23 ოქტომბერს ProductTank Tbilisi-ს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მხარდამჭერი კი Space International იყო.
ბოლო წლების ტენდენციებით საქართველოში აზიის ფინტექ ბაზარზე ინტერესი მკვეთრად გაიზარდა, ღონისძიება კი სწორედ ამ ბაზარზე ფინტექ პროდუქტების შექმნის გამოცდილებებს და გამოწვევებს შეეხებოდა.
გამომსვლელებმა აუდიტორიას საუკეთესო პრაქტიკები და რჩევები გაუზიარეს.
ჩვენი სპიკერები იყვნენ:
ქეთი ჭავჭანიძე – პროდუქტის მფლობელი, Space international. ქეთიმ TBC UZ-თვის PFM პროდუქტის შექმნის გამოცდილებაზე და რეგიონისთვის დამახასიათებელ გამოწვევებზე ისაუბრა.
ქეთის კომენტარი:
“შეუსრულებელი მისია, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა: უზბეკეთი საკმაოდ სწრაფად განვითარებადი ბაზარია, უამრავი თავისებურებით. უნდა გვემართა სხვადასხვა გამოწვევა, მათ შორის როგორიცაა ტექნიკურად არასტაბილური გარემო, სახელმწიფო და გარე სერვისები, რეგიონისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და კულტურული მახასიათებლები, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო ართულებდა. მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა მესაუბრა ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც დაგვეხმარა საბოლოდ უზბეკეთში საქართველოდან PFM-ის პროდუქტის წარმატებით გაშვებაში.”
ქეთევან მეფარიშვილი – აზიის რეგიონული და IT ჰაბის მენეჯერი, TWINO. ქეთევანმა აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება P2P Lending პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელსაც 5 ბაზარზე უძღვება.
ქეთევანის კომენტარი:
“ფინტექ ინდუსტრია ერთ-ერთი სწრაფად მზარდი დარგია ფინანსურ სექტორში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი განვითარებად ქვეყნებში დანერგვა, რადგან იგი ამსხვრევს ტრადიციულ ფინანსურ ტექნოლოგიებს, მიდგომებს, რეგულაციურ ჩარჩოებსა თუ მონაცემთა მოპოვების გზებს. მოხარული ვარ, საშუალება მომეცა გამეზიარებინა ის დაბრკოლებები და სიკეთეები, რაც ფინტექ პროდუქტების დანერგვას ახლავს ევროპისა თუ აზიის ბაზრებზე.”
ProductTank ადგილობრივი ყოველთვიური შეხვედრების გლობალური ქსელია, სადაც ციფრულ პროდუქტებზე მომუშავე პროფესიონალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
ProductTank 2010 წელს ლონდონში დაიწყო და ახლა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 200 ქალაქს აერთიანებს. თბილისში კი ProductTank-ის შეხვედრები 2018 წლიდან ტარდება.
ღონისძიებას ორგანიზება სტარტაპ ბიურომ გაუწია, Space International-თან პარტნიორობით.
2018 წელს დაფუძნებული Space International-ი “თიბისი ჯგუფის” შვილობილი ქართული, ციფრული ფინტექ-პლატფორმაა, რომელიც საქართველოდან უზბეკეთში ტექნოლოგიური და პროფესიონალური სერვისებით ციფრულ ბანკ TBC UZ-ს და გადახდების პლატფორმა Payme-ს ავითარებს.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ GEC Consulting, Loialte, Contractor, Design Institute.