რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე?

რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე?

ფოტო: newunionpost.eu

„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი კვლავ დე ფაქტო შეჩერებულია, ხოლო ევროკომისიის შეფასება, რომ ქვეყანა ფორმალურად ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს, ძალაში რჩება“, — ამის შესახებ ევროკომისიამ 4 ნოემბერს, გაფართოების ყოველწლიური პაკეტის გამოქვეყნებისას განაცხადა.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო კვლავ ვერ ასრულებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ იმ ცხრა ნაბიჯს, რაც წინსვლისთვის აუცილებელია და ამის მიზეზად მმართველი პარტიის პოლიტიკას ასახელებს. ევროკომისია აღნიშნავს, რომ მსგავსი პოლიტიკა ძირგამომთხრელია დემოკრატიული პრინციპებისთვის, კანონის უზენაესობისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამასთან, ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებას.

რა წერია ანგარიშში?

ევროკავშირის მმართველი ორგანო საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ 90-გვერდიან მიმართვაში წერს, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მხრიდან „გამოვლენილი უკუსვლისა და 2023 წელს განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, ევროკომისია ფუნდამენტური საკითხების მიღმა არსებულ მიმართულებებზე ახალ რეკომენდაციებს არ წარმოადგენს“.

ევროკომისიის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ამის მიზეზებად ანგარიშში დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზია, ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად კონცენტრირება, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია სახელდება.

კომისიის განცხადებით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში საქმისწარმოება ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს საფრთხეს უქმნის.

„2025 წლის დეკემბრის ვიზების შეჩერების მექანიზმის (VSM) მე-8 ანგარიშმა აჩვენა, რომ საქართველომ რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა. ევროკომისიის განმეორებითი მოწოდებების მიუხედავად, ქვეყანამ ამ მიმართულებით კიდევ უფრო უკან დაიხია, კონკრეტულად მმართველობისა და კანონის უზენაესობის იმ ძირითადი კრიტერიუმების შესრულების თვალსაზრისით, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საფუძველს წარმოადგენს“, — აღნიშნულია ანგარიშში.

დემოკრატია და პოლიტიკური გარემო

იმავე ანგარიშში ევროკომისია ყურადღებას 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამახვილებს და წერს, რომ არჩევნები ძლიერ პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში გაიმართა, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია საარჩევნო პროცესის კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, ევროკომისია არჩევნებზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ასევე სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების არყოფნაზე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ბოიკოტსა და სხვა ფაქტორებზე მიუთითებს. ასევე გაუქმდა საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა და გენდერული კვოტები, რის შედეგადაც ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა 16.8%-მდე შემცირდა.

ანგარიშში ევროკომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. გაღრმავდა პოლიტიკური პოლარიზაცია და გაუარესდა დემოკრატიული პლურალიზმი. ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშაა, ან ემიგრაციაში, ან პატიმრობაში იმყოფება. კერძოდ, ევროპაში პატიმრობის მაჩვენებლით საქართველო მეოთხე ადგილზეა, ყოველ 100 000 მოსახლეზე 232 პატიმრით.

ამასთან, მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ინსტიტუტებში პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრალიზაცია კვლავ გრძელდება. სახელმწიფო უწყებები კი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზეწოლას ახორციელებენ.

სამოქალაქო საზოგადოება: კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებაზეც და წერს, რომ საქართველოში ორგანიზაციებსა და აქტივისტებს სულ უფრო რეპრესიულ გარემოში უწევთ მუშაობა. ევროკომისიის შეფასებით, აღნიშნული მოქმედებები იძულებითი ხასიათისაა, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პლურალიზმს და შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან.

სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები: ევროკომისიის წლევანდელი შეფასებით, საანგარიშო პერიოდში უკუსვლა შეინიშნება საქართველოს სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებლობის მიმართულებითაც. ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, სასამართლო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა არ განხორციელებულა. ასევე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება კვლავ პრობლემად რჩება.

კორუფციასთან ბრძოლა: 2026 წლის გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოს პროგრესი არც კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით დაუფიქსირებია: „2020 წლიდან ქვეყანას არ გააჩნია ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა… არ შემუშავებულა და განხორციელებულა მიზნობრივი რისკების შეფასებები იმ სექტორებში, რომლებიც კორუფციის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია“.

ამავე პერიოდში საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა, ხოლო მისი პრევენციული ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა. ამ პროცესში არ იქნა გათვალისწინებული კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც ამ ფუნქციების ეფექტიანობასა და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეხებოდა.

დეოლიგარქიზაცია: ნაბიჯები არ გადადგმულა არც დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ანგარიშის თანახმად, ოლიგარქიული გარემო სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისთვის ხელშემწყობ პირობებს ქმნის და დემოკრატიული სისტემის კონსოლიდაციას აფერხებს. შესაბამისად, კომისია საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ, ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებისა და დეოლიგარქიზაციის სისტემური მიდგომის დანერგვისაკენ და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტების შექმნისკენ მოუწოდებს.

დამატებით, ევროკომისია ყურადღებას საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დარღვევის არაერთ ფაქტზე ამახვილებს, მათ შორის ახალი რეპრესიული კანონების შემოღებაზე. ევროკავშირის მმართველი ორგანოს განცხადებით, 2025 წლის ოქტომბერსა და 2026 წლის მარტში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს, გრანტების შესახებ კანონს და სხვა დაკავშირებულ კანონებს შეეხებოდა, მნიშვნელოვნად გააფართოვა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელი შემზღუდავი სამართლებრივი ჩარჩო.

ანგარიშში საუბარია „სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტზეც“ და აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლოში საქმეებს აღძრავს.

ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნებში აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები, მანამდე მიღებულ შეზღუდვებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. დამატებით, კომისია აქციების დროს ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებისა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.

ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ევროკომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • ყველა იმ პირის გათავისუფლებისკენ, რომლებიც თვითნებურად არიან დაკავებული, მათ შორის პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების;
  • იმ კანონების გაუქმებისკენ, რომლებიც ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაშია და ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს;
  • სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის თითოეული შემთხვევის სრულყოფილი გამოძიებისა და დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისკენ.
გამოხატვისა და მედიის თავისუფლება

ევროკომისიის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით საქართველო ზედიზედ უკვე მესამე წელია, უკუსვლით მიდის. კომისია მიუთითებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებებზე, ინტერნეტსივრცეში განხორციელებულ სისტემურ თავდასხმებზე, რომლებსაც, ანგარიშის მიხედვით, პროსამთავრობო მედიასაშუალებებიც აძლიერებენ. ასევე აღნიშნულია, რომ უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებული ფართო შეზღუდვები საფრთხეს უქმნის მედიის პლურალიზმს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი 38%-მდეა შემცირებული. ასევე, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმრავლესობას არ უერთდება და, პირიქით, სანქცირებულთა შორის საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც ირიცხება.

ქართული მხარის გამოხმაურება ევროკომისიის ანგარიშზე

საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ევროკომისიის ანგარიშს გამოხმაურება უკვე მოჰყვა. მათ შორის, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას.

„შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, ევროკომისიის ანგარიში „მწვავე არ არის“, რადგან ის ფაქტებს არ ეფუძნება.

„ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. 0 სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს, იმიტომ, რომ არცერთი ეს შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე. შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს.

ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახდინეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, — განაცხადა კობახიძემ.