"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა ლიეტუვა?

Forbes-WEB-24081308

ლიეტუვაში ერთი მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 28,400 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით 51,600 დოლარს უტოლდება. ქვეყანა სიმდიდრით მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. ის უსწრებს, როგორც ლატვიას და ესტონეთს, ასევე ჩეხეთს, პოლონეთს, პორტუგალიას, საბერძნეთს და სხვა მდიდარ ქვეყნებს. ლიეტუვა ტერიტორიით საქართველოზე პატარა ქვეყანაა, სადაც 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

1940 წელს საბჭოთა კავშირმა ლიეტუვა შეიერთა. სოციალისტურ გაერთიანებაში ჩართული ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდებოდა, თუმცა საბჭოთა კავშირში შემავალ სხვა ქვეყნებთან შედარებით ლიეტუვა (ისევე, როგორც ლატვია და ესტონეთი) უკეთეს მდგომარეობაში იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1992 წლებში ლიეტუვაში ისეთივე რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეკონომიკა დაახლოებით 35%-ით შემცირდა, ინფლაცია 1000%-ზე მეტი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად ლიეტუვა ეკონომიკურად ისევ რუსეთზე იყო დამოკიდებული, განსაკუთრებით ვაჭრობით.

1990 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ლიეტუვას ახალმა მთავრობამ მიზნად საბჭოთა ეკონომიკური სისტემის სრული ნგრევა და საბაზრო ეკონომიკის შენება დაისახა მიზნად. თუმცა, პირველი წლები რთული იყო. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა კერძო საკუთრების გაფართოების გარეშე, ამიტომ ლიეტუვამ მასიური პრივატიზაციის პროცესი დაიწყო.  მთავრობამ მოსახლეობას 3 მილიარდი ევროს ღირებულების საინვესტიციო ვაუჩერები დაურიგა, რომლითაც მოსახლეობას სახელმწიფო ქონების წილის ყიდვა შეეძლო. გაუქმდა სახელმწიფო ბანკები და დარჩა მხოლოდ კერძო ბანკები. დიდი პრივატიზაციის პირველი ეტაპი 1995 წლამდე გაგრძელდა. პრივატიზაციის მეორე ეტაპი 1996-1998 წლებში ჩატარდა, სადაც უკვე ვაუჩერების გარეშეც შესაძლებელი იყო მონაწილეობის მიღება. ეკონომიკაში კერძო სექტორის წილი 80%-მდე გაიზარდა.

1993 წელს ლიეტუვამ საკუთარი ეროვნული ვალუტა – ლიტი შემოიღო. ვალუტის საკითხებს სავალუტო საბჭო აკონტროლებდა, რომელიც ცენტრალური ბანკის ნაწილი იყო. 1994 წელს ლიეტუვამ ლიტის კურსი ამერიკულ დოლართან დააფიქსირა, რაც ინფლაციის შემცირებაში დაეხმარა. მონეტარულმა სტაბილურობამ ლიტის და ლიეტუვას ეკონომიკის მიმართ ნდობა გაზარდა. ფიქსირებული კურსის შენარჩუნებას ქვეყნის ბიუჯეტის დაბალანსება ჭირდებოდა, ამას კი ბიუჯეტიდან სუბსიდიების შემცირება. მთავრობამ მოახერხა ბიუჯეტის დაბალანსება. ერთ წელიწადში, 1996 წელს ინფლაცია უკვე 12%-მდე შემცირდა, ხოლო 1997 წელს უკვე 9%, 1998 წელს კი 3% და მას შემდეგ დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა.

ლიეტუვამ მისი ეკონომიკის განვითარებისთვის დასავლური კურსი აირჩია, საზღვრები გახსნა კონკურენციისთვის და უცხოური ინვესტიციებისთვის. შემცირდა და ზოგ შემთხვევაში გაუქმდა საბაჟო ტარიფები, ექსპორტზე კი ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნა. 1995 წლიდან ლიეტუვაში უცხოურმა ინვესტიციებმა დაიწყო შემოსვლა, რასაც შემოჰყვა ახალი ცოდნა და ტექნოლოგიები. 1996-1998 წლებში ეკონომიკა 25%-ით გაიზარდა.

ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად ლიეტუვამ მოახერხა კანონის უზენაესობის დამყარება და კორუფციის მაქსიმალურად შეზღუდვა.

1999 წელს ლიეტუვა ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, 2004 წელს კი ევროკავშირის წევრი გახდა. გაწევრიანებამდე ევროკავშირი ლიეტუვას რეფორმების გატარებაში და ფინანსურად ეხმარებოდა. ქვეყანამ 2002 წლიდან ლიტის კურსი ევროს მიაბა. 2004 წელს ნატოს წევრიც გახდა.

1990-იანი წლების რეფორმებმა და ევროკავშირის წევრობამ ლიეტუვას სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩაუყარა საფუძველი. 2001-2007 წლებში ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 8%-ით იზრდებოდა. 1998 წელს რუსეთის წილი ლიეტუვას ვაჭრობაში 45% იყო, რაც 2006 წლისთვის 21%-მდე შემცირდა, ევროკავშირის წილი კი 63%-მდე გაიზარდა.

2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ლიეტუვაც დაზარალდა. თუმცა 2010 წლიდან ეკონომიკამ ისევ ზრდა დაიწყო და 2019 წლამდე მისი ეკონომიკა 50%-ით გაიზარდა. 2015 წელს ლიეტუვას ვალუტა ევრო გახდა. კოვიდ პანდემია და უკრაინა-რუსეთის ომი მძიმედ შეეხო ლიეტუვას, თუმცა 2021-2024 წლებში ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა.

ლიეტუვაში დღეს 7 თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, სადაც ინვესტორები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი მომსახურებაზე მოდის, მათ შორის მსხვილი და სწრაფად განვითარებადია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის, სადაც მსხვილი დასავლური კომპანიები არიან შესული.

გააზიარე