ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის კომპანია OpenAI-მ, დაფინანსების ახალ რაუნდში, $6.6 მილიარდი მოიზიდა. შედეგად, ოთხშაბათის განცხადების თანახმად, ამერიკული კომპანიის შეფასებამ $157 მილიარდს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია წლის დასაწყისში არსებულ ღირებულებაზე.
$6.6-მილიარდიანი დაფინანსება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევებს, OpenAI-ის პროდუქტებისა და სერვისების განვითარებასა და კომპანიის გამოთვლითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოხმარდება. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დაფინანსების რაუნდში დაახლოებით $1 მილიარდი შემდეგი კომპანიებისგან მოდიოდა: SoftBank-ი, Thrive-ი, Nvidia და Microsoft-ი.
OpenAI-ის ამჟამინდელი შეფასება თითქმის გაორმაგებულია მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიის ღირებულებასთან შედარებით, რომელიც იმ დროს $80 მილიარდს უტოლდებოდა. The New York Times-ის ინფორმაციით, OpenAI-ის შეფასება თებერვალში $80-მილიარდს მას შემდეგ გაუტოლდა, რაც კომპანიამ თანამშრომლებს მათი აქციების გაყიდვის საშუალება მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ოლტმენი კომპანიის მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გადაქცევის შემდეგ, 7%-იან წილს მიიღებს. ახალი შეფასების შედეგად კი მისი წილი, სავარაუდოდ, 11%-მდე გაიზრდება.
ცნობისთვის, OpenAI-ის ღირებულება გასულ წელთან შედარებით თითქმის გაოთხმაგდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 1,000-დან 1,700 ადამიანამდე გაიზარდა. შემოსავლებისა და შეთავაზებების ზრდასთან ერთად, კომპანიამ მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გადაქცევა გადაწყვიტა. OpenAI-ის პროგნოზით, წელს კომპანია $3.7 მილიარდის შემოსავლის მიღებას ელოდება.