ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ შესაძლოა გიორგი მამარდაშვილი ინგლისის პრემიერ-ლიგაში, კერძოდ „ლივერპულში“ გადავიდეს. შეგახსენებთ, ამჟამად ქართველი მეკარე ესპანურ „ვალენსიაში“ ირიცხება, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ შესაძლო ტრანსფერზე EURO 2024-ის დასრულების შემდეგ ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა. მისი ცნობით, ინგლისურმა გრანდმა ამჟამინდელი პირველი მეკარის, ალისონ ბეკერის სანაცვლოდ, საუდის არაბეთის კლუბებიდან მოცულობითი შეთავაზება მიიღო. როგორც მაშინ Marca წერდა, ალისონის შემცვლელად „ლივერპული“ სწორედ 23 წლის ქართველს განიხილავდა.
რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა ესპანურმა გამოცემა Relevo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლივერპულმა“ უკვე გამართა დისკუსია „ვალენსიასთან“ მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ. მისივე ცნობით, ინგლისელები მზად არიან, ესპანელებს გიორგის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადონ.
თუმცა Relevo იმასაც წერს, რომ ვინაიდან ალისონი ჯერჯერობით „ლივერპულის“ დატოვებას არ გეგმავს და, სავარაუდოდ, მის ღირსებას კიდევ ერთი წლით დაიცავს, ტრანსფერის შემდეგ, შესაძლოა მამარდაშვილი იჯარით პრემიერ-ლიგის სხვა კლუბში გაუშვან. ასეთ კლუბად კი გამოცემა „ბორნმუთს“ ასახელებს.
ცნობისთვის, „ლივერპულის“ გარდა ქართველი მეკარე ისეთ კლუბებთანაც დააკავშირეს, როგორებიცაა მიუნხენის „ბაიერნი“ და მადრიდის „ატლეტიკო“.
შეგახსენებთ, 18 ივლისს Transfermarkt-ის მიერ მონაცემების განახლების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა (ამ სტატუსს პორტუგალიელ დიოგუ კოშტასთან ინაწილებს). ამ დროისთვის მისი საბაზრო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში, „ვალენსიის“ მიერ გიორგი მამარდაშვილის შეძენის პერიოდში, ქართველის საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. შეგახსენებთ, ესპანურმა კლუბმა მამარდაშვილის იჯარის დასრულების შემდეგ „დინამო თბილისისგან“ ფეხბურთელის შესყიდვა გადაწყვიტა და მის სანაცვლოდ სულ რაღაც 850 ათასი ევრო გადაიხადა.
ქართველი მეკარის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მის მიერ EURO 2024-ზე ნაჩვენებ შთამბეჭდავ შედეგებს უკავშირდება. მამარდაშვილმა ტურნირზე ყველაზე მეტი, 29 მოგერიება დააგროვა.