინში ჩადგმულმა მცირე ზომის მავთულებმა ადგილმდებარეობა შეიცვალა. თუმცა ამ შედეგისთვის მასკის სტარტაპი მზად იყო, რადგან მსგავსი შემთხვევები ცხოველებზე ტესტირების პროცესშიც დაფიქსირდა. არსებული პრობლემის გადაჭრას Neuralink-ი მოწყობილობის ზოგიერთი მავთულის ტვინში უფრო ღრმად შეყვანით შეეცდება