დონალდ ტრამპის სოციალური მედიაპლატფორმის, Truth Social-ის მფლობელი კომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციების ღირებულება, ორშაბათის მდგომარეობით, თითქმის 22%-ით გაიზარდა. აქციების ფასის ზრდის გავლენით, მხოლოდ მიმდინარე თვეში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უკვე $3.8 მილიარდით გამდიდრდა.
სავაჭრო სესიის დახურვისთვის, Trump Media & Technology Group-ის თითო აქციაზე ღირებულებამ $47-ს მიაღწია. ტრამპის კომპანიისთვის ეს მონაცემი, მიმდინარე წლის 31 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, მხოლოდ ორშაბათს, ტრამპის ქონება $900 მილიონით გაიზარდა. Forbes-ის კალკულაციით, კომპანიაში ტრამპის 57%-იანი წილის ღირებულება $5.5 მილიარდს უტოლდება.
ბოლო თვის განმავლობაში, Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასი 200%-ზე მეტითაა გაზრდილი. აქციათა ღირებულების ზრდის გავლენით კი, ტრამპი ამ პერიოდში $3.8 მილიარდით გამდიდრდა. Forbes-ი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ქონებას $7.5 მილიარდად აფასებს.
ანალიტიკოსთა ნაწილი ტრამპის კომპანიის აქციების ღირებულების ზრდას მის პოლიტიკურ მომავალსაც უკავშირებს. FiveThirtyEight-ის საარჩევნო მოდელით, ტრამპს 54%-იანი შანსი აქვს მომდევნო თვეში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხოს. Polymarket-ი ტრამპის გამარჯვების შანსებს 66%-ით აფასებს, როდესაც გასულ თვეში 48%-ით აფასებდა.