საქსტატი: II კვარტალში საშუალო ხელფასი 200 ლარით გაიზარდა

საქსტატი: II კვარტალში საშუალო ხელფასი 200 ლარით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.

წყარო: საქსტატი

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5%-ით);
  • მშენებლობა – 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8%-ით).

ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების – 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 190.7 ლარით (10%) გაიზარდა და 2 105.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.1%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 289.2 ლარი, გაიზარდა 13.6%-ით) სფეროებში ფიქსირდება.

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო ხელფასი 216.7 ლარით (13.5%) გაიზარდა და 1 826.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

წყარო: საქსტატი