Deadpool & Wolverine: წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა

Deadpool & Wolverine: წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა

Deadpool-ის რიგით მესამე ფილმმა სალაროებში ახალი რეკორდი დაამყარა, Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს გლობალურმა შემოსავლებმა კი $30 მილიარდს გადააჭარბა. დებიუტის დღეს, ფილმმა, ბილეთების გაყიდვით, მსოფლიო მასშტაბით, $438 მილიონი შეაგროვა და მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა გახდა.

Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს წლის პირველმა ფილმმა, Deadpool & Wolverine-მა, საშინაო პრემიერისას $205 მილიონი გამოიმუშავა. ამ მაჩვენებლით კინოსურათი ისტორიაში მერვე, ხოლო 2024 წელს ყველაზე შემოსავლიან პრემიერად იქცა. შედეგად, რაიან რეინოლდსის მონაწილეობით გადაღებულ რიგით მესამე ფილმის დებიუტი მის წინამორბედებთან შედარებით ყველაზე შემოსავლიანიცაა: Deadpool-ი ($132.4 მილიონი) და Deadpool 2 ($125.5 მილიონი).

Deadpool & Wolverine-ის გამოსვლამდე მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი საშინაო პრემიერა Pixar-ის ანიმაციური ფილმი Inside Out-ის მეორე ნაწილი იყო, $154.2 მილიონით. მას მოჰყვება Dune-ის მეორე ნაწილი – $82.5-მილიონიანი დებიუტით. საინტერესოა, რომ ანალიტიკოსები Deadpool & Wolverine-ის პრემიერას მხოლოდ $160-170-მილიონიან შემოსავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შაბათ-კვირის დებიუტით, Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ისტორიაში Deadpool-ის მესამე ნაწილი Avengers: Endgame-ის შემდეგ ყველაზე შემოსავლიანი პრემიერაც გახდა.