აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ღამეს, ბიტკოინის ფასმა $74,000-ს გადააჭარბა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ბიტკოინის ფასის ზრდაზე გავლენა არჩევნების წინასწარმა შეფასებებმა იქონია, რომლებიც რესპუბლიკელთა კანდიდატ დონალდ ტრამპს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა.
სამშაბათის მდგომარეობით, ბიტკოინის ფასი 8%-ით გაიზარდა და $74,659-ს მიაღწია. ახალი რეკორდის დაფიქსირებიდან მალევე, კრიპტოვალუტის ღირებულება $74,000-მდე დაეცა. ბიტკოინის ფასის ზრდა სხვადასხვა პლატფორმებზე – მათ შორის Polymarket-ზე, Kalshi-სა და PredictI-ზე – გამოკითხვების დასრულებას დაემთხვა.
ტრამპმა, რომელიც თავის თავს „კრიპტოპრეზიდენტად“ მოიხსენიებს, პირობა დადო, რომ მისი პოლიტიკა, ბაიდენთან და ჰარისთან შედარებით, უფრო კრიპტომეგობრული იქნებოდა. კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა არჩევნებამდეც. გასულ კვირას, ბიტკოინის ღირებულებამ $73,000-ს გადააჭარბა, რაც გასული შვიდი თვის მაქსიმუმი იყო.
აშშ-ის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების პროგნოზების გავლენით გაიზარდა Trump Media & Technology Group-ის აქციების ღირებულებაც. სამშაბათის მდგომარეობით, კომპანიის აქციების ფასი ვაჭრობაში 10%-ით, $37.48-მდე გაიზარდა. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერ მასკის ელექტრომობილების ფირმა Tesla-ს აქციების ღირებულებამ კი, 3%-ით, $258.70-მდე მოიმატა.
აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დემოკრატთა რიგებიდან მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაუპირისპირდნენ. ბოლო მონაცემებით, ტრამპმა გამარჯვებისთვის საჭირო, საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა უკვე მოაგროვა. არსებული შედეგებით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, პარალელურად კი, სენატში უმრავლესობა დაიბრუნა რესპუბლიკურმა პარტიამაც.